საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კოოპერატივი „ალაზნისთავი“ განადგურების პირას, 11-დან 7 დამფუძნებელი ემიგრაციაში წავიდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:23 - 27 დეკემბერი 2022 hits 18750

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ალაზნისთავი“, 2015 წელს, ევროკავშირის, ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. კოოპერატივი სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით გამართულ საწარმოში, ოთხი სახეობის ტრადიციული გუდის ყველს ამზადებდა. ფერმა თუშეთში, ნასოფლარ შავწყალაშია, მდინარე ალაზნის სათავეებში. კომპანიას სახელიც აქედან დაერქვა. „ალაზნისთავის“ წარმოებული პროდუქტი მალევე გავიდა ექსპორტზე ისრაელსა და ამერიკაში, ვაკუუმში შეფუთული 100 - 300 გრამიანი ნაჭრებით. ყოველწლიურად 6 - 8 ტონა ყველს ამზადებდნენ და მოცულობის გაზრდას 15 ტონამდე გეგმავდნენ, თუმცა სასამართლოს ერთმა გადაწყვეტილებამ და მას შემდეგ, 32 თვის განმავლობაში გაჭიანურებულმა დავამ, „ალაზნისთავი“ განადგურების პირას მიიყვანა, კოოპერატივის 11 დამფუძნებლიდან 7 ემიგრაციაში წავიდა.

თუში მეცხვარე და „ალაზნისთავის“ სულისჩამდგმელი პაატა აბულიძე ახლა ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში მარტოა დარჩენილი. ოჯახის ყველა წევრი უცხოეთშია წასული - ორივე შვილი, გიორგი და კახა აბულიძეები ამერიკაში, მეუღლე იტალიაში. პაატამ საქონლის ნაწილი გაყიდა და ახლა იმდენს უვლის, რამდენსაც ორ მეცხვარესთან ერთად ახერხებს.

გვიყვება, რომ ანგარიშების დაყადაღების შემდეგ „ალაზნისთავის“ მუშაობა შეფერხდა, იჯარის გადასახადი, თანამშრომლების ხელფასები ვერ გადაიხადეს, რაც შესაძენი ჰქონდათ, ვეღარ იყიდეს და კოოპერატივმა გუდის ყველის წარმოება შეწყვიტა.

„ძირითადად ახალგაზრდები მყავდა შემოკრებილი, ჩემი ორივე ბიჭი, 25 და 26 წლის; დისშვილი თავისი მეუღლით; მეუღლის ბიძაშვილი ქეთევან ბაბულაიძე, რომელიც აგროტურიზმით იყო დაკავებული. ამ მეურნეობაში ყველას თავისი საქმე ჰქონდა. ქეთევანს ტურისტები მოჰყავდა და გუდის ყველის ამოყვანას ვაჩვენებდით. კოოპერატივს პრობლემები რომ შეექმნა, რამდენიმე მალევე წავიდა უცხოეთში. ეს გოგო გაჩერდა. სეზონზე, ორი წელი ომალოში იმუშავა მთარგმნელად, გერმანული ენის სპეციალისტია. დავის განხილვა რომ ძალიან გაჭიანურდა, ადგა და ესეც გერმანიაში წავიდა სამუშაოდ. მამუკა ბელადიძე ირლანდიაში წავიდა, ვიტალი ბელადიძე და ქეთევან ქააძე ესპანეთში“.

კოოპერატივის წინააღმდეგ დაწყებული დავის ავტორი, „ალაზნისთავის“ ერთ-ერთი წევრი დავით მუმლაძეა, ყოფილი მაღალჩინოსანი. მუმლაძე 1991-1997 წლებში მუშაობდა პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად; 2000-2001 წლებში  შემოსავლების მინისტრის პირველ მოადგილედ; 2002-2003 წლებში თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის უფროსად; 2003-2004 წლებში იმერეთის გუბერნატორად; 2004-2008 წლებში იყო პარლამენტის წევრი, 2012-2013 წლებში ელჩი ყაზახეთში. მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედაც.

მუმლაძემ თელავის რაიონულ სასამართლოს 2020 წლის 16 აპრილს მიმართა. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და სარჩელის უზრუნველყოფისთვის კოოპერატივის ანგარიშები დააყადაღა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის დაუსწრებლად მიიღო. პაატა აბულიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესის შესახებ გვიან გაიგეს, იმ პერიოდში ცხვარს შირაქიდან თუშეთში მიერეკებოდნენ. ცხვრის გადარეკვას ბარიდან მთაში, საზაფხულო საძოვრებზე დაახლოებით 2 კვირა სჭირდება. თუშეთის ხეობებში სატელეფონო კავშირი არ არის და მეცხვარეებთან კონტაქტი შეუძლებელია.

დავით მუმლაძე კოოპერატივის 50 %-ის საკუთრებად აღიარებას ითხოვს. „ასეთი იყო შეთანხმება ჩემსა და პაატას შორის - ნახევარი შენია, ნახევარი ჩემი. ჩვენი შეთანხმებისთვის სამართლებრივი სახის მიცემას ვითხოვ, მეტს არაფერს“.

- ბატონო დავით, კოოპერატივს რა საქონელიც ჰყავდა აღრიცხული, ეს ხომ აბულიძეების ოჯახს ეკუთვნოდა. „ალაზნისთავის“ ძირითადი ქონება ხომ ცხვარი და ძროხა იყო. რის 50 %-ს ითხოვთ?

კოოპერატივის საკუთრებაში არის ის შენობა, რომელსაც ეს ავანტიურისტი დღემდე იყენებს, არც ქირაობს. თავდაცვის მინისტრს ვთხოვდი და ვერტმფრენით ავატანინე მიუდგომელ ადგილში სამშენებლო მასალები, რომ ეს ფერმა ამეშენებინა. უნიკალურ ადგილზეა, ჰასპის სტანდარტით გაკეთებული საწარმოა და ჩავდე ჩემი ფულიც.

ჩემი ინტერესი რა იყო, ნახეთ - უკვე გრანტებია დაწყებული, ევროკავშირის გრანტი, რომელზეც, სამწუხაროდ, წვდომა, ასე ვთქვათ „გლეხებს“, არა აქვთ, მეცხვარეებს. მე ამის რესურსი მქონდა, რომ მივსულიყავი და გამეკეთებინა.

თანაც გუდის ყველის, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი, ამაზე დღესაც ვმუშაობ. დათო კირვალიძესთან (სოფლის მეურნეობის მინისტრი 2012-2013 წწ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში 2017-2022 წწ) მივედი, კონცეფცია ჩამოვაყალიბე, დავწერე. ბოლოს მათ გადამამისამართეს. ამ პროგრამის განმახორციელებელი იყო „ელკანა“. მთელი ეს დოკუმენტაცია, მთავრობაში ლობირება... რაღაც საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რომ ვხვდებოდი, მე ყოფილი ელჩი ვარ იმავდროულად, ბოლოს მეუბნებოდა, რა საკითხზე იყავი მოსული, იმაზე თუ გუდაზეო. რატომ? რომ მივდიოდი სხვა თემაზე, გადავდიოდი გუდაზე. მთელი მთავრობა, ლობირება სამინისტროში. ვინ სცნობდა პაატა აბულიძეს?!

ე.ი. თქვენს კონტაქტებსა და გავლენებს, რაც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას დაგიგროვდათ, იყენებდით კერძო ინტერესებისთვის და მთავრობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ ამაში. ანუ, თქვენნაირი პირი თუ არ ჩაერია, „გლეხებისთვის“ ხელმისაწვდომი არ არის ეს გრანტები?

გავლენა არა, გავლენა შეიძლება იყოს, როცა სახელმწიფო სამსახურში ხარ. კონტაქტები. ჩემი რესურსი იყო ფულადი, ინტელექტუალური სამუშაო. პროექტებს ვწერდი, შეხვედრებს ვაკეთებდი, პრეზენტაციებს ვაკეთებდი. „ელკანასთან“ ინტენსიური ურთიერთობა მქონდა. მინდოდა ყველის სახლი გამეკეთებინა. შვედებთან მქონდა ლაპარაკი, იტალიელებს ველაპარაკებოდი, თურქებს.

მე არ მითქვამს, ჩემნაირი პირი თუ არ ჩაერია, სახელმწიფო სერვისებზე წვდომა არ ექნებათ მეთქი. პაატას თავისი ინტელექტით არ ჰქონდა შესაძლებლობა, მისულიყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მისულიყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. პაატა საფრანგეთში გააგზავნიდა პროექტს? ამერიკაში პაატა გააგზავნიდა? დუბაიში გააგზავნიდა ყველს? ამას თუ ვინმე დაიჯერებს, ღმერთმა შეარგოს“.

პაატა აბულიძე „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ყვება, რომ ვიდრე მუმლაძე სარჩელით სასამართლოს მიმართავდა, მას უთხრა - თუ კოოპერატივის ნახევარს არ გადაუფორმებდა, „ალაზნისთავს“ გააკოტრებდა.

აბულიძეს ვკითხეთ, როგორ გახდა მუმლაძე კოოპერატივის წევრი, რა შეთანხმება შედგა მათ შორის „ალაზნისთავის“ დაფუძნებისას. „10 წევრი ვიყავით ჩვენ, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები. „ელკანას“ იურისტმა მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, მე-11 წევრიც თუ გვეყოლებოდა, გადაწყვეტილების მიღებისას ხმები თანაბრად რომ არ გაყოფილიყო.  მუმლაძეს ბავშვობიდან ვიცნობდი. იურიდიულ საკითხეში მოგვეხმარებოდა. მას არანაირი შეხება მეცხვარეობასთან არ ჰქონია. შევიყვანეთ მე-11 კაცად. კოოპერატივმა რომ წარმატებებს მიაღწია, წილის 50 % მოითხოვა, თუ არადა, ხან გვაშანტაჟებდა, ბოლოს დაგვემუქრა, რომ ყველაფერს გააჩერებდა. თავის მოთხოვნას ასაბუთებდა, რომ პროექტების დაფინანსებისას მან ზარი გაუშვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ა.შ.“

თელავის რაიონულ სასამართლოში დავა 32 თვეა რაც დაიწყო. ამჟამად საქმე მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილს აწერია. ოქტომბრის ბოლოს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს მორიგება შესთავაზა. პაატას უნდოდა, სასამართლოსთვის ეთქვა, რომ გაჭიანურებული დავის გამო, კოოპერატივი ნადგურდება, 11-დან 7 დამფუძნებელი იძულებით ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ არაფერი ათქმევინეს.

მომდევნო სხდომაზე, რომელიც ჯერ ჩანიშნული არ არის, მოსამართლე აბულიძეს თუ დაჰკითხავს, პაატა აპირებს, მოჰყვეს, როგორ დაიბარა დავით მუმლაძემ კონსპირაციულ ბინაში, სადაც რამდენიმე უცნობი პირი დაახვედრა და მასზე ზეწოლას ცდილობდა: „ხან შავით, ხან წითლებით, რომ გავლენა მოეხდინა ჩვენზე. სამი უცხო პირი იყო, არცერთს არ ვიცნობ“.

ზეწოლასა და მუქარაზე აბულიძის ნაამბობს მუმლაძე უარყოფს: „ავანტიურისტი აბულიძე რას იტყვის, არ მაინტერესებს. აბულიძეს ვარ შეხვედრილი მთაში, ჩემს შვილთან ერთად, ალვანში სახალხოდ, ჩემთან სახლში ან ჩემთან, ოფისში. იხვეწებოდა, როდესაც ფული უნდოდა, მაგრამ მერე რა იფიქრა იცით პაატამ? 90 % მიწერია მე, რაღად მინდა ეს მუმლაძე, მოდი, ახლა მე დიდ ფულს ვიშოვნი და ამას მოვიშორებ. იჩივლოს სადაც უნდა“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა საქართველოს მოქალაქემ, ქვეყანაში დაბრუნდა 38 526 ადამიანი, საზღვარგარეთ დარჩა 40 825. მიმდინარე წლის მონაცემები საქსტატს ჯერ არ აქვს, თუმცა ემიგრანტების რაოდენობა სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდილი უნდა იყოს.

თუშებით დასახლებული რამდენიმე სოფლიდანაც (ქვემო ალვანი, ზემო ალვანი, ლალისყური, კასრისწყალი) ბოლო რამდენიმე თვეში ათობით თუში ახალგაზრდა წავიდა ემიგრაციაში. რამდენიმე დღის წინ, „მთის ამბებმა“ გიორგი ქარსამაულის შესახებ გიამბოთ - 31 წლის ფერმერი თუშეთის სოფელ ვესტომთაში გამორჩეულ გუდის ყველს ამზადებდა, მის მიერვე შექმნილი დაძველების ტექნოლოგიით. სოფლამდე სამანქანო გზა არ ჰქონდა, არც ახლა აქვთ, სამშენებლო მასალა ცხენებით აზიდა და სახლი საოჯახო სასტუმროდ გადააკეთა. თუშეთის და მეცხვარეების პრობლემებზე ბევრს ხმაურობდა. სოფელში, სადაც დიდი ხანია მუდმივად აღარავის უცხოვრია, აგროტურისტული ცენტრის მოწყობას გეგმავდა, მაგრამ საქართველო 9 თვის წინ, უმცროს ძმასთან ერთად დატოვა. ინტერვიუში გიორგი საქართველოდან წასვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებს - მეცხვარეობის დარგში არსებულ პრობლემებს, ბიუროკრატიას, იმედგაცრუებას და უპერსპექტივობის განცდას. ემიგრაციაში წასვლამდე პოლიციასთან შექმნილ პრობლემებზე არ საუბრობს, თუმცა „მთის ამბებისთვის“ ცნობილია, რომ თუშეთში, სახლში გაუფორმებელი ავტომატი ჩაუდეს. მამას შვილები რომ გადაერჩინა, „დანაშაული“ საკუთარ თავზე აიღო და პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

„ზემო და ქვემო ალვნის ახალგაზრდების თითქმის 50 % უცხოეთშია წასული. ირლანდია, ესპანეთი, ამერიკა, კანადა. ადრე უფრო ქალები მიდიოდნენ, ახლა ახალგაზრდა ბიჭები და დედები თანაბარი რაოდენობით არიან გადახვეწილნი საზღვარგარეთ. გიორგისაც (ქარსამაულს) პრობლემები ჰქონდა ჯერ მთაში იარაღთან დაკავშირებით, მერე ზამთრის საძოვრებზე. ფერმა ჰქონდა და მიმდებარე საძოვრები ისეთ პირებს გადასცეს, საერთოდ შეხება რომ არ ჰქონდათ საქონელთან. იძულებული გახდა წასულიყო უცხოეთში.

არჩილ ელიზბარიძე - პერსპექტიული მეცხვარე. ათასობით ცხვარი შეყარა, მანაც ადგილის და ზამთრის საძოვრების არქონის გამო დატოვა საქართველო. მექსიკის რთული გზის გავლით წავიდა ამერიკაში. მარტო ბოლო სამ თვეში, 30 კაცი მაინც წავიდა ქვემო ალვნიდან მექსიკის გავლით.

რა ქნან? გულზე მოსახვედრია, ახალგაზრდები რომ წავიდნენ. ჩემს ბავშვობაში, 50 მოსწავლე დადიოდა სკოლაში ამ უბნიდან, ახლა 3 ბავშვი დადის. დაიცალა ქვეყანა. ჩემი თაობის ხალხია დარჩენილი. ჩვენ რომ ვეღარ შევძლებთ ამ ჯახირს და მთა-ბარში სიარულს, საერთოდ ამოიკვეთება ცხვარი თუშეთში. თუ ცხვარი არ იქნება, არც ტურიზმს აქვს იქ აზრი და არც არაფერს. თუშეთში თუ ცხვარი არ იქნება, ჩათვალეთ, რომ კუთხე მთლიანად მოკვდება“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში