საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხიდაშელი ამბობს, რომ რაჭის ტყეებში ლიცენზიის და რიყის დოქების 50% წილის გაყიდვა სურს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:39 - 25 ნოემბერი 2022 hits 3440

„მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა იყიდა, იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში. ერთი დაველოდები მსურველებს, რომ ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!“ - რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორის დავით ხიდაშელის ამ განცხადებას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა და მთავრობა მას ვერ იცავს უსაფუძვლო თავდასხმებისგან.

„რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა“, - აცხადებს ხიდაშელი.

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი ხიდაშელს აძლევს უფლებას, დაყოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია და ნაწილი სხვა პირს გადასცეს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საქართველოს ხელისუფლებამ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას 2022 წლის მარტში გადასცა. „მთის ამბებმა“ ინვესტორის ვინაობის გარკვევა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების მოთხოვნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. მანამდე, სამინისტრო ამ ინფორმაციას საგანგებოდ მალავდა.

სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტყის ფონდი, ერთად - ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჯავახეთის, ერუშეთის ეროვნულ პარკებზე ბევრად დიდია. ინვესტორი, უმსხვილესი რუსული კორპორაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარი, დავით ხიდაშელი აღმოჩნდა. „მთის ამბებმა“ გამოარკვია, რომ სწორედ მისი ოჯახი ფლობს აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას - შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“. ამ შპს-ს 100% წილის მესაკუთრე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“, რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული კომპანია Global Victory Investments Limited. ამ კომპანიების საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.

ნახევარი საუკუნით გადაცემული ტყეები მოიცავს რაჭის 79 სოფლის გარშემო მდებარე ტერიტორიებს და ესაზღვრება რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს.

პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის მოკავშირისთვის რაჭის ტყეების მესამედის გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, უარყოფითი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა.

„მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ, საქმეში არსებული მრავალი დარღვევის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და მთავრობის იმ გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც რაჭასა და ქვემო სვანეთში 105 ათასამდე ჰექტარი ტყე დავით ხიდაშელს გადაეცა. ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს რაჭის სოფლების მოსახლეობაც.

ხიდაშელმა ლიცენზიის საფასურის სახით 1,151,832 ლარი გადაიხადა, ჰექტარში 11 ლარი. ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, მან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობა უნდა მოაწყოს და ამ რეგიონში კეთილშობილი ირემი და კავკასიური დომბა დააბრუნოს-გაამრავლოს. ხიდაშელს ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება ევალება.

„ინვესტიციის“ ეს რაოდენობა 7-ჯერ ნაკლებია იმ გრანტთან შედარებით, რასაც საქართველოს რამდენიმე წლის განმავლობაში სთავაზობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები რაჭასა და სვანეთში, დაცული ტერიტორიების დაარსებისა და განვითარებისთვის, მოსახლეობის ეკონომიკური ხელშეწყობისთვის. 12 მილიონი ევროს ოდენობის ევროპულ დახმარებას, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის 5 მლნ ლარიანი „ინვესტიცია“ ამჯობინა.

საზოგადოების აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ 18 ივლისს განაცხადა, რომ ონის მუნიციპალიტეტში, 50 894 ჰექტარზე რაჭის ეროვნულ პარკს ქმნის, ხოლო უწერის, გლოლის, ჭიორას, ღების, პატარა ღების, გონის ტერიტორიაზე, ჯამში 550 ჰექტარზე, რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას. კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია, თუმცა ჯერ მიღებული არ არის. რაჭის დაცული ტერიტორია იმ ადგილებში იქმნება, რომელიც დავით ხიდაშელისთვის არ არის გადაცემული. კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული პარკის საზღვარი უმეტესად მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და მოიცავს რთულად მისადგომ ადგილებს, მწვერვალებსა და უღელტეხილებს.

დავით ხიდაშელის კომპანია შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ ფლობს ქალაქ გურჯაანში მდებარე კურორტ ახტალას, რომლის ფართობიც 16 ჰექტარია. ხიდაშელმა ტალახით სამკურნალო კურორტი 2018 წლის ივნისში, აუქციონზე 3 760 000 ლარად იყიდა და ვალდებულება აიღო, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 წელში (2022 წლის აგვისტოს ჩათვლით), კურორტ ახტალაზე არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი აეშენებინა, ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებით, რესტორნებით, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრებით. ინვესტორს კონტრაქტით ევალებოდა ეზოს გამწვანება, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის შექმნა, კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება. შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას“ სულ მცირე 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, ფუნქციონირების დაწყებიდან ერთ თვეში კი, ამავე კომპლექსში, არანაკლებ 50 ადამიანი დაესაქმებინა, სულ მცირე, 2 წლით.

დავით ხიდაშელის კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებებიდან არაფერი შეასრულა. 2021 წლის ზაფხულში, კომპანიამ კორონავირუსის პანდემიაზე მითითებით, საქართველოს მთავრობას მიმართა და დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულებების შესასრულებლად ვადის გახანგრძლივება ითხოვა, 2024 წლის გაზაფხულამდე. მთავრობამ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ხიდაშელის კომპანიას ამ დრომდე ისევ არაფერი გაუკეთებია. რამდენიმე თვის წინ კურორტის შესასვლელში მხოლოდ აბრა დადგეს, სადაც იმ სასტუმროს ფოტოა გაკრული, რომელიც უნდა ააშენოს.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში