საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს - ღარიბაშვილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:58 - 30 აპრილი 2022 hits 4820

„თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის, ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში.

მისი თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ყოფილ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიდინარეობს, რომლის შედეგებიც მალე გახდება ცნობილი.

„მცირე, საშუალო და დიდი ჰესებიც უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვე გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ. მე საჯაროდ გამოვხატე ჩემი პოზიცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით, იქ რაღაც კითხვები არსებობდა. ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან და ამის შედეგებს ძალიან მალ გაცნობებთ. რაც შეეხება ზოგადად ჩემს პოზიციას - ჩვენ განვიხილავთ, რომ

ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს. მე უკვე დავალება მაქვს მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის.

მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ამ გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ენერგეტიკის განვითარება და გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას. ახლა პირიქით არის - გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. მაგალითად, ჩვენ გვქონდა 14,4  ეკონომიკური ზრდა, პირველ კვარტალში. ამიტომ, თუ არ დავაწიეთ, ჩვენ წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს, რომ მაქსიმალურად გონივრულად, რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეები, ანუ ჰიდრორესურსები.

მე კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და ვეხმარებით, მაგრამ ისეთი ჰესი, როგორიც არის ენგური, ეს ჰესი რომ არ იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას იზიარებს ჩვენი ეკონომიკური გუნდი. ვმუშაობთ და ძალიან მალე წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ შპს „ენკა რინიუებლზმა“ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა და საქართველოს მთავრობასთან 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. „ენკა რინიუებლზის“ 90%-იანი წილის მფლობელი თურქული კომპანია Enka İnşaat-ის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა განაპირობა საქართველოს მთავრობის დეფოლტმა და ფორს მაჟორმა. კომპანიამ 40 389 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება ჩამოწერა და რიონის ხეობა დატოვა. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც თავის წინააღმდეგობას მოსალოდნელი საფრთხეებით და მთავრობასა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების კაბალური პირობებით ხსნიდა.

ნენსკრაჰესისა და ხუდონჰესის სახელმწიფოს მონაწილეობით მშენებლობის შესახებ, ღარიბაშვილმა განცხადება ერთი წლის წინაც გააკეთა.

650 მეგავატიანი ხუდონჰესის აშენება ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშშია დაგეგმილი. პროექტი მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერებულია. ხუდონჰესი 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლისა და 528 ჰექტარზე წყალსაცავის მშენებლობას ითვალისწინებს. აშენების შემთხვევაში, ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება 1300 მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ.

280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობაც ზემო სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე იგეგმება. 2020 წელს გამოქვეყნდა პროექტის დამფინანსებლების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესაბამისი ორგანოების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია. ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ნენსკრა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, რის გამოც პროექტი გაჩერებულია.

 

ამ თემაზე:

რუსეთი საქართველოს ენერგეტიკაში და ახალი ჰესები „ინტერ რაოს“ საფარქვეშ

რა მიზნით იქმნება მითი სვანების სეპარატისტობის შესახებ

იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი და გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში