საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ითხვისის უბედურება - როგორ არიდებს სახელმწიფო „ჯორჯიან მანგანეზს“ პასუხისმგებლობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:00 - 04 მაისი 2022 hits 9925
ითხვისი, 2022 წლის აპრილი
ახალი ამბები
ითხვისი, 2022 წლის აპრილი

ამ მასშტაბის უბედურება, რაც ჭიათურის სოფელ ითხვისშია, წაბლანის და ხახიეთის ტრაგედიებს გაგახსენებთ. 1989 წლის 19 აპრილს, ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში, ერთ-ერთი ხეობა მეწყერმა მთლიანად დამარხა და 23 ადამიანი იმსხვერპლა. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 29 აპრილს, კავკასიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრი საჩხერის რაიონის სოფელ ხახიეთში იყო. სოფელი წამებში გაქრა. 42-ვე ადამიანი დაიღუპა.

საბედნიეროდ, ითხვისში მსხვერპლი არ გვაქვს. მარტის ბოლოს, მიწამ ჩაქცევა რომ დაიწყო და სოფელში ნაპრალები გაჩნდა, მეგრელიშვილებისა და გოგატიშვილების უბანში მცხოვრებმა ოჯახებმა თავი ნათესავებს შეაფარეს. დღისით სოფელში ბრუნდებოდნენ და უყურებდნენ, მათ სახლებს, წლები რომ შეალიეს მშენებლობასა და კეთილმოწყობას, მიწა როგორ ყლაპავდა. ორ-სამ დღეში, გიორგი მეგრელიშვილის ორსართულიანი სახლი მთლიანად ჩაიტანა და დამარხა, 6 სახლი დაანგრია, 20-მდე სახლს მიწა გამოაცალა და ააყირავა. ნაკვეთები, სადაც მოსავალი მოჰყავდათ, ერთმანეთს მოწყდა, ჩავარდა და მავთულებით გაბმული ღობეები ჰაერშია გაკიდული. ყველგან ნაპრალია - სიღრმე 12-15 მეტრს აღემატება. ყოველდღე ღრმავდება და სოფლის ეს ნაწილი მიწაში ჩააქვს.

ჭიათურის მერიამ 26 ოჯახი ქირით გაიყვანა და ქალაქში, კორპუსებში დააბინავა. ვისაც პირუტყვი ჰყავთ და თავს ამით ირჩენენ, ითხვისში ყოველ დილით ბრუნდებიან, საქონელს უვლიან და გვიან საღამოს ისევ ჭიათურაში, ნაქირავებ ბინაში ჩადიან. მგზავრობაში 3 ლარის გადახდა უწევთ. ითხვისის ამ უბანში ცხოვრება აღარ შეიძლება, საშიშია, მაგრამ თუ არ წვიმს, ზოგჯერ მაინც ბედავენ და ღამით იქვე რჩებიან, ჯერ კიდევ გადარჩენილ სათავსოში ან მეზობლის დაცლილ სახლში. არ იციან, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი იმის გარკვევა, რამ გამოიწვია ითხვისში განვითარებული პროცესები? ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის, გივი მოდებაძის თქმით, დაზარალებული ოჯახების განსახლებაზე ზრუნვა სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა: „სამინისტროს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ითხვისში, შეხვდნენ მოსახლეობას, დაიწყეს შემოწმება და აღწერა შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად, ეს იქნება სახლის შეძენა, ფინანსური დახმარება თუ რა ღონისძიებაც დაგვჭირდება“. მერს საერთოდ არ უხსენებია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა, რომელიც, შესაძლოა, ითხვისის უბედურების მთავარი მიზეზი იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი განსახლებას ექვემდებარება გეოლოგიური პროცესების გამო, როგორიცაა მეწყერი, ზვავსაშიშროება, ჯდენადი გრუნტი, ქვათაცვენა, ღვარცოფი, მდინარეების მიერ ნაპირების გამორეცხვა და ა.შ, დაზარალებულ ოჯახებს, საცხოვრებელ სახლებს, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შეუსყიდის. ამ საკითხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის 779-ე ბრძანება არეგულირებს.

დოკუმენტის მიხედვით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იღებს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოჯახს ერთთვიანი ვადა ეძლევა, რათა შესასყიდი სახლი თვითონ შეარჩიოს და ინფორმაცია სააგენტოს წარუდგინოს. სააგენტო სახლში მაქსიმუმ 30 ათას ლარს იხდის. დანარჩენი მყიდველმა თვითონ უნდა დაფაროს.

თუ მტკიცებულებებით, მაგალითად, გეოლოგიური ან სხვა ექსპერტული დასკვნით თუ დადასტურდება, რომ ითხვისში „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის გამო დაზარალდნენ, ასეთ დროს, დაზარალებულს უფლება აქვს ზიანის სრული ანაზღაურება კომპანიას მოსთხოვოს, უარის შემთხვევაში კი, სასამართლოში იდავოს. ის სახლები, რაც ითხვისში უკვე მთლიანად დაინგრა და ისიც, რაც ახლა ინგრევა, ორი-სამი სახლის გამოკლებით, 30 ათას ლარზე ბევრად მეტი ღირს. სახლების გარდა დაზარალებულები ნაკვეთების, ხეხილის ბაღების გარეშე დარჩნენ ან რჩებიან და საცხოვრებლის შეცვლაც იძულებით უხდებათ.

 

რა დაწერეს გეოლოგიურ დასკვნაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, მაისურაძე, დოღოზაშვილი და ჭოტაშვილი, ითხვისში, უკიდურესად გართულებული პროცესების შესასწავლად, 31 მარტს და 1-ელ აპრილს იმყოფებოდნენ.

„მთის ამბებმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოდან, გეოლოგიური დასკვნა 14 აპრილს, წერილობით გამოითხოვა. დოკუმენტი ორივე უწყებამ დაგვიმალა.

დასკვნა მაინც მოვიპოვეთ. გამართლდა ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სახელმწიფო „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდეს.

„წინამდებარე დასკვნა მომზადებულია როგორც ვიზუალური საველე კვლევების, ასევე, საფონდო ისტორიული მასალებისა და საექსპერტო ცოდნის განზოგადების საფუძველზე. დადგინდა შემდეგი:

საკვლევი ტერიტორია მდებარეობს იმერეთის პლატოზე, დანაწევრებულია მცირეწყლიანი და მშრალი ხევებით. წარმოქმნილია რკალისებული, ძველმეწყრული სხეული მისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმითა და მეწყრული უბნებით.

2022 წლის მარტის თვეში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრალური გზის ზედა მხარეს ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა გააქტიურებას და ერთ-ერთ უბანზე როფისებურ ჩაქცევას, სადაც წარმოიქმნა 12-15 მეტრი სიმაღლის ნაპრალი, რომლის მიმდებარედ გიორგი მეგრელიშვილის კუთვნილი ორსართულიანი, კაპიტალური სახლი მთლიანად ჩაიმარხა. მეწყრული პროცესები ამჟამად აქტიურ დინამიკაშია, რის შედეგადაც მთლიანად დეფორმირებული და ჩავარდნილია სახლების გარკვეული რაოდენობა.

გოგატიშვილებისა და მეგრელიშვილების უბანში შექმნილი უკიდურესად რთული ვითარების გამომწვევი მიზეზები, დიდი ალბათობით, შემდეგია:

  1. საკვლევ ტერიტორიაზე, გასულ პერიოდებში, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში განხორციელებული მიწისქვეშა სამთომოპოვებითი სამუშაოები და შემდგომ ეტაპებზე მაღაროებსა და შტოლნებში ჭერის მუდმივი ჯდენის პროცესი, რომელიც ბოლო პერიოდში რელიეფში აისახა ცალკეული როფისებური ჩაქცევებისა და სხვადასხვა ტიპის დეფორმაციის სახით.
  2. საკვლევი ტერიტორიის რთული გეოლოგიური პირობები, ამგები ნაირსახეობა, მათი გამოფიტვისა და დანაპრალიანების მაღალი ხარისხი.
  3. გასულ თვეებში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები;
  4. რეგიონში ბოლო პერიოდებში გახშირებული სეისმური ბიძგები - მიწისძვრები.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დასკვნა ძირითადად მომზადებულია ვიზუალური კვლევით. შესაბამისად, ჩატარებული კვლევა საკმარისი არ არის სრულყოფილი სურათის მისაღებად და საჭიროდ მიგვაჩნია, უწყებათაშორისი კომისიის გადაუდებლად შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი დარგის სპეციალისტებით - სამთოელი, გეოლოგი, მარკშეიდერი, გეოფიზიკოსი, კონსტრუქტორი და ა.შ. სწორედ აღნიშნულ კომისიას ექნება შესაძლებლობა სრულყოფილად შეაფასოს როგორც პროცესების გამომწვევი მიზეზ-ფაქტორები, ასევე, რაც ყველაზე მთავარია გოგატიშვილებისა და მეგრელიშვილების უბანში მცხოვრები მოქალაქეების, დაახლოებით 90 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დეფორმაციის ხარისხი, მათი საშიშროების რისკის დადგენის მიზნით. გარემოს ეროვნული სააგენტო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოყოს წარმომადგენელი როგორც მონიტორინგის ჯგუფში პერიოდული მონაწილეობის მისაღებად, ასევე, უწყებათაშორის კომისიაში სამუშაოდ“, - დასკვნას ხელს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ქურციკიძე აწერს.

სახელმწიფო უწყების პირველადი დასკვნა იმეორებს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ 31 მარტს გავრცელებული განცხადების შინაარსს: „ითხვისში გეოლოგიური პროცესები 2000-იან წლებშიც განვითარდა. სწორედ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანიას საერთოდ არ უწარმოებია მადნის მოპოვებითი სამუშაოები. მოცემული პრობლემატიკა, შესაძლოა გამოწვეული იყოს, ძველი, 80-90 იან წლებში წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოებით, რასაც თან ახლდა სხვა გეოლოგიური პროცესები, რაც დამატებითი შესწავლის საგანია“.

იმავე განცხადებაში „ჯორჯიან მანგანეზი“ ხაზს უსვამს, რომ „კომპანია აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა შესაბამის ორგანოსთან დახმარების ფორმისა და სახის შერჩევაში. „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველთვის ძლიერი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებს და მხარში უდგას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს სოციალური პრობლემების გადაჭრაში“.

გეოლოგიური დასკვნა ითხვისში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე

 

ფაქტები, რომლებიც გეოლოგიურ დასკვნას საეჭვოს ხდის

ითხვისში, გზის პირას წაქცეული ბოლო სახლი 72 წლის ინვერ მახათაძეს ეკუთვნოდა. მოხუცს მაღაროში მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს. სამსახურიდან 7 წლის წინ, მას შემდეგ წამოვიდა, რაც პენსიონერი გახდა. მაღაროში მუშაობს მისი შვილი, 40 წლის გიორგი მახათაძეც. ორივე დარწმუნებულია, რომ ითხვისის უბედურების მიზეზი მანგანუმის მოპოვებაა.

„მაღარო ამ სოფლის ქვეშ გადის. ჩემზე კარგად ვინ იცის ეგ? შიგ ვმუშაობდი. გვირაბგამყვანი ვიყავი. კომუნისტებმა რაც დატოვეს, ფეხებს ვეძახით ჩვენ, რაზეც სოფელი იდგა და არ უნდა ჩავარდნილიყო, ამათ ისიც გამოაცალეს და რამდენ ხანს გაჩერდებოდა ის სიცარიელე?

ჩაინგრა და ჩაიტანა სოფელიც“, - ინვერი მახათაძემ დაგვიდასტურა ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციაც, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“, წინა წლებში მათ ოჯახს კომპენსაცია ორჯერ გადაუხადა.

მახათაძეების საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300-400 მეტრშია მიწის ნაკვეთი, სადაც რამდენიმე ადგილას მცირე ზომის ნაპრალები 14 წლის წინ გაჩნდა: „მეც მაღაროში ვმუშაობდი, ჩემი შვილიც და ხომ ვერ მოგვატყუებდნენ. 2009 წელს, ნაკვეთი რომ გაფუჭდა, ადგნენ და კვადრატულ მეტრზე 1.5 ლარის ოდენობით კომპენსაცია მოგვცეს. სიმინდის მოსაყვანად მაინც ვიყენებდით. აქ ვინც ვცხოვრობთ, ყველამ ვიცით, რომ სოფლის ქვეშ მაღაროა და პერიოდულად სახლები დაიბზარებოდა, მაგრამ ასეთ უბედურებას არ ველოდით“.

2019 წელს მახათაძეების სახლი დაიბზარა. ის ყველაზე ახლოს იდგა იმ მთასთან, რომელიც შუაზე გაიყო და ნახევარი მიწაშია ჩავარდნილი. „ჯორჯიან მანგანეზმა“ ოჯახს მცირე კომპენსაცია მაშინაც გადაუხადა.

ითხვისელია იმედა მახათაძეც. „ჯორჯიან მანგანეზში“ ამფეთქებლად მუშაობს. ვიდეოკამერის მიღმა ისიც გვიდასტურებს, რომ ითხვისის ნგრევა მაღაროს მუშაობის შედეგია: „ეს იყო კომუნისტების დროს დამუშავებული, მაგრამ დატოვეს 50 მეტრიანი ფეხები, რაზეც სოფელი უნდა დამდგარიყო. იმ დანაყოფებში არიან ახლა შემოსულები და გამოცლილია მთლიანად. იმ ფეხებს ეკავა სოფლები, პირველად 2013-2014 წლებში გამოაცალეს“.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში 2007 წლიდან ოპერირებს - უმსხვილესი მადანმომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, 16 430 ჰექტარზე წიაღის მოპოვების 40 წლიან ლიცენზიას ფლობს. „ჯორჯიან მანგანეზი“ და მისი კონტრაქტორები პირდაპირ საცხოვრებელ უბნებში არიან „შეჭრილები“. გადათხრილია სახლების ეზოები, ნაკვეთები, ტყის ნაწილი, გზები - ყველაფერი, სადაც მანგანუმის არსებობას ვარაუდობენ. 416 მილიონ ლარად შეფასებული ზიანის გამო, რომელიც კომპანიამ გარემოს 2017 წლამდე მიაყენა, „ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფომ სპეციალური მმართველი შეიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მან პრობლემები ვერ მოაგვარა, მეტიც, არაერთი მიმართულებით ვითარება გაუარესდა კიდეც, 2020 წელს სამწლიანი ვადა კიდევ გაუგრძელეს.

ითხვისში იშვიათია ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც მაღაროში არ მუშაობს. მაღაროა მათი შემოსავლის მათავარი წყარო. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მარტის მონაცემებით, ჭიათურის რაიონში მოსახლეობის მესამედზე მეტი, 35.5 % (14 141 ადამიანი) ღატაკებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას იღებს. მძიმე სოციალური პირობები და მაღაროზე დამოკიდებულებაა თმენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც. ისიც აფერხებთ, რომ კრიტიკული კომენტარებით ხელისუფლების წარმომადგენლები არ გააღიზიანონ. ელიან, სახელმწიფო მათთვის რას გაიმეტებს. აპრილის დასაწყისში, სოფელში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი, იურისტი ზაალ გორგიძე იყო ჩასული, დაზარალებული ოჯახები კარდაკარ მოიარა, კონტაქტებიც დაუტოვა, თუ გადაწყვეტდნენ, რომ დახმარება სჭირდებოდათ. ადვოკატისთვის არავის მიუმართავს. არც მტკიცებულებებს აგროვებენ, რომ ითხვისის უბედურება „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკავშირდება, არც ალტერნატიულ ექსპერტიზას ატარებს ვინმე, ამასობაში, სახელმწიფო უწყებები საეჭვო და მცდარი მასალების გამოყენებით დოკუმენტებს ადგენენ.

რაზე დაყრდნობით აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო გეოლოგიურ დასკვნაში, რომ ითხვისში გეოდინამიკური პროცესები რეგიონში ბოლო პერიოდში გახშირებულმა მიწისძვრებმა გაამწვავა. დასკვნაში არ არის მითითებული, კონკრეტულად ვის მონაცემებს იყენებენ. სააგენტოს მივმართეთ, მაგრამ განმარტება ვერ მივიღეთ. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, თეა გოდოლაძესთან დავაზუსტეთ, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს იმერეთის რეგიონში მიწისძვრების შესახებ მათგან ინფორმაცია არ გაუთხოვია. ცენტრის დირექტორის მტკიცებით, ბოლო პერიოდში იმერეთში ისეთი სიმძლავრის მიწისძვრაც არ მომხდარა, რასაც ითხვისში ასეთი პროცესების გამოწვევა შეეძლო.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 19 აპრილს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, „მთის ამბებს“ 14 აპრილის წერილის პასუხად, აცნობა, რომ სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ადგილზე შეისწავლა სოფელ ითხვისში არსებული მდგომარეობა. სპეციალისტების მიერ გეოდინამიკური პროცესების შესახებ მომზადდა წინასწარი შეფასება, რომლის საფუძველზე შედგენილი იქნა შესაბამისის დასკვნა. აღნიშნული დოკუმენტი შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და სხვა სახელმწიფო უწყებებს. რაც შეეხება დეტალურ (სიღრმისეულ) შეფასებას, არსებულ მდომარეობასთან დაკავშირებით იქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებით. მოხდება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რის შედეგადაც მომზადდება კომისიის საბოლოო დასკვნა.

მიუხედავად იმისა, რომ „მთის ამბები“ სააგენტოსგან პირველადი გეოლოგიური დასკვნის მოწოდებას ითხოვდა, უწყებამ დოკუმენტი მაინც არ მოგვაწოდა. „მთის ამბები“ საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს კიდევ ერთი ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს.


„მთის ამბები“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.

 

ნახეთ:

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

„მუნჯი ქალაქი“ - ჭიათურა „ჯორჯიან მანგანეზის“ ტყვეობაში

შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიები რეციდივისტის ხელშია

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში