საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ მივატოვეთ ჰერეთელი ქართველები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:31 - 25 თებერვალი 2022 hits 13204
ფოტო: Thomas Alboth
ახალი ამბები
ფოტო: Thomas Alboth

აქვე, ყურის ძირში არიან. თბილისიდან კახამდე ავტომობილით სამი საათის სავალია, მაგრამ ორ წელზე მეტია ემზარ სუყაშვილსა და ლიდა როსტიაშვილს შვილები არ უნახავთ. ჰერეთთან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა, რომელიც ლაგოდეხზე გადის, აზერბაიჯანის ხელისუფლებას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით, მგზავრებისთვის, ამ დრომდე დაკეტილი აქვს. საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანში ჩვენი საელჩო არაფერს აკეთებენ საზღვარს იქით მცხოვრები 10 ათასზე მეტი ქართველის დასახმარებლად.

რამდენიმე დღის წინ, მოახერხეს და სატვირთო ავტომობილის მძღოლს, მშობლებმა, ჰერეთიდან, ცოტაოდენი ბოსტნეული, ტკბილეული და რძის ნაწარმი გამოატანეს მონატრებული შვილებისთვის გადასაცემად. ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსმა გიორგი ლომიძემ მძღოლს ჩანთები ხევში გადააყრევინა - „კანონმდებლობით, არ შეიძლებოდა ეს ნივთები ერთი პიროვნების ყოფილიყო“. ქართული საბაჟოს უფროსის ამ ქმედებას, თბილისში მყოფი ჰერეთელი ქართველების პროტესტი მოჰყვა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2009 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერით, 9900 ქართველი ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით, მათი რაოდენობა 15 ათასს აღემატება. ქართველები, ძირითადად, კახის, ზაქათალისა და ბელექნის რაიონებში ცხოვრობენ - ჰერეთის ტერიტორიაზე, რომელიც 1921 წელს, იოსებ სტალინმა და სერგო ორჯონიკიძემ საქართველოს ჩამოაჭრეს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანეს. ამ რეგიონს საინგილოსაც უწოდებენ - ტერმინი XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამუსლიმანებულ ქართველს ინგილოს ეძახიან. აზერბაიჯანის ხელისუფლება ჰერეთში მცხოვრებ ქართველებს სხვადასხვა გზით აიძულებდა სარწმუნოების შეცვლას, ქართულ გვარებზე უარის თქმას, აზერბაიჯანულ ენაზე საუბარს. ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევასაც კი უშლიდნენ. წირვა-ლოცვა დღემდე აკრძალულია ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ტაძარს მომლოცველებისთვის წელიწადში მხოლოდ ორჯერ ხსნიან, 6 მაისს და 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულისთვის. ასეთი შევიწროვების შედეგად, ბელექანში ქართველებით დასახლებული ერთი სოფელიღა დარჩა - ითითალა, ზაქათალაში - ალიაბადი და მოსული, კახში - ქალაქი კახი, სოფლები - ქოთოქლო, ალიბეგლო, მეშაბაში, ალათემური, ყარამეშა და ხარაბთალა.

კახის, ზაქათალისა და ბელექნის რაიონებში 7 ქართული სკოლაღა ფუნქციონირებს. 1990 წლამდე მხოლოდ სოფელ ალიაბადში იყო ოთხი ქართულენოვანი საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჰერეთელი ქართველები უმაღლეს განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში იღებენ. ჩვენი განათლების სამინისტრო მათ სწავლის ღირებულებას, წლიურად 2250 ლარით უფინანსებს.

ემზარ სუყაშვილისა და ლიდა როსტიაშვილის შვილებიც, ლუკა და ცოტნე ასე მოხვდნენ თბილისში. ლუკა საბანკო საქმის სპეციალისტია, წიგნების მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ მუშაობს, ცოტნე კომპიუტერული მომსახურების ოფისში. ორივე აზერბაიჯანის მოქალაქეა და ქართული კანონმდებლობით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ, თუმცა 2 წელზე მეტია ლუკა და ცოტნე საქართველოდან არ გასულან.

ამ გასაჭირში რამდენიმე ასეული ჰერეთელი ქართველია, განსაკუთრებით სტუდენტები და ის ახალგაზრდები, ვინც თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში, კერძო კომპანიებში ან დღიურ სამუშაოებზე დასაქმდნენ. ჯერ კიდევ 4 წლის წინ ითხოვდნენ, რომ მათთვის ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭებინათ, რადგან საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო, საჯარო სამსახურებში მუშაობის უფლებაც არ აქვთ. ჰერეთელი ქართველების პეტიციის განხილვაზე მთავრობამ მაშინ უარი თქვა.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალდებულებს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელები აღმოაჩინოს და ქვეყანა დაატოვებინოს. საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში - პირი 180 ლარით ჯარიმდება, ხოლო 3 თვეზე მეტი პერიოდის შემთხვევაში – 360 ლარის ოდენობით.

ახლა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმოსვლის ორი გზა არსებობს: საჰაერო - თბილისი-ბაქოს მიმართულებით, თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულება 350-400 ლარია, თუ ბილეთს რამდენიმე კვირით ადრე შეიძენთ. მალევე თუ გჭირდებათ გაფრენა, მაგალითად, 15 მარტს თუ შეუკვეთავთ ავიაბილეთს 20 მარტისთვის, ყველაზე იაფი 500 ლარი ღირს. ამას ემატება ბაქოდან კახამდე ავტომობილით მგზავრობის 60-70 ლარი. თბილისიდან ჰერეთში წასვლა და უკან დაბრუნება, სულ მცირე 800 – 1000 ლარი ჯდება, არადა, ლაგოდეხის გავლით, კახი-თბილისის მიკროავტობუსი ყოველდღიურად მოძრაობდა, მგზავრობის დრო 3 საათია, ღირებულება კი 12 ლარი. ორივე გზა 24 ლარი ღირდა. „ერთ დღეში ვახერხებდით ჩასვლას თბილისში და უკან დაბრუნებას“, - ემზარ სუყაშვილის თქმით, ლაგოდეხის გავლით ჰერეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი მოკლე გზა მათთვის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამკურნალოდ ქართულ სამედიცინო ცენტრებს მიმართავდნენ. მართალია, ჰერეთელი ქართველები, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს, ასეთი კი ძალიან ბევრია, ვერანარი შეღავათით ვერ სარგებლობენ, ვერც გადაუდებელი შემთხვევებისას, მაგრამ კახის, ზაქათალისა და ბელექნის რაიონებში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების არქონის გამო, მაინც აქ არჩევდნენ წამოსვლას (სპეციალური სამედიცინო პროგრამა, რომელიც საქართველოს კლინიკებში ჰერეთელი ქართველებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და მშობიარობის დაფინანსებას ითვალისწინებდა, 2004 წლიდან აღარ მოქმედებს).

ფრენის გარდა, საქართველოდან აზერბაიჯანში და პირიქით, გადაადგილება საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდიდან“ არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოს წინასწარ მიწერონ და ქვეყანაში შესვლაზე თანხმობა მიიღონ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, საელჩო ამგვარ ნებართვას მოთხოვნიდან ერთ კვირაში, 10 დღეში, ერთ ან ორ თვეში იძლევა.

კახში არაერთ ისეთ შემთხვევას იხსენებენ, როცა ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში სასწავლებლად წასული შვილები, ჰერეთში გარდაცვლილი ოჯახის წევრების დაკრძალვასაც კი ვერ დაესწრნენ.

„წერილიც კი მივწერეთ აზერბაიჯანის საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ეს სიები გაეუქმებინათ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ჰერეთის ქართველების კავშირი თბილისთან ყოველდღიური იყო. ჩვენი შვილები თბილისში ცხოვრობენ. 2000-ზე მეტი ჰერეთელი ქართველია თბილისსა და რუსთავში, მცირე ნაწილი ლაგოდეხშიც. გასულ წელს აბიტურიენტების უმრავლესობამაც თვითმფრინავით ისარგებლა. აბა, რა უნდა ექნათ მშობლებს. ბოლო კაპიკები გაიღეს, რომ ბავშვებისთვის უმაღლესი განათლების საშუალება მიეცათ. ახლა აზერბაიჯანშიც შემსუბუქდა შეზღუდვები, თითქმის მოიხსნა, მაგრამ ლაგოდეხის გავლით საზღვარი მაინც ჩაკეტილი რჩება. არც ის ვიცით, როდის გახსნიან.

აქედან, ამ გზით, თბილისში 3 საათში შემიძლია ვიყო, წავიდე, წამოვიდე და ამისთვის მხოლოდ 25 ლარი მჭირდება, ბაქოს გავლით კი დღენახევარზე და 800 ლარზე მეტი.

ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობს აქ ხალხი - მეცხოველეობა ან მებოსტნეობა. ეს არის ჩვენი საქმე. ამიტომაც, ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებს რომ ამთავრებენ, ბევრი აღარ ბრუნდება აქ და საქართველოში რჩებიან. ძნელია აქ დასაქმება. მხოლოდ ქართულ სკოლებში დირექტორად ან მასწავლებლად, ექიმი თუ ხარ, კლინიკაშიც, სხვაგან, სახელმწიფო სამსახურებში ქართველი არავინ მუშაობს“, - ლაგოდეხის გავლით გზა რომ გაიხსნას, ემზარ სუყაშვილმა რამდენჯერმე პირადად მისწერა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს და გენერალურ საკონსულოს ქალქ განჯაში: „მშობლები რომ დაეღუპნენ და შვილები თბილისში იმყოფებიან სასწავლებლად, მაშინ მაინც გამოუშვით უფრო სწრაფად მეთქი, ვთხოვე, მიცვალებულს მესამე-მეოთხე დღეს ვკრძალავთ, მაგრამ არაფერი. ამ ორი წლის განმავლობაში, ელჩი კახში რამენჯერმე იყო ჩამოსული, გიორგობისთვის ეკლესიაში, აქაური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ხალხს არცერთხელ შეხვედრია. არც განჯაში არსებული საკონსულოს წარმომადგენლებს ჰქონიათ მცდელობა დაგვხმარებოდნენ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ლაგოდეხის გავლით, საზღვარზე მგზავრთა გადაადგილება აღდგეს, ასევე, ჰერეთელი ქართველებისთვის აზერბაიჯანში შესვლაზე დაწესებული სპეციალური შეზღუდვა მოიხსნას?

„საგარეო საქმეთა სამინისტრო და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანულ მხარესთან დაწესებული შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების თაობაზე. თუმცა არსებული კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ამ დრომდე ძალაში რჩება. საგარეო საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მუშაობის შედეგად, აზერბაიჯანის მხარემ დაწესებული რეგულაციები უკვე მოხსნა საქართველოდან საჰაერო გზით მიმავალ მგზავრებზე. რაც შეეხება სახმელეთო გზით მიმავალ მგზავრებს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ აღნიშნული რეგულაციები მათთვისაც შემსუბუქდეს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს განსაკუთრებულ შემთხვევასთან (იგივე მძიმე ავადმყოფობა და ა.შ.) საელჩო ყოველთვის შუამდგომლობს აზერბაიჯანულ მხარესთან და ისინიც გაგებით ეკიდებიან მსგავს ფაქტებს“, - განმარტეს სამინისტროში.

ჰერეთიდან კახეთში გადმოსასვლელი კიდევ ერთი სამანქანო გზა არსებობს - დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში. ეს გზა ჰერეთელი ქართველებისთვის თბილისში მოსახვედრად იმაზე გრძელია, ვიდრე ლაგოდეხის გავლით, თუმცა „წითელი ხიდის“ გზაზე ბევრად მოკლეა. სოფელ სამთაწყაროს ნახევარიც ჰერეთელი ქართველებითაა დასახლებული. მათი წინაპრები, აქ, 1930-იან წლებში, მას შემდეგ გადმოსახლდნენ, რაც ჰერეთი საქართველოს ჩამოაჭრეს და აზერბაიჯანს გადასცეს. სამთაწყაროში, გამშვები პუნქტი 2010 წელს ჩაკეტეს - ტრანსპორტისთვის და მგზავრებისთვის. ხელისუფლებამ მიზეზად ხიდის გაუმართაობა დაასახელა, რაც ოფიციალურად არ დადასტურდა. სამთაწყაროელებს ჰერეთამდე, სადაც მათი ახლო ნათესავები ცხოვრობენ, გზა 150 კილომეტრით დაუგრძელდათ (ლაგოდეხის გავლით). მოსახლეობამ ხიდის გახსნის მოთხოვნით სასამართლოსაც კი მიმართა, მაგრამ მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ ხიდი ფეხით მოსიარულეებისთვის გაიხსნა. 2 წლის წინ, კორონავირუსის პანდემიის გამო ეს გზაც სრულად ჩაიკეტა და დღემდე ასეა.

რედაქციისაგან: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ "მთის ამბებს" დაუკავშირდა ნოდარ ბაჩალიაშვილი - 24 თებერვალს, ჰერეთელი ქართველების მიერ ლაგოდეხის საბაჟოსთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ის არ ეთანხმება სტატიაში ჩვენი რესპონდენტების მონათხრობს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანში საქართველოს ამჟამინდელი ელჩი ზურაბ პატარაძე არ იცავს მათ ინტერესებს და არ რეაგირებს პრობლემებზე. ნოდარ ბაჩალიაშვილის თქმით, ბატონი პატარაძე წინამორბედი ელჩებისგან განსხვავებით, გვერდში უდგას ჰერეთელ ქართველებს და ყურადღებას აქცევს მათ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში