მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 2021 წლის ნოემბერში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 33.5 მილიონი ლარი, რომლის ნაწილიც აზიის განვითარების ბანკის სესხით ფინანსდებოდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, შპს „ინ-სი“, რომელმაც ფონდს სამუშაოების 55.4 მილიონად შესრულება შესთავაზა. უარის მიზეზი, ტენდერის რამდენიმე მოთხოვნის შეუსრულებლობასთან ერთად, სწორედ შეთავაზების მაღალი ფასი გახდა.
შპს „ინ-სი“ 2007 წელს დაარსებული კომპანიაა და მის ძირითად საქმიანობას სამშენებლო, სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოადგენს. კომპანიას, დაარსებიდან დღემდე, 374 მილიონი ლარის ღირებულების 170-მდე პროექტი აქვს განხორციელებული. „ინ-სის“ 100%-იანი წლის მფლობელი ნიკოლოზ ჩიქოვანია, რომელიც ამავე დროს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველია და კიდევ 10-მდე კომპანიასთანაა დაკავშირებული. „ინ-სის“ საიტზე, მათი პროექტების ჩამონათვალშია თბილისში გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, რუსთაველის გამზირის ისტორიული შენობა-ნაგებობის, აღმაშენებლის გამზირისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია. ასევე, თელავის სპორტკომპლექსის მშენებლობა და ყვარლის ქუჩების კეთილმოწყობა.
რატომ მოითხოვა ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ ორჯერ მეტი თანხა - „ფასის ასეთი სხვაობის მიზეზი ისაა, რომ ხარჯთაღრიცხვა ძველი ფასებით იყო გაკეთებული. დღეს ფასები შეცვლილია, მით უმეტეს, რომ ეს სამუშაოები სვანეთშია შესასრულებელი, რაც ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის“, - უპასუხეს „მთის ამბებს“ კომპანიაში.
ლაღამი მესტიის ერთ-ერთი უძველესი უბანია, სადაც მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია და ცნობილი ქართველი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მდებარეობს. უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს 6 ჰექტარს - კოშკების, მაჩუბების, საცხოვრებელი სახლების, სალოცავის, მიხეილ ხერგიანის მუზეუმის, ქუჩების, საფეხმავლო და სამანქანო ხიდების, კედლების, გარე განათების, გადამცემი ქსელის რეაბილიტაციას და მოწყობას.
ლაღამისა და უშგულის თემის სოფლებში სვანური კოშკების რეკონსტრუქციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი ჯერ კიდევ 2019 წელს გამოცხადდა და ხელშეკრულება შპს „არქიტექტორები და კომპანიასთან“ გაფორმდა.
„აქ ფულის დახარჯვა ღირს“, - გვეუბნება არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანი, რომელმაც, თავის დროზე, ლაღამის სარეაბილიტაციო პროექტი შეადგინა, -
„ამ უბანს ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული თავისი ავთენტიკურობა. მართლა ერთადერთი უბანია მესტიაში, რომელიც შემორჩენილია თავისი ინფრასტრუქტურით, ვიწრო ქუჩებით და ქვის კედლებით, გალავნებით, სვანეთისთვის იშვიათი ქვის ტერასებით ფერდობებზე და მოსწორებული ეზოებით, ეს სხვაგან არსად გვხვდება სვანეთში“.
ხანგრძლივობიდან და სირთულიდან გამომდინარე, პროექტი 9 სექტორადაა დაყოფილი. რისკებისგან თავის დასაზღვევად, ერთი სექტორის დასრულების, შემოწმებისა და მონიტორინგის შემდეგ უნდა დაიწყოს გადასვლა სხვა სექტორებზე. თავდაპირველად, სამუშაოები 5 წელზე იყო გათვლილი, საბოლოოდ კი ვადა 3 წლამდე შემცირდა.
როგორც მერაბ გუჯეჯიანი გვიყვება, პროექტირების პროცესის მთავარი გამაჭიანურებელი ფაქტორები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან რამდენიმე საკითხზე დავა იყო, - „ძეგლების რესტავრაციას სიჩქარე არ უყვარს, თუმცა პროექტირების პროცესი იმიტომ გაიწელა, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან გვქონდა მუდმივი დავა. ჩვენ გვინდოდა დანგრეული კოშკების აღდგენა, თუმცა მათ ამაზე უარი გვითხრეს, რადგან შიშობენ, რომ ახლიდან აშენებული კოშკი ავთენტიკური არ იქნება. მე კი მგონია, რომ აქ არ არის მხოლოდ კოშკის ავთენტიკურობაზე საუბარი და ბევრად მნიშვნელოვანია მისი კომპოზიციურობა. რამდენიმე კოშკი რომ ერთად იდგა, ქმნიდა გარკვეულ არქიტექტურულ ანსამბლს.
დავა იყო ღვარცოფის საკითხზეც. აქ პატარა ღელე ჩამოდის, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ღვარცოფული ჩამონატანიც ჰქონია. ჰიდროლოგები და ინჟინრები გვთავაზობენ ღარის გაკეთებას, რომელშიც ეს მასა უნდა მოექცეს. ღარი კეთდება რკინა-ბეტონით, თუმცა ვაპირკეთებთ ქვით, რომ ვიზუალურად არ იყოს ამოვარდნილი ლანდშაფტიდან. ძეგლთა დაცვასთან ამანაც დავა გამოიწვია, იქნებ სხვა გზა ვიპოვოთ ან ბუნებრივად დავტოვოთო, მაგრამ ეს ვერ მოგვცემს გარანტიას, რომ სერიოზული ღვარცოფის შემთხვევაში რამე არ დაიზანდება“.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, განსახლების პროექტისა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის ჩათვლით, უკვე შედგენილია და მერაბ გუჯეჯიანის თქმით, მოსახლეობაც თანახმაა, პროექტის განხორციელება ვერ დაიწყო. ტენდერით სხვა კომპანიების ნაკლებ დაინტერესებას, მისი აზრით, სამუშაოების კომპლექსურობა და სპეციფიკური ხასიათი განაპირობებდეს.
სვანეთში შემორჩენილი 3500-მდე კოშკიდან სასწრაფო რეაბილიტაციას დაახლოებით 160 მათგანი ითხოვს.
სოფელ ჩვიბიანში, XI-XII საუკუნეში აგებული ჩარკვიანების საგვარეულო კოშკი 2017 წლის 22 ივნისს ჩამოინგრა. კოშკს დიდი ხნის განმავლობაში ბზარები ჰქონდა და გამაგრებას საჭიროებდა.
სოფელ მურყმელში 2015 წლიდან ინგრეოდა ჩარქსელიანების საგვარეულო, ექვსსართულიანი კოშკი, რომელიც ბოლოს 2019 წლის ივლისში ჩამოიშალა.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროცესი 2014 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ვებგვერდზე ჩაჟაში დღემდე მიმდინარე პროექტების სიაშია. სააგენტო ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდა, რომ სოფელში 50-მდე კოშკიდან და მაჩუბიდან 30-ზე მეტი ძეგლი უკვე სრულად აღდგენილი იყო.
2021 წლის იანვარში, უკონტროლო განაშენიანებისა და კოშკების თვითნებური შეკეთების გამო, უკვე ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩაჟაშის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში ყოფნა სათუო გახდა. იუნესკოს სპეციალისტების ვიზიტი და შესაბამისად საკითხიც, მაშინ კოვიდპანდემიის გამო გადაიდო.
2021 წლის დეკემბერში, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, უშგულის თემში რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების საგვარეულო კოშკები აღადგინეს. სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივებს ამის შესახებ დაპირება მინისტრმა თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ ზაფხულში მისცა, ეს სამი კოშკი კი ყველაზე რთული მდგომარეობის გამო შეირჩა.
„მთის ამბებმა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს რამდენიმე შეკითხვით მიმართა, მათ შორის ლაღამის უბნის რეაბილიტაციაზეც და ჩაჟაშის პროექტის ბედზეც, თუმცა სააგენტოსგან ჩვენს შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.
ჩვენც შეგვიძლია სვანურ კოშკებს მივეშველოთ, რომ არ წაიქცნენ
რატომ შეიძლება დაკარგოს უშგულმა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
ავტორი - კახი ჩაკვეტაძე