საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მესტიის სოფელ იფარში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:12 - 22 თებერვალი 2022 hits 2730

მესტიის სოფელ იფარში საჯარო სკოლის ასაშენებლად სახელმწიფო 2 877 031 ლარს დახარჯავს. ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 22 თებერვალს გამოაცხადა.

იფარის საჯარო სკოლა, რომელშიც ახლა 44 მოსწავლე სწავლობს, 1932 წელსაა აშენებული, არაა საკმარისი არც საკლასო და არც სპორტული სივრცეები, სველი წერტილები კი ეზოშია, რაც ზამთრობით, ბავშვებს განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის.

„ჩვენი სკოლა თავის დროზე თვითონ ხალხმა ააშენა, ქვით, როგორც საკუთარ სახლებსა და მაჩუბებს აშენებდნენ ხოლმე. ძალიან ძველია შენობა, ავარიულია, კედლები ოღროჩოღროა, სველი წერტილები, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ისეთ ზამთარში, თოვლში, როგორიც ჩვენთან იცის, ეს უკიდურესად მოუხერხებელია“, - ციცინო ფანგანი, სკოლის დირექტორი, იხსენებს, რომ შენობის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2017 წელს გაკეთდა, თუმცა ამან პრობლემები მხოლოდ დროებით მოაგვარა, - „ყველაფერი ვერ გაკეთდა, მილიონები არ ეყოფა ამას, შესაბამისად, უკვე 2019-ში გადაწყდა, რომ ეს შენობა დაინგრეს და ახალი აშენდეს“.

იფარის სკოლაში ტენდერის დასრულებას და სამუშაოების დაწყებას ელოდებიან. წინადადებების მიღება 15 მარტს სრულდება, გამარჯვებულმა კომპანიამ მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დაამთავროს. ამ პერიოდში კი სკოლა, დროებით, მერიის მიერ გამოყოფილ შენობაში გადავა.

„ისიც ძველი შენობაა, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს აშენებული, სპორტული კომპლექსი უნდა ყოფილიყო, თუმცა ვერ დასრულდა თავის დროზე. გადახურულია, კარგი შენობაა, სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ჩატარდა და დროებით იქ გადავალთ“, - ამბობს ციცინო ფანგანი, - „ახალში ცენტრალური გათბობაც გვექნება. ახლა საწვავი ბრეკეტებით ვთბებით და ძალიან ბევრი გვჭირდება, ზამთარში 20 ტონა არ გვყოფნის“.

სატენდერო დოკუმენტაციისთვის დართული პროექტის მიხედვით, იფარის ახალი სკოლა ორსართულიანი და 90 მოსწავლეზე გათვლილი იქნება. შენობაში მოეწყობა 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და რეკრეაციული სივრცეები. შენობა სრულად ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის.

მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, იფარის გარდა, სკოლები შენდება ყარ-სგურიშსა და ჭუბერში; რებილიტაცია უკეთდება ბეჩოს სკოლას; დაგეგმილია ნაკვისა და იდლიანის სკოლების მშენებლობა და ხაიშის სკოლის რეაბილიტაცია.

„წვირმის საჯარო სკოლა ახალი აშენებულია და მოსწავლეები წელს პირველად მიიღეს. სხვაგან, შენობებთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს,“ - უთხრა „მთის ამბებს“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ნიგურიანმა, - „რაც შეეხება გათბობას, სკოლების უმრავლესობა ბრიკეტებით და შეშის ღუმელით თბება. ორ სკოლაში გვქონდა ცენტრალური გათბობა, თუმცა ერთგან ყინვების გამო პრობლემა შეიქმნა და ისევ ღუმელზე გადავიდნენ, დროებით, სანამ რეაბილიტაცია გაუკეთდება სისტემას“.

მესტიის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლა და 1 594 მოსწავლეა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში