საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთში, 80 ჰექტარზე ოქროს მოპოვების ლიცენზია 11 ათას ლარად გაიყიდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:19 - 21 თებერვალი 2022 hits 9519

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვებალდისა და გვალდერის მიმდებარედ, მდინარე ენგურის ხეობაში 80 ჰექტარზე ქვიშრობული ოქროს შესწავლა-მოპოვების 5 წლიანი ლიცენზია 11 ათას ლარად გაიყიდა. აუქციონში შპს „ჯი პი ემ“-მა გაიმარჯვა, რომელიც 2021 წლის 20 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს. წილის 67 %-ის მფლობელი რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი ალან ლალიევია. 29 %-ს ნანა იკოშვილი ფლობს, 4 %-ს გიორგი ხაბაშვილი, რომელიც შპს-ს დირექტორიცაა.

ალან ლალიევს საქართველოში კიდევ 8 კომპანია აქვს: შპს ა 1 გრუპ, სადაც წილის 50 %-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, სერგეი პოპოვს უყოფს; შპს ბუქინგმედი - ალან ლალიევი წილის 42.5 %-ს ფლობს, ამდენივეს გიორგი ხაბაშვილი, 15 %-ს ზურაბ შათირიშვილი; შპს ეკოლოგიური სისტემები - ალან ლალიევი და გიორგი ხაბაშვილი 35-35 %-ს იყოფენ, 30 %-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ანდრეი ხომიაკოვია; შპს რიალ მაუნთინ, შპს შპს ჯორჯიან მაუნთინ, შპს მაუნთინ კომპანი - სამივე კომპანიაში წილის 50-50 % ალან ლალიევსა და გიორგი ხაბაშვილზეა რეგისტრირებული; შპს ლა ველსი - წილს თანაბრად იყოფენ ალან ლალიევი და გიორგი კილაძე; შპს ვექტორ 2 - წილის 100 % მესაკუთრე ალან ლალიევია. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, რვავე კომპანია 2018, 2020 და 2021 წლებშია რეგისტრირებული.

აუქციონის პირობებით, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 3 წელიწადში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;

ოქროს ქვიშრობული წესით მოპოვებისას ნიადაგის ძალიან დიდ მასას ჭრიან, ამსხვრევენ, რეცხავენ და იქიდან ოქროს აგროვებენ. ეს ტექნოლოგია პირველად ჩინეთში, შემდეგ კი მონღოლეთში განვითარდა. გარემოსადმი მიყენებული ზიანის გამო, 2011 წელს, მონღოლეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში ამ ფორმით ოქროს მოპოვება აკრძალა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში