საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პანკისი-თუშეთისა და ხევსურეთი-თუშეთის გზების მშენებლობის პროექტები ჩავარდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:33 - 18 თებერვალი 2019 hits 20009

„ტექნიკურად შესაძლებელი რომ იყოს ამის განხორციელება, იმ სურვილებიდან გამომდინარე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს და თანხვედრაშია ჩვენს ხედვასთან, ხადორის ხეობის გავლით თუშეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას აუცილებლად გავჭრიდით“, - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პანკისი-თუშეთის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღება, რთული რელიეფიდან გამომდინარე და გეოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

„იქ არის საუღელტეხილო გადასასვლელი, რომლის გადაკვეთაც ვერ ხერხდება. ასევე, არის სერპანტინების მონაკვეთი, რომელზეც ასვლა ძალიან რთულია. 21-ე საუკუნეა, გზა შეიძლება გაჭრა ყველგან, მაგრამ საუბარია სტანდარტების შესაბამის გზასთან.

არასტანდარტული გზა არ შეიძლება მოეწყოს, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ადამიანი“, - განმარტავს ქარსელაძე.

ახმეტა-დუისი-ძიბახევი-ხადორის ხეობა-შავწყალას გზის სავარაუდო მანძილი 63 კილომეტრი იყო, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება კი 232 მილიონი ლარი.

თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 11 აგვისტოს, თუშეთში ყოფნისას განაცხადა. გზა პანკისიდან უნდა დაწყებულიყო და ხადორის ხეობის გავლით, თუშეთში ნასოფლარ შავწყალასთან ასულიყო. მშენებლობის დასრულებას მთავრობა 2020 წლის ბოლომდე გეგმავდა. პანკისი-თუშეთის ახალი გზის მშენებლობა სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალოს გზის პროექტის ნაწილია. 2018 წლის მარტში პრემიერმა კვირიკაშვილმა განმარტა, რომ ახალი გზა თბილისიდან თუშეთში მანქანით მგზავრობის დროს სამჯერ შეამცირებდა.

ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის დამაკავშირებელ გზას კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ აპროექტებს, რომელიც ხორვატიაში დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომპანიის ქართული ფილიალია. იგი გზების დეპარტამენტის მიერ ამ ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრეა დარეგისტრირებული. პროექტირების სამუშაოებისთვის სატენდერო ღირებულება 4 986 600 ლარია.

თუშეთის ახალი გზის აუცილებლობას გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე არსებული გზის მძიმე მდგომარეობით ხსნიდა: „ვინც თუშეთის გზაზე ნამყოფია, გეოლოგია ესმის და საგზაო ინჟინერია, მას ახსნა არ სჭირდება, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ვიტყვი, რომ ამ გზის მონაკვეთზე იმდენად რთული გეოლოგიური პროცესებია, მათი ლიკვიდაცია ფაქტობრივად შეუძლებელია ან დაკავშირებულია უზარმაზარ ხარჯებთან და ბუნებაზე ძალიან მძიმე ზემოქმედებასთან“.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე, 2016 წელს უზარმაზარი კლდოვანი მასა მოწყდა, რომელიც ყოველ წელს მდინარე ალაზანს აგუბებს და გზას კეტავს. მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი გზაზე მიმავალი ტურისტების ავტომობილსაც დაეცა. მგზავრები სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ. 2018 წლის 27 მაისს, ამ ადგილას სატვირთო მანქანის მძღოლიც დაიღუპა. გზა თითქმის ერთი თვის დაგვიანებით, მაისის ბოლოს იხსნება და ოქტომბერში იკეტება.

პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით თუშეთის ახალი გზის მშენებლობა თუშებს შორის დაპირისპირების საგანიც გახდაქვემო ალვანის მოსახლეობა პანკისის გავლით ახალი გზის მშენებლობის წინააღმდეგია, ზემო ალვანში მცხოვრები წოვათის ხეობის თუშები კი ამ პროექტის განხორციელებას მხარს უჭერენ. წოვათის ხეობის სოფლები მოსახლეობისგან მთლიანად დაცლილია. ერთადერთი სამანქანო გზა, რომელიც გომეწრის ხეობიდან სოფელ წარომდე მიდის, წლებია დამეწყრილია. წოვათის ხეობის თუშები სახლების აღდგენას ვერ ახერხებენ. ხადორის ხეობის გავლით ახალი გზის გაჭრის წინააღმდეგია რამდენიმე გარემოსდაცვითი ორგანიზაციაც.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დეპარტამენტი განიხილავს ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას, რისთვისაც წელს დაიწყებს საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას. 2020 წელს დაგეგმილია კმ 8 - კმ 16 გზის რეაბილიტაცია (სოფელ ლეჩურის ბოლოდან აბანოს ხიდამდე სავარაუდოდ ბეტონის საფარის მოწყობა), ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში კი მთლიანი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია მოხდება.

„სწორი გადაწყვეტილება რომ მივიღოთ, გვჭირდება პროექტი. შეიძლება იყოს ეს გვირაბი, შეიძლება იყოს ხიდი, ნაპირების ცვლა, სხვადასხვა საინჟინრო გადაწყვეტა არსებობს. წინასწარ იმის თქმა ძალიან რთულია, მეწყრულ მონაკვეთთან რას ვიზამთ. შესაძლოა, გზაზე რამდენიმე ზვავდამცავი გალერეაც მოეწყოს. რაც შეეხება წოვათის ხეობის გზას, წელს ჩვენ უკვე დავიწყებთ სატენდერო პროცედურებს და 2020-2021 წლისთვის ომალოდან წოვათის ხეობის სოფლებამდე უსაფრთხო სამანქანო გზა გვექნება“, - აღნიშნავს ქარსელაძე.

„მთის ამბებთან“ ინტერვიუში გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ დეპარტამენტი უარს იტყვის ხევსურეთიდან თუშეთში გადასასვლელი სამანქანო გზის გაჭრაზე: „ძალიან ახლოს ვართ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს მონაკვეთი, რომელიც თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, შესაძლოა, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იყოს მისი მშენებლობა.

ვგულისხმობ გზას ხევსურეთის სოფელ არჭილოდან, რომელიც ბორბალოს მთაზე უნდა გადასულიყო და შეერთებოდა თუშეთს. ძალიან მაღალ ნიშნულზე ავდივართ, 3100 მეტრზე და ამ ნიშნულზე, გზა ალბათ 4-5 თვე იფუნქციონირებს. ვერ შევინახავთ ამ გზას.

აქ იქნება ჭარბი თოვლი, იქნება ნამქერი, ყველა ის პირობა, რომელიც შეუძლებელს ხდის რომ ეს გზა შევინახოთ. ამიტომ, ვფიქრობთ რომ შესაძლოა აღარ იყოს მიზანშეწონილი, ეს ამ ფორმით განვითარდეს“.

„მთის ამბები“ ინტერვიუს მეორე ნაწილს, რომელიც ხევსურეთში გზების რეაბილიტაციას და ახალი გზების მშენებლობას ეხება, ხვალ გამოაქვეყნებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში