საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის გზას ხორვატიული კომპანია დააპროექტებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:55 - 25 ნოემბერი 2016 hits 25968

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზას ხორვატიული კომპანია დააპროექტებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ (ს/კ - 406187692), რომელიც ხორვატიაში დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომპანიის ქართული ფილიალია და 2016 წლის 26 სექტემბერს არის დარეგისტრირებული.

აღნიშნული საავტომობილო გზის დაპროექტებაზე განმეორებითი კონკურსი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2016 წლის 13 ოქტომბერს გამოაცხადა, საკონკურსო წინადადებების წარდგენა კი 26-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. დაზუსტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 084 745 ლარით განისაზღვრა. კონკურსში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა მიიღო, რომელთაგან ერთ-ერთის - ჰოლანდიური კომპანია „Antea Nederland B.V.“-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკუნკურსო მოთხოვნებთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული და იგი დისკვალიფიცირებულ იქნა, ხოლო 16 ნოემბერს ჩატარებულ სხდომაზე საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, რომლის შეთავაზებულმა თანხამ 4 986 600 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულთან უახლოეს დღეებში გაფორმდება, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდება კი ხელშეკრულების დადებიდან 14 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის სამუშაოების დაპროექტებაზე თავდაპირველი ელექტრონული კონკურსი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე 3 559 322 ლარს შეადგენდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 21-დან 26 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ, თუმცა შემდეგ ეს ვადები ორჯერ შეიცვალა (ჯერ 16 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ კი 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით), თუმცა საბოლოოოდ დეპარტამენტის სატენდერო-საკონკურსო კომისიამ კონკურსი შეწყვიტილად გამოაცხადა.

ყაზბეგის, ხევსურეთისა და თუშეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაანონსა.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მივაქცევთ თუშეთის განვითარებას. თუშეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება და იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გზა იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა.

ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რაზედაც ასევე ვმუშაობთ. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.

ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, პირველ რიგში ტურიზმის განვითარების, რათა აქაურმა ოჯახებმა მეტი ინტერესი ნახონ და ჰქონდეთ მეტი ინტერესი იმისთვის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას. ამ გზას ექნება უსაფრთხოების დანიშნულება, რადგან ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში მოსახლეობის დამაგრებას. რა თქმა უნდა, ამ გზას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენახვის დანიშნულება, რადგან გზის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი“, – განაცხადა პრემიერ – მინისტრმა 11 აგვისტოს, თუშეთში ყოფნისას.

სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის წინასწარ პროექტს მოგვიანებით დაემატა, ახალი, 15 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გზის გაჭრას და პანკისიდან თუშეთამდე გზის მშენებლობას ითვალისწინებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის თქმით, პანკისი – ხადორი – ომალოს გზით თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი.

„ჩვენ ბევრს ვმუშაობდით იმაზე, რომ თუშეთში მოსახვედრად უფრო უსაფრთხო და მოკლე გზა შეგვეთავაზებინა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

აბანოს უღელტეხილთან შედარებით, ხადორის უღელტეხილი უფრო დაბალია და მისი მოვლა ზამთარშიც შესაძლებელია. ეს საშუალებას მოგვცემს, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ზამთარშიც ღია იყოს.

ეს გზა დიდი ხნის წინ არის დამუშავებული. ამაზე ფიქრი განვაახლეთ და დავამატეთ ტექნიკურ დავალებას. დაახლოებით 15 კილომეტრი, ან შეიძლება ცოტა მეტი იყოს ახალი მონაკვეთი“, – ციტირებს პანკისის სათემო რადიო გიორგი სეთურიძის კომენტარს.

მისივე ინფორმაციით, ახალი 15 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გაივლის, ზღვის დონიდან მაქსიმუმ ორიათასექვსას მეტრზე იქნება, მაშინ როცა აბანოს უღელტეხილი ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა.

მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა თელავის, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს.

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში