საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პანკისი–თუშეთის ახალი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:17 - 05 სექტემბერი 2017 hits 18862

პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება. პროექტის მიხედვით, რომელიც ხორვატიულმა კომპანიამ მოამზადა, გზა პანკისის სოფელ ბირკიანიდან დაიწყება, გაივლის ხადორის ხეობას და წოვათაში, შავწყალას ტერიტორიაზე გავა, რის შემდეგაც სოფელ ვერხოვანთან გომეწრის ხეობას შეუერთდება.

როგორც „მთის ამბებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური სამდივნოს დირექციის დირექტორმა ლევან კუპატაშვილმა განუცხადა, შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე დეტალი.

„კონტრაქტორმა კომპანიამ, რომელმაც საპროექტო სამუშაოები შეასრულა, პანკისიდან თუშეთის მიმართულებით გზის მშენებლობის რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზა.

ჩვენ საბოლოოდ ერთ მიმართულებაზე შევთანხმდით, რომელიც გზის გაყვანას ითვალისწინებს პანკისი–ხადორი–შავწყალას მიმართულებით.

გზა შეუყვება ხადორჰესის მხარეს ხეობაში და ზემოთ, 15 კილომეტრში გვაქვს გამყოფი. ვაზუსტებთ, გამყოფის შემდეგ ჯერ შემოსავლელი გზა გავაკეთოთ მთაზე და პარალელურ რეჟიმში გვირაბის მშენებლობა დავიწყოთ, თუ პირდაპირ მხოლოდ ერთ ვარიანტზე ვიფიქროთ. ტენდერი თუშეთის გზის მშენებლობაზე მიმდინარე წელს გამოცხადდება და გაზაფხულიდან სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს“, – აღნიშნა ლევან კუპატაშვილმა.

პანკისი–თუშეთის ახალი გზის მშენებლობა ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთის შემაერთებელი გზის პროექტის ნაწილია. მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 11 აგვისტოს, თუშეთში ყოფნისას განაცხადა:

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მივაქცევთ თუშეთის განვითარებას.

თუშეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება და იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გზა იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა.

ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რაზედაც ასევე ვმუშაობთ. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება“.

სნო–ჯუთა–როშკა–შატილი–ომალოს გზის მშენებლობის წინასწარ პროექტს პანკისი–თუშეთის მონაკვეთი მოგვიანებით, 2016 წლის ნოემბერში დაემატა. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ მაშინ ეს ასე ახსნა:

„ჩვენ ბევრს ვმუშაობდით იმაზე, რომ თუშეთში მოსახვედრად უფრო უსაფრთხო და მოკლე გზა შეგვეთავაზებინა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. აბანოს უღელტეხილთან შედარებით, ხადორის უღელტეხილი უფრო დაბალია და მისი მოვლა ზამთარშიც შესაძლებელია. ეს საშუალებას მოგვცემს, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ზამთარშიც ღია იყოს. ეს გზა დიდი ხნის წინ არის დამუშავებული. ამაზე ფიქრი განვაახლეთ და დავამატეთ ტექნიკურ დავალებას“.

მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა თელავის, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, თუშეთის არსებულ გზაზე, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთარში და გაზაფხულზე 500 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. თუშეთის გზის გახსნა დაახლოებით 1 თვით დაგვიანდა და მაისის შუა რიცხვების ნაცვლად, 12 ივნისს გაიხსნა. გზის ამ მონაკვეთზე გავლა ახლაც სახიფათოა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. ომალომდე, რომელიც თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია, 72 კილომეტრია, თუმცა ამ გზის გავლას მაღალი გამავლობის მანქანით, დაახლოებით 4 საათი სჭირდება. გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე და დიდთოვლობის გამო, ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში