საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ცხოველები და ბრაკონიერები მორაგბე გარემოსდამცველის ფოტოხაფანგში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:52 - 26 ოქტომბერი 2018 hits 11155

რვა წელია, რაც საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მორაგბეა და ყოველდღე 40-მდე მოზარდს ავარჯიშებდა. რაგბი მისი ძირითადი საქმეა, თუმცა გარემოს დაცვით ბავშვობიდან არის გატაცებული. ორი წლის წინ ფოტოხაფანგიც იყიდა და კახეთის ტყეებში ცხოველებსა და ფრინველებს იღებს. მის ობიექტივში ბრაკონიერებიც ხშირად ხვდებიან.

35 წლის ზაქრო სონღულაშვილი ახლაც ფოტოხაფანგის დასაყენებელ ადგილს ეძებს წყლისა და ბილიკების სიახლოვეს. თუ წვიმიანი ამინდი ან თოვლია, ცხოველების სამყოფელს დატოვებული ნაკვალევის მიხედვით აგნებს. ტყის მდებარეობას შეგნებულად ასაიდუმლოებს. არ უნდა ბრაკონიერებმა გაიგონ, რომ იქ შველი ჯერ კიდევ ბინადრობს.

„ეს ტყეები შესწავლილი არ არის. ფაქტობრივად, პირველი ვარ, ვინც აქაური ცხოველები დავაფიქსირე - უფრო სწორად, არ მოვკალი და ისე დავაფიქსირე. შველი რომ გადავიღე, უბედნიერესი ვიყავი. ნამდვილად არ მეგონა, ნაკრძალს გარეთ სადმე კიდევ თუ იყო.“

შველი, მგელი, ტურა, მელა, ენოტი, კვერნა, მაჩვი, ციყვი, თაგვი - თავის „საიდუმლო ტყეში“ მობინადრე ყველა ცხოველი გადაღებული ჰყავს. ყველაზე ხშირად მაინც შველი და ენოტი ხვდება მის „მახეში“. ამბობს, რომ ენოტი ყველაზე ცნობისმოყვარეა, შველს კი კამერასთან მისასვლელად კარგი მიზეზი აქვს - სპეციალურად მისთვის დატოვებულ მარილს ლოკავს.

„კამერის შემოწმება ყველაზე კარგი შეგრძნებაა - წინასწარ არასდროს ვიცი, რა იქნება, რა ცხოველს ვნახავ, როგორი კადრი დამხვდება.“

ყველაზე მეტად დათვის და კურდღლის გადაღება სურს. ჯერ არასდროს დაუფიქსირებია. სამაგიეროდ, ბრაკონიერებს ხშირად იღებს. მათ არ დასდევს, მაგრამ თვითონ ხვდებიან მის ობიექტივში.

„კურდღელი მარტო ამ ტყეში კი არა, ვერსად გადავიღე. სამწუხაროდ, მონადირეების ბრალია, სულ გაჟლიტეს. ერთი კვირის წინ კამერა გომბორზე მქონდა დაყენებული, სადაც კურდღელი ბინადრობს. ძროხების მეტი ვერაფერი ვნახე. მონადირეებს სწყინთ, ბრაკონიერი და მონადირე განასხვავეო, მაგრამ ვერ განვასხვავებ - ორივე კლავს.“

გარემოს დაცვის სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს. იხსენებს, რომ ბრაკონიერობის ფაქტებზე პასუხს ითხოვდა: „აქტიურობის გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდზეც კი დამბლოკეს. მერე მინისტრის ჩარევით შეზღუდვა მომიხსნეს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისევ შემზღუდეს.

თელავის ბაზარში დღესაც იყიდება უკანონოდ მოპოვებული თევზი. ამის მერე გარემოს დაცვის სამსახურებს რა პასუხი უნდა მოვთხოვო. ნებისმიერ რესტორანში რომ შეხვიდეთ, ალაზნის თევზი აქვთ, წითელწინწკლება კალმახიც კი იყიდება, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი“.

თელავში ცხოვრობს და გარემოსდაცვით კანონდარღვევებსაც ყველაზე ხშირად კახეთში აფიქსირებს.

ცოტა ხნის წინ, თელავში რაგბის გუნდები შეერთდა. ზაქრო მწვრთნელად აღარ მუშაობს. ახლა მეტი თავისუფალი დრო აქვს.

ფოტო ხაფანგის დასაყენებლად ადგილს წყლის სიახლოვეს არჩევს. ხედს რამდენჯერმე ამოწმებს, კამერას ხის ფესვზე ამაგრებს და ქამარსაც მაგრად უჭერს - ცნობისმოყვარე ენოტმა რომ არ მოპაროს.

მაგდა გუგულაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, კავკასიის მედია სკოლის მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების მაგისტრი. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში