საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ არ შეესაბამება „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ევროპულ კანონმდებლობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:50 - 23 ივნისი 2021 hits 39262
ფოტოზე - ირაკლი მაჭარაშვილი
გარემოს დაცვა
ფოტოზე - ირაკლი მაჭარაშვილი

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი გიამბობთ, რატომ არ შეესაბამება „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ევროკავშირის კანონმდებლობას, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და როგორ უქმნის პრობლემებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ენერგეტიკული უსაფრთხოება, ევროპული კანონმდებლობა და „ნამახვანი ჰესი“

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამის უპირველესი გარანტი არისენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება“, რომლის წევრი საქართველო 2017 წელს გახდა. მისი წევრობა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით იგივეა, რაც სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით - NATO-ს წევრობა. „ნამახვანი ჰესის პროექტი“ არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და არღვევს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების პირობებს, რითიც  სწორედ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. იგივეა, NATO-ში შესვლა რომ გინდოდეს და NATO-ს წესების საწინააღმდეგოდ იქცეოდე. ნამახვანი ჰესის პროექტი ასევე ბერნისა და ორჰუსის კონვენციების მოთხოვნებს არღვევს. მოკლედ შევეცდები ავხსნა, რატომ არის საფრთხე ენერგოუსაფრთხოებისთვის „ნამახვანი ჰესი“. ევროპარლამენტმა 2014 წლის 18 დეკემბერის და 2018 წლის 14 ნოემბერის რეზოლუციებში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, სრულად შეასრულონ ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას.

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი  ხელშეკრულების“ მთავარი ამოცანაა ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის წესებისა და კანონმდებლობის განვრცობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონში. ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებმა (მათ შორის საქართველომ) უნდა იმოქმედონ ევროკავშირის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. ეს სავალდებულო კანონმდებლობა მოიცავს გარემოსდაცვით დირექტივებსაც: გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივას, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დირექტივას, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დირექტივას და ფრინველთა დირექტივას (მუხლი 4(2). ხელშეკრულება კრძალავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც წინაღობას უქმნიან თავისუფალ კონკურენციას. ნებისმიერი სახელწიფო დახმარება, რომელიც ამახინჯებს ან დამახინჯების საფრთხეს უქმნის კონკურენციას, ანიჭებს რა უპირატესობას გარკვეულ ქმედებებს ან ენერგეტიკულ რესურსებს, ხელშეკრულებასთან შეუთავსებელია.

ინვესტორ კომპანია „ენკასა“ და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება არღვევს ენერგოგაერთიაების მოთხოვნებს სახელმწიფო დახმარებასთან, პროცესის გამჭვირვალობასთან, გადაწყვეტილების მიღების წესთან, ელექტროენერგიის ფასთან და ხელშეკრულების სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს არ აქვს დამტკიცებული მდინარე რიონის სააუზო მართვის გეგმა, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული დახმარება გაუწიოს რიონზე მასშტაბური ჰესის მშენებლობის პროექტს. ასეთი უსამართლო სახელმწიფო დახმარება კომპანია „ენკასთვის“, აფრთხობს წესიერ პოტენციურ ინვესტორებს.

რატომ არ შეესაბამება „ნამახვანი ჰესის“ პროექტი გარემოსდაცვითი ევრო-დირექტივების მოთხოვნებს

ტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დირექტივა - ენერგეტიკის სექტორის განვითარების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება არ ჩატარებულა. უფრო მეტიც,

საერთოდ არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების გეგმა, რომელიც დაადასტურებდა „ნამახვანი ჰესის“ საჭიროებას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 14 ნოემბერის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს ქმედითი ენერგეტიკული სტრატეგია.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივა - „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე სანებართვო დოკუმენტები 2015 წელს გაიცა. ამ პერიოდში არსებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) კანონმდებლობა არ შეესაბამებოდა ევრო-დირექტივას. ჰესის მშენებელმა კომპანიამ საქმიანობის დაწყების შემდეგ აღმოაჩინა, რომ 2015 წელს უხარისხო კვლევების საფუძველზე გაცემული ნებართვებით კასკადის მშენებლობა შეუძლებელი იყო. ამიტომ, ის იძულებული გახდა, პროექტი გადაემუშავებინა. 

2019 წლის თებერვალში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიას დაავალა ახალი გზშ-ს მომზადება და შესაბამისად, ყველა ნებართვის თავიდან აღება, პროექტზე, რომელიც მოიცავდა ორ ჰესს: „ზემო ნამახვანის“ (ყოფილი „ტვიში ჰესი“) და „ქვემო ნამახვანის“ (ყოფილი „ნამახვანი-ჟონეთის ჰესი“) ჰესებს. კომპანიამ მხოლოდ „ქვემო ნამახვანის ჰესის“ პროექტი მოამზადა. შესაბამისად, მხოლოდ „ქვემო ნამახვანის ჰესის“ პროექტისთვისაა გაცემული გარემოსდაცვითი (28.02.2020)  და მშენებლობის (22.04.2020) ნებართვები. ორივე ნებართვა გაიცა პირობებით, რომლებიც ჯერჯერობით სრულად არ შესრულებულა.

„ქვემო ნამახვანი ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვები კანონდარღვევით ჩატარდა. დაინტერესებულ საზოგადოებას, უპირველესად - ადგილობრივებს, არ მიეცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათანადოდ ჩართვის შესაძლებლობა. საჯარო განხილვები ჩატარდა არა უშუალოდ პროექტის განხორციელების ადგილზე, როგორც ამას ითხოვს კანონმდებლობა, არამედ წყალტუბოს მერიის შენობაში, პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული სოფლებიდან დაახლოებით 50 კმ-ის დაშორებით. მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუზღუდეს სხდომაზე დასწრებისა და კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობა.

გზშ ანგარიში არ მოიცავდა შინაარსობრივად საჭირო და კანონმდებლობით აუცილებელ არაერთ საკითხს:

  • არ იყო ჩატარებული დანახარჯისა და სარგებლის შედარებითი ანალიზი;
  • არ იყო სათანადოდ გამოკვლეული ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემა - ჰესის ფუნქციონირების შედეგად ზუთხის სახეობებზე და მდინარის ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზიანი;
  • პროექტის ზეგავლენა შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე, რიონის ქვედა დინებაში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე;
  • გვირაბების მარშრუტის დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები;
  • პროექტის ზეგავლენა მდინარე რიონზე არსებულ სხვა ჰესებზე (უსაფრთხოების და ეფექტიანობის შემცირების თვალსაზრისით);
  • ზეგავლენა ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნის და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე;
  • სეისმოლოგიური კვლევები მოძველებულ მონაცემებს და შეფასების მეთოდებს ეყრდნობოდა, რაც სათუოს ხდის პროექტის უსაფრთხოებას;
  • წყლის გარემოსდაცვითი ხარჯის გამოთვლისთვის გამოყენებული იყო მოძველებული მეთოდოლოგია;

უარის თქმის ნაცვლად, სამინისტრომ კომპანიას დაავალა ნებართვის მიღების შემდეგ,  „პოსტ ფაქტუმ“, გამოეკვლია ეს საკითხები.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დირექტივა - დირექტივის მიზანია გარემოს დაზიანების პრევენცია და გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპით. კომპანია „ენკა“ სამუშაოების უკანონოდ წარმოებისათვის სასამართლომ მხოლოდ 5000 ლარით დააჯარიმა. მიუხედავად ამისა, მას საქმიანობა არ შეუწყვეტია. დირექტივის სრულფასოვნად მოქმედების შემთხვევაში, კომპანიას მოუწევდა გარემოზე მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება. 

ფრინველთა დირექტივა - „ნამახვანი ჰესის“ ფუნქციონირება გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს რიონის ქვედა წელზე. რიონი, მისი დელტა და განსაკუთებით კი - კოლხეთის ეროვნული პარკი წარმოადგენენ ფრინველებისათვის უმნიშვნელოვანეს ადგილს. „ფრინველთა“ დირექტივის  4(2) მუხლი ავალდებულებს ქვეყნებს საგანგებოდ დაიცვან გადამფრენი ფრინველების საბინადრო ადგილები, განსაკუთრებით - საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები. სწორედ ასეთი ტერიტორიების - „რამსარის ნუსხაში“ არის შეტანილი კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელზე ზემოქმედება „ნამახვან ჰესის“ ინვესტორს არც კი შეუსწავლია.

ნამახვანჰესის პროექტი და კონვენციები

გარდა ევრო-დირექტივებისა, ევროკავშირის მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტებს წარმოადგენენ ევროპის საბჭოს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენცია ანუ ბერნის კონვენცია და ორჰუსის კონვენცია (გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის "გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში, მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენცია“), რომელთა არეალი სცილდება ევროკავშირის საზღვრებს.

ბერნის კონვენცია

ბერნის კონვენცია არის სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიზანია მის ქვეყნებში ფლორისა და ფაუნის და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატების) დაცვა და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება. ყველა ქვეყანამ უნდა შექმნას „ზურმუხტის საიტების ქსელი“. „ქსელის“ განვითარება საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებაა. ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე, რომელმაც ზეგავლენა შეიძლება იქონიოს „ზურმუხტის საიტებზე“ (მიუხედავად იმისა, პროექტი მის ფარგლებში იგეგმება თუ გარეთ) უნდა ჩატარდეს ე.წ. „შესაბამისობის შეფასება“; ამგვარი შეფასება არ ჩატარებულა რიონის აუზში მდებარე „ზურმუხტის ქსელის“ საიტებზე - აჯამეთი (აჯამეთის აღკვეთილი) და კოლხეთი (კოლხეთის ეროვნული პარკი, კაცობურის აღკვეთილი).

რიონი საქართველოს ერთადერთი საქვირითე მდინარეა ბერნის კონვენციით დაცული ზუთხების 6 სახეობისათვის. შავი ზღვის აუზში, რიონის გარდა, მხოლოდ დუნაიში შემორჩა ზუთხების თვითმყოფადი პოპულაციები. ბერნის კონვენციამ 2018 წელს დაამტკიცა „პან-ევროპული მოქმედებათა გეგმა ზუთხისებრებისთვის“. საქართველო ვალდებულია რიონზე შექმნას „ზურმუხტის საიტი“ ზუთხისებრთა სახეობების საბინადრო გარემოს და საქვირითე ადგილების დასაცავად (მდინარე რიონის შუაწელი,  ზღვის შესართავი და მიმდებარე საზღვაო სივრცე). რიონზე აქამდე აშენებულმა ჰესებმა ზუთხების საქვირითე ადგილები 57 კმ-იდან 9 კმ-მდე შეამცირა. უარყოფითი ზემოქმედება დაკავშირებულია არა მხოლოდ ჰესების მშენებლობის შედეგად მდინარის გადაკეტვასთან. ჰესების ფუნქციონირება იწვევს მდინარის ბუნებრივი რეჟიმის ცვლილებას, ნაკადისა და სიჩქარის შემცირებას, წყალში დამაბინძურებლების კონცენტრაციის ზრდას; წყლის ნაკადის ზალპური გაშვებით (ჰიდროპიკები) წყალსაცავების გარეცხვა იწვევს საქვირითე ადგილების განადგურებას, ქვირითისა და ლიფსიტების დაღუპვას. ზედა დინებაში „ნამახვანი ჰესის“ დამატება გამოიწვევს სერიოზულ ზემოქმედებას ორგანული ნივთიერებებისა და ინერტული მასალების ჩამონატანის შემცირების, წყლის რაოდენობის და ხარისხის გაუარესების, მასშტაბური ჰიდროპიკების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით. ყოველივე ეს დამღუპველად იმოქმედებს ჯერ კიდევ შემორჩენილ  საქვირითეებზე. „ნამახვანი ჰესის“ ამუშავების შემთხვევაში, „ზურმუხტის საიტის“ ან ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება აზრს მოკლებული იქნება.

ბერნის კონვენციამ  2020 წლის აპრილში მიიღო დოკუმენტი, რომელშიც მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაიცვას მდინარეები დაუგეგმავი ჰესების მშენებლობისგან, დიდი მდინარეები შეიყვანოს „ზურმუხტის ქსელში“ და შეიმუშაოს  მდინარეების დაცვის ეროვნული გეგმა. კონვენციის ეს მოთხოვნა საქართველოს მთავრობას არ შეუსრულებია.

ორჰუსის კონვენცია

„ნამახვანი ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვები ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევებით, რომლებიც, ამავდროულად,  შეუთავსებელია ორჰუსის კონვენციასთან. დღემდე კომპანიამ სამინისტროს ეტაპობრივად წარუდგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით მოთხოვნილი კვლევების გარკვეული ნაწილი. სამინისტრომ ისინი ისე შეითანხმა, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობასა და  ექსპერტებს არ მისცემიათ მათი გაცნობისა და განხილვის შესაძლებლობა, რაც ასევე მიუთითებს კონვენციის მოთხოვნებთან პროექტის შეუთავსებლობაზე.

ერთ წელზე მეტია, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი აქვთ სარჩელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული  ნებართვის გაუქმების მოთხოვნით. ამ დრომდე არ გამართულა არც ერთი სხდომა, რაც მიუთითებს, რომ დაინტერესებული საზოგადოებისათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.

ავტორი: ირაკლი მაჭარაშვილი

ამ თემაზე:

„ნამახვანი ჰესის“ ისტორია - რა არის მთავარი პრობლემა

ნამოხვანის ბლოკადა

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში