საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ნამახვანი ჰესის“ ისტორია - რა არის მთავარი პრობლემა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:41 - 13 მაისი 2021 hits 38690

ნახევარ წელზე მეტია, საქართველოს მოქალაქეები ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ. ხელისუფლება მათ ჯერ საერთოდ არ ამჩნევდა. პროტესტის ტალღა რომ გაძლიერდა, სახელმწიფომ თქვა, აქამდე ხალხთან საკმარისი კომუნიკაცია არ გვქონდა, უნდა გამოვასწოროთო. ამის შემდეგ ხელისუფლების „კომუნიკაცია“ ასე გაგრძელდა: „ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკამ“ და სახელმწიფომ გააქტიურეს ბოტები, ტროლები, პიარ-კომპანიები, მართული მედია-საშუალებები და მთავრობის ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაციები (ე.წ. GONGO), რომლებიც ერთი მხრივ პროტესტის დისკრედიტაციას ეწეოდნენ, ხოლო მეორე მხრივ ამზადებდნენ ფონს იმისათვის, რომ სახელმწიფოს ფიზიკური ძალა გამოეყენებინა და დაერბია ვინც პროტესტი გაბედა. მთავრობის წევრებმა მოლაპარაკების იმიტაციაც კი სცადეს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რიონის მცველები არცერთ პროვოკაციას არ აჰყვნენ. ამიტომ, მთავრობამ მდინარე რიონის მოსალოდნელი წყალდიდობა მოიმიზეზა და სპეციალური დანაყოფების მეშვეობით, ძალის გამოყენებით განდევნა პროტესტის მონაწილეები, აუშალა კარვები, ორივე მხრიდან გადაკეტა შესასვლელი რიონის ხეობაში და მოაწყო ბლოკ-პოსტები; კომპანია „ენკამ“ ბულდოზერებით გადათხარა ადგილი, სადაც კარვები იდგა, რომ მოქალაქეებმა ვეღარ შეძლონ პროტესტის გაგრძელება. ერთი თვის განმავლობაში ხალხი პროდუქტისა და წამლის საყიდლად ვერ გადიოდა, ვენახებსა და ბაღებში საგაზაფხულო სამუშაოებს ვერ იწყებდნენ, ოჯახის წევრებს ერთმანეთის ნახვის უფლება არ ჰქონდათ. რიონის ხეობაში აღარ მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუცია, დაირღვა ჩვენთვის მინიჭებული უფლებები:

 თანასწორობის უფლება, რომლის თანახმად, აკრძალულია დისკრიმინაცია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (მუხლი 11).

  • მიმოსვლის თავისუფლება, რაც გულისხმობს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება (მუხლი 14).
  • აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები - ადამიანები იდევნებიან აზრისა და გამოხატვის გამო, პოლიციამ სპეციალური საშუალებებით ჩაახშო ინტერნეტი, რათა პროტესტის მონაწილეებს ვერ მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია  (მუხლი 17).
  • შეკრების თავისუფლების უფლება (მუხლი 21).
  • გარემოს დაცვის უფლება - კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ ყველას აქვს საჯარო სივრცით სარგებლობის, გარემოს დაცვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიღებისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება (მუხლი 29).
  • საპროცესო უფლებები - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სახელმწიფომ კი უნდა უზრუნველყოს საქმის სამართლიანი, დროული განხილვა (მუხლი 31).

ადამიანის უფლებების ასეთი მასობრივი დარღვევის ფონზე, მეორეხარისხოვანი ხდება დისკუსია იმაზე, კარგია თუ ცუდი ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი, კანონდარღვევით გაიცა ნებართვები თუ კანონის შესაბამისად, ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება ქვეყნისთვის კაბალურია თუ მომგებიანი, მშენებელი კომპანიისთვის მიწის გადაცემა სწორია თუ არა.

პროტესტის მონაწილეები რომ ცდებოდნენ კიდეც (რაც ასე ნამდვილად არაა), ეს არავის აძლევს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების ფეხქვეშ გათელვის უფლებას. სამწუხაროდ, არიან ქვეყანაში „მოღვაწეები“, ვინც ამ უსამართლობაზე ხმას არ იღებენ და სხვის თვალში თმის ღერის ძებნით არიან დაკავებული.  

რიონის მცველები მხოლოდ სოლიდარობას იმსახურებენ. მათ გასამხნევებლად მინდა გავიხსენო მაჰათმა განდის სიტყვები - მტერი ჯერ არ გამჩნევს, შემდეგ დაგცინის, შემდეგ გებრძვის და ბოლოს შენ იმარჯვებ. ახლა მტერი ბრძოლის ეტაპზეა გადასული, რომელშიც ჩართულია მთელი რეპრესიული მანქანა, დიდი ფული და გავლენები. ამ ბრძოლაში ხელისუფლებას ზოგი სადამსჯელო იარაღად ჰყავს გამოყენებული, ზოგი ფარად, ზოგი სასარგებლო იდიოტად და ზოგი ლეღვის ფოთლად. ბრძოლა არ იქნება იოლი. მაგრამ  ბრძოლა ხალხის, რიონის, ბუნების გამარჯვებით დასრულდება.

 

„ნამახვანი ჰესის“ ისტორია

სოფელ ნამოხვანთან გიგანტური ჰესის მშენებლობას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის სამინისტრო აპირებდა, რომელმაც 1969 წელს, „1971-1975 წლების საქართველოს ენერგეტიკის განვითარების გეგმაში“ შეიტანა თაღოვან-კაშხლიანი „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის სახელია „ნამოხვანი“, ჰიდროელექტროსადგურის პროექტს ეწოდა „ნამახვანი ჰესი“ (რუსულად Намахвани ГЭС). იმ პერიოდში ყველა დოკუმენტაცია რუსულ ენაზე დგებოდა და ხშირი იყო სახელების გადაკეთება იმის მიხედვით, როგორ უადვილდებოდათ რუსულენოვან ადამიანებს მისი გამოთქმა. ასე დაერქვა იმერული სოფლის, ნამოხვანის ადგილას დაგეგმილ ჰიდროელექტროსადგურს „ნამახვანი ჰესი“. ჰესის პროექტი 1960-იანების შემდეგ რამდენჯერმე თავიდან მომზადდა, მაგრამ მას მაინც შემორჩა საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შერქმეული, რუსულ ყაიდაზე გადაკეთებული სახელი. 

1983 წლისთვის, საკავშირო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, „ნამახვანი ჰესის“ დიზაინი ასეთი იყო: თაღოვანი კაშხლის სიმაღლე - 161 მეტრი, სიმძლავრე - 500 მგვტ, გამომუშავება - 1500 გვტ. სთ/წელი. ეს პროექტი 1985 წელს დამტკიცდა, თუმცა საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებამ (რომელსაც მნიშვნელოვანი მუხტი შესძინა ბუნებრივ და სოციალურ-კულტურულ გარემოზე დაგეგმილი გიგანტური ჰესების უარყოფითი ზემოქმედებით გამოწვეულმა საზოგადოების უკმაყოფილებამ) და საბჭოთა კავშირის დაშლამ, ის დიდი ხნით შეაჩერა. 

2008 წლის შემდგომ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა „გაეცოცხლებინა“ საბჭოთა პერიოდში ინიცირებული, მათ შორის სტალინის დროინდელი „გოელროს“ გეგმით გათვალისწინებული პროექტები.  ერთ-ერთი ასეთი იყო „ნამახვანი ჰესი“.

2009 წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა (საქართველოს მთავრობის სახელით) „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის“ განსახორციელებლად, ხელი მოაწერა მემორანდუმს თურქულ-კორეული კომპანიების კონსორციუმთან (შედიოდნენ თურქული Nurol Energy Production and Marketing Inc. („ნუროლი“), კორეული Korea Electric Power Corporation („კეპკო“) და კორეული SK Engineering and Construction Co. Ltd („სკე&სი“). 2010 წელს „კეპკომ“ კონსორციუმი დატოვა.

თურქულ-კორეული კონსორციუმის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებული პროექტი, საბჭოთა პერიოდში მომზადებულისგან განსხვავებით, სამი ჰესისგან შედგებოდა და სამი მუნიციპალიტეტის - ცაგერის, წყალტუბოსა და ტყიბულის ტერიტორიას მოიცავდა. მათი საერთო სიმძლავრე 450 მგვტ („ტვიში ჰესი“ - 100 მგვტ, „ნამახვანი ჰესი“- 250 მგვტ, „ჟონეთი ჰესი“ - 100 მგვტ.), ხოლო წლიური გამომუშავება - 1600 გვტ-საათი იყო. „ტვიში ჰესის“ ბეტონის გრავიტაციული კაშხალი იგეგმებოდა სოფელ ტვიშის და გონის მასივის ზედა ნაწილში. „ნამახვანი ჰესის“ თაღოვანი კაშხლის სიმაღლე 111 მეტრი, ხოლო  ჟონეთის თიხის გულიანი ქვაყრილის ტიპის კაშხალის სიმაღლე 31 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო. მანძილი „ჟონეთი ჰესსა“ და „ნამახვანი ჰესს“ შორის  7 კმ, ხოლო „ტვიში ჰესსა“ და „ნამახვანი ჰესს“ შორის კი - 18 კმ იქნებოდა.

2012 წელს ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონსორციუმმა ვერ შეასრულა მემორანდუმით აღებული გარკვეული ვალდებულებები და პროექტი ვერ გაგრძელდა.

2012 წლის 25 იანვარს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიმართა სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს, თავისი 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით, დაეფუძნებინა სააქციო საზოგადოება „ნამახვან ჰესების კასკადი“. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“  სს „ნამახვან ჰესების კასკადი“ 2012 წლის 26 იანვარს დააფუძნა.

სს „ნამახვანმა“ 2015 წელს მოამზადა პროექტი, რომელიც წინა პროექტებისგან განსხვავებით  მდინარე რიონზე ორი ჰესისგან   („ტვიში ჰესი“ და „ნამახვანი-ჟონეთი ჰესი“) შემდგარი კასკადის მშენებლობას გულისხმობდა. 

ამ პროექტზე 2015 წლის 25 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაამტკიცა. დამტკიცებული პროექტის თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდებარე, ორსაფეხურიანი, „ტვიში ჰესისა“ და „ნამახვანი-ჟონეთი ჰესისგან“ შემდგარი კასკადი. „ტვიში ჰესი“ უნდა ყოფილიყო 100 მგვტ. სიმძლავრის წყალსაცავიანი ჰესი, 343 გვტ/სთ წლიური გამომუშავებით. პროექტი ითვალისწინებდა 59 მ სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხლის მშენებლობას, წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი კი 100 ჰექტარი იქნებოდა. „ნამახვანი-ჟონეთი ჰესი“ უნდა ყოფილიყო 333 მგვტ სიმძლავრის, წყალსაცავიანი ჰესი, 1170 გვტ/სთ წლიური გამომუშავებით.  პროექტი მოიცავდა 99 მეტრის სიმაღლის ბეტონის თაღოვან-გრავიტაციული კაშხლის აშენებას, რომელიც შექმნიდა 500 ჰექტარი ფართობის ზედაპირის მქონე წყალსაცავს.

2017 წლის 17 იანვარს ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „Clean Energy Group Georgia. შპს „Clean Energy Group Georgia“ საქართველოში დაფუძნებული კომპანია იყო, რომლის 100%-იან წილს  ნორვეგიული „Clean Energy Group“ ფლობდა. კომპანიის წილი (90%) თურქულმა კომპანია „ენკა“-მ იყიდა, როს შემდეგაც, 2019 წლის გაზაფხულზე შპს „Clean Energy Group Georgia“-მ სახელი შეიცვალა და შპს „Enka Renewables“ ეწოდა.

ჰესის მშენებელმა კომპანიამ საქმიანობის დაწყების შემდეგ აღმოაჩინა, რომ 2015 წელს გაცემული სანებართვო დოკუმენტების საფუძველზე კასკადის მშენებლობა შეუძლებელი იყო, ვინაიდან არ იყო სათანადოდ გათვალისწინებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის გეოლოგიური და გეოდინამიური რისკები. ამიტომ ის იძულებული გახდა, რომ პროექტი გადაემუშავებინა და მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები თავიდან მოეპოვებინა.

2019 წლის 18 იანვარს სს „ნამახვანმა“ განცხადებით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. კომპანია აღნიშნავდა, რომ საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა კასკადის შემადგენლობაში შემავალი ორივე ძირითადი ჰესის პროექტში. სს „ნამახვანის“ ითხოვდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაედგინა, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე,  არსებობდა თუ არა ახალი გზშ-ის ჩატარების საჭიროება. კომპანიის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტებში „ტვიში ჰესს“ ეწოდა „ზემო ნამახვანი ჰესი“, ხოლო „ნამახვანი-ჟონეთი ჰესს“ - „ქვემო ნამახვანი ჰესი“. იცვლებოდა ორივე ჰესის დიზაინი, მდებარეობა და ენერგეტიკული მახასიათებლები: „ზემო ნამახვანი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე მცირდებოდა 100 მგვტ-დან 86.8 მგვტ-მდე, მაგრამ 343 გვტ სთ-დან 360 გვტ სთ-მდე გაიზრდებოდა ჰესის მიერ წლის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა. მცირდებოდა „ქვემო ნამახვანის ჰესის“ დადგმული სიმძლავრეც. ბეტონის თაღოვან-გრავიტაციული კაშხალი იცვლებოდა ბეტონის გრავიტაციული კაშხლით და მისი სიმაღლე 99 მეტრიდან 105 მეტრამდე იზრდებოდა. კაშხლით შექმნილი წყალსაცავის ზედაპირის ფართობი 10 ჰექტარით იზრდებოდა და 510 ჰექტარს აღწევდა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დაადგინა, რომ განახლებული პროექტი მნიშვნელოვნად ცვლის 2015 წელს დამტკიცებული პროექტს, რასაც შეიძლება მოჰყვეს გეოლოგიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების რისკების გაზრდა და გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება. ამის გამო, სამინისტრომ კომპანიას დაავალა „ზემო ნამახვანი“ და „ქვემო ნამახვანი“ ჰესებისთვის ახალი გზშ-ს მომზადება და ნებართვების ხელახლა აღება (ე.წ. სკრინინგის გადაწყვეტილება).

მთავრობა არ დაელოდა  გზშ-ს შედეგებს, მშენებლობის ნებართვას და 2019 წლის 25 აპრილს ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა კასკადის  (ზემო ნამახვანის (100 მგვტ) და ქვემო ნამახვანის (333 მგვტ) პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება.

2019 წლის 21 ნოემბრის N 2405 მთავრობის განკარგულებით, შპს „ენკა რინიუებლზს“ აღნაგობის უფლებით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა/ქონება გადაეცა, რომელიც ორივე - ზემო და ქვემო „ნამახვანის ჰესების“ პროექტების მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორიას მოიცავდა.

კომპანია „ენკამ“ არასათანადოდ შეასრულა სამინისტროს (სკრინინგის) გადაწყვეტილება, ვინაიდან   მხოლოდ „ქვემო ნამახვანი ჰესისთვის“ მოამზადა სკოპინგის ანგარიში (დამტკიცდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 1-ლი ოქტომბრის N 2-943 ბრძანებით) და შემდეგ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში (გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N 2-191 ბრძანებით). 2020 წლის 22 აპრილს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა დაამტკიცა. 2020 წელს დამტკიცებული პროექტის მიხედვით, „ქვემო ნამახვანი ჰესის“ დადგმული სიმძლავრეა 324 მგვტ. საპროექტო გამომუშავება 1135.7 გვტ სთ/წ. ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სიმაღლე - 105 მ.

ამრიგად, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, არაერთხელ შეიცვალა „ნამახვანი ჰესის“ დიზაინი (კაშხლის ტიპი, ზომა, წყალსაცავის მოცულობა, ფართობი, მდებარეობა და ა.შ.). შესაბამისად, იცვლებოდა პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე. ყველაზე მცირედ განსხვავდებიან 2015 და 2020 წლებში მიღებული პროექტები. თუმცა, ვინაიდან ამ პროექტებს შორის სხვაობა იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად იზრდება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების რისკები, რომ პროექტი დაექვემდებარა ხელახალ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

ამიტომ, სრულიად უსაფუძვლოა მტკიცება, რომ 1960-იან წლებში ან შემდგომ პერიოდში ჩატარებული კვლევები რაიმე წარმოდგენას იძლევა ახლანდელი პროექტის ავკარგიანობის შესაფასებლად.  გასათვალისწინებელია, რომ გარდა პროექტის დიზაინისა, ამ პერიოდის განმავლობაში იცვლებოდა ბუნებრივი და სოციალური გარემო (განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების და ჰიდროლოგიური რეჟიმის ჭრილში, ასევე სეისმოლოგიური აქტიურობის შესახებ მონაცემების გათვალისწინებით), სამეცნიერო კვლევების მეთოდები, საერთაშორისო და ეროვნული გარემოსდაცვითი კანონმდებლობა. გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან ბევრი ცოდნა დაგროვდა მსოფლიოში, ჩამოყალიბდა მდგრადი განვითარების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ განვითარებას გარემოს დაცვისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვით; 1970-იანი წლებიდან შეიქმნა და თანდათან დაიხვეწა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი - გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ჩვენთან კი რა ხდება - „ნამახვანი ჰესის“ სახელის არ იყოს, მასზე გადაწყვეტილების მიღების შინაარსიცა და პროექტის შეფასების მეთოდებიც 60 წლის წინანდელ რეალობაშია ჩარჩენილი.

რომელია „ნამახვანი ჰესის“ მთავარი პრობლემა - ეკოლოგიური საკითხები, ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება თუ მიწის გადაცემა?

აშენდეს თუ არა ესა თუ ის ჰესი - საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო პრაქტიკით - ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საფუძველზე უნდა მიიღებოდეს. გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის პროცესი, რომელმაც უნდა დაასაბუთოს პროექტის აუცილებლობა. ამ პროცესმა ასევე უნდა შეადაროს გარემოზე ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგი და მოსალოდნელი სარგებელი - გარემოსდაცვითი, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენების გათვალისწინებით. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, უნდა განსაზღვროს, ქვეყანისთვის პროექტის განხორციელებით მიღებული სარგებელი მეტია თუ ზიანი. მაგალითად, ჰესის მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავებული ეკონომიკური სარგებელი მეტი იქნება თუ ის ეკონომიკური და არამატერიალური ზიანი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს სახეობებისა და ეკოსისტემების განადგურებით, ბუნებრივი რესურსებისა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების  დეგრადაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვით, იძულებითი გადასახლებით და სხვა შეუქცევი ზემოქმედებით. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოების ინფორმირება და გადაწყვეტილების მიღებისას შინაარსობრივი მონაწილეობა. თუ გზშ-ს შედეგად დადგინდება, რომ პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს აყენებს შეუქცევად ზიანს, რომელიც შემსუბუქებასა და კომპენსირებას არ ექვემდებარება; შეუძლებელია მოსალოდნელი რისკების პრევენცია; მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელი ნაკლებია ბუნებრივი გარემოს და სოციალურ-კულტურული ღირებულებების დაკარგვით გამოწვეულ ზიანზე - მაშინ პროექტზე უარი უნდა ითქვას.   

ევროპარლამენტის 2014 წლის 18 დეკემბრის და 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუციებში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა შეასრულოს ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დიდი ჰესების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

ამის საპირისპიროდ, საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკით, ჰესის მშენებლობის შესახებ რეალური გადაწყვეტილება სულ სხვა წესითა და თანამიმდევრობით მიიღება. აქ მივდივართ „ნამახვანი ჰესთან“ მიმართებაში ხშირად დასმულ კითხვასთან: რომელია მთავარი პრობლემა - ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება, ინვესტორისთვის მიწის გადაცემა თუ ეკოლოგიური საკითხები? სინამდვილეში, სამივე ეს საკითხი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ზეგავლენას ახდენს ერთმანეთზე.

„ნამახვანი ჰესზე“ პროცესი „თავდაყირა“ წარიმართა: მთავრობამ კომპანიას, რომელსაც ჰესების კასკადის აშენება სურს, იქამდე დაუდო ხელშეკრულება (ქვეყნისთვის ყოვლად კაბალური) და განკარგულებით რიონის ხეობის მიწები გადასცა, ვიდრე ამ პროექტზე ნებართვები გაიცემოდა. უფრო მეტიც - გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა ეხება მხოლოდ „ქვემო ნამახვანი ჰესს“, ხოლო „ზემო ნამახვანი ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასება კომპანიას დღემდე არ განუახლებია. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებაც და გადაცემული მიწებიც ეხება როგორც „ქვედა ნამახვანის“, ისე „ზედა ნამახვანის“ ჰესებს.

მოკლედ გავიხსენოთ ქრონოლოგია

  • 2015 წლის 25 დეკემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გასცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N73 „ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციის პროექტზე“. კასკადი 2 ჰესს - „ტვიში ჰესს“ (100 მგვტ) და „ნამახვანი-ჟონეთის ჰესს“ (333 მგვტ) მოიცავდა. ამ დადებითი დასკვნის საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა.
  • აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებამდე და მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, 2015 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მოაწყო „ნამახვანი ჰესის კასკადის“ პროექტის პრეზენტაცია და გამოაცხადა ტენდერი პროექტის განხორციელების თაობაზე. ხოლო 2015 წლის 24 დეკემბერს სახელმწიფო კომპანია, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა „ნამახვან ჰესების“ კასკადის მშენებლობა, ფლობა, ოპერირებაზე. ენერგეტიკის სამინისტროს და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ეს ქმედებები, შეიძლება შეფასდეს, როგორც ზეწოლა გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოზე. სწორედ ამ ზეწოლის შედეგად ნებართვები გაიცა მეტად უხარისხო და  არასრულყოფილი გზშ ანგარიშის საფუძველზე, სადაც არ იყო წარმოდგენილი საკმარისი კვლევები, მათ შორის გეოლოგიურ და გეოდინამიკურ რისკებთან და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არჩეული იქნა უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი  თვალსაზრისით გაუმართლებელი ალტერნატივა.
  • ამ ნებართვების საფუძველზე კასკადის მშენებლობის დაწყება შეუძლებელი აღმოჩნდა (რაც ადასტურებს 2015 წლის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დაბალ ხარისხსა და ხაზს უსვამს გაცემული ნებართვების არაობიექტურობასა და უკანონობას). ამის გამო, სს „ნამახვანჰესმა“ 2019 წლის იანვარში, განცხადებით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ ორივე ჰესის პროექტში მნიშვნელოვან ცვლილებებს აპირებდა.
  • 2019 წლის თებერვალში კომპანიას დაევალა ახალი გზშ-ს მომზადება და შესაბამისად, ახალი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ახალი მშენებლობის ნებართვის აღება, პროექტზე, რომელიც მოიცავდა „ზემო ნამახვანის“ (ყოფილი „ტვიში ჰესი“) და „ქვემო ნამახვანის“ (ყოფილი „ნამახვანი-ჟონეთის ჰესი“) ჰესებს.
  • 2019 წლის 25 აპრილს ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა კასკადის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება, რომელიც „ზემო ნამახვანის“ (100 მგვტ) და „ქვემო ნამახვანის“ (333 მგვტ) ჰესებს მოიცავდა.
  • 2019 წლის 21 ნოემბერის N2405 მთავრობის განკარგულებით, შპს „ენკა რინიუებლზს“ აღნაგობის უფლებით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა/ქონება გადაეცა, რომელიც ორივე - ზემო და ქვემო „ნამახვანის ჰესების“ პროექტების მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორიას მოიცავდა.
  • 2020 წლის 28 თებერვალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მხოლოდ „ქვემო ნამახვანი ჰესის“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.
  • 2020 წლის 22 აპრილს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ „ქვემო ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ნებართვა დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ „ქვემო ნამახვანი ჰესის“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა გაცემულია გარკვეული პირობებით, რომლებიც ჯერჯერობით შესრულებული არ არის.

რომ შევაჯამოთ - მთავრობამ კომპანიას დაუდო ხელშეკრულება და გადასცა ტერიტორია  ჰესების მშენებლობისათვის, რომელთა უსაფრთხოებაზე, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენის მასშტაბზე და მომგებიანობაზე ჯერ ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინაიდან ჯერ არ იყო დაწყებული  კანონით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი: გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება, გარემოსდაცვითი და მშენებლობის ნებართვების გაცემა.

წინასწარ ხელშეკრულების დადებით და მიწის გადაცემით მთავრობა გახდა საკუთარი გადაწყვეტილებების მძევალი, რამაც განაპირობა ის, რომ როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების (ნებართვის) გაცემის პროცესი, ისე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესი, წარიმართა არაობიექტურად და კანონდარღვევებით.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი გამონაკლისი არ არის და ყველა ჰესზე ამ თანამიმდევრობით მიიღება გადაწყვეტილება.

ირაკლი მაჭარაშვილი

„მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში