საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჩემი საქციელი უღირსი იქნება, თუ ნამოხვანის ჰესებზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ - მეუფე სტეფანე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:21 - 24 ნოემბერი 2020 hits 14732
ფოტოზე - ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე
გარემოს დაცვა
ფოტოზე - ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე

„ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ამ ადამიანების დარბევა. ვცდილობდი, ნამოხვანის ჰესების საკითხზე ღიად არ მესაუბრა, მაგრამ დღეს სხვა გზა არ დამრჩა. იმ დარბევის შემდეგ, ჩემი საქციელი იქნება ყოვლად უღირსი, თუ ხმამაღლა არ ვილაპარაკებ. მოსახლეობას უფლება აქვს იცოდეს, რა საფრთხის წინაშე დგას ეს კუთხე. თუ სიმართლე ხელისუფლების მხარეზეა, ის შეგიძლია არგუმენტებით დაიცვა, არ არის საჭირო ხალხის ცემა. ამით მეც თავში ჩამარტყეს“, - აცხადებს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე.

მღვდელმთავრის თქმით, ვერც ყოფილი და ვერც ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ ასაბუთებს, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადი რეგიონისთვის უსაფრთხოა და მომგებიანია ქვეყნისთვის.

„ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიგეგმა, მაგრამ მაშინ დაიბლოკა გარემოზე ზემოქმედების, მდინარის თავისებურებების, ქუთაისის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით. სააკაშვილის ხელისუფლებამ „ნაფტალინიდან“ ამოიღო ეს პროექტი და ხელახლა შემოიტანა. მოსახლეობა შფოთავდა, რადგან ახსოვდათ, წლების წინ რატომაც დაიბლოკა. მაშინ მე დავესწარი შეხვედრას ცაგერის კულტურის სახლში, ხელისუფლების, კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები იყვნენ. როცა უსაფრთხოებაზე დაისვა კითხვები, ექსპერტები ვერ ასაბუთებდნენ. 2012 წელს, „ქართული ოცნება" რომ ატარებდა წინასაარჩევნო შეხვედრებს, მაშინ ითქვა, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა უნდა შეწყდეს. თან ნამოხვანის კასკადი ერთი ჰესი არ არის, ჯერ სამი უნდა ყოფილიყო და ახლა ორზე დაიყვანეს. ოღონდ, ენგურჰესის შემდეგ, მაინც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესი გამოდის. მეორედ, ცაგერის კულტურის სახლში შეხვედრა უკვე ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის დროს ჩატარდა. არადა, მანამდე ამბობდნენ, რომ ეს ჰესი არ უნდა აშენებულიყო. ამ შეხვედრაზეც მივედი. გამორიცხულია, რომ არ დავსწრებოდი. მთელს ლეჩხუმსა და იმერეთს ეხება. იტბორება ჩვენი ეპარქია და თუ დაინგრა, ქუთაისსაც წაიღებს.

ჯერ იმაზე ვილაპარაკეთ, რას მოიგებს საქართველო თუ ლეჩხუმის ერთ-ერთ ნაწილს გავწირავთ და წყალში ჩავძირავთ თავისი მიკროკლიმატით. ექსპერტებმა ვერ გვითხრეს, რა მოგებას მოიტანს ეს პროექტი ეკონომიკური თვალსაზრისით.

სახელმწიფო 10 ცენტად აზღვევს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, რომელიც გარანტირებულად უნდა გადაუხადოს კომპანიას. აზერბაიჯანსა და თურქეთში გაცილებით ნაკლები ღირს. შენ თუ ამ ელექტროენერგიის გაყიდვა გინდა, როგორ უნდა მიყიდო ისეთ ქვეყანას, სადაც 5 და 6 ცენტი ღირს? ისევ ჩვენ გაგვეზრდება ტარიფი.

ამასთან, იქ არის სეისმური ზონა. გვახსოვს 8 ბალიანი მიწისძვრა რაჭაში (1991 წელს). რაღაც რომ მოხდეს, ნამოხვანის ჰესების კაშხლები გათვლილია 5 ბალზე. ჯერ-ჯერობით არცერთი დასკვნა არაა რეალურად დადებული. იქ სულ კარსტული მღვიმეებია, სიცარიელეა მთებს ქვემოთ. თუ დამბამ მიწისძვრას გაუძლო, შესაძლოა წყალი ამ მღვიმეებში გაიპაროს და ამოავსოს. ამ მღვიმეების მხოლოდ ერთი ნაწილია პრომეთეს მღვიმე.

ჩემთან მოვიდნენ კომპანია „ქლინ ენერჯის“ წარმომადგენლები და ითხოვეს შეხვედრა. ჯერ ეს კომპანია იყო ინვესტორი, ვიდრე ამ პროექტს „ენკა რინიუებლზს“ გადაულოცავდნენ. სურდათ აეხსნათ, რა სიკეთე მოაქვს ნამოხვანის ჰესების კასკადს. შეხვედრაზე დავთანხმდი, ოღონდ ჩვენთვის სანდო სპეციალისტების თეა გოდოლაძის, ნინო ჩხობაძის, მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობით. მთავარი იყო გეოლოგიური კვლევა. დაგვპირდნენ, ამაზე ვმუშაობთ და მოგიტანთო. არაფერიც არ მოუტანიათ“, - აღნიშნავს მეუფე სტეფანე „ობიექტივის“ ეთერში და იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც პროექტი ახალ ინვესტორს გადაეცა, თურქული კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდა და ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ ტაძრის აშენება შესთავაზა.

„კომპანია„ენკა რინიუებლზმა“ ჯერ ჩემი ნათესავი დანიშნა საინფორმაციო ცენტრის უფროსად, რომელიც მოვიდა ჩემთან და მითხრა, ყველაფერს გააკეთებდნენ, თუ დავთანხმდებოდი. მე ვუთხარი, რომ მხარე არ ვარ და მჭირდებოდა ზუსტი ინფორმაცია, სანდო კვლევები, რომ ხალხს არ შეეშინდეს. ამის მერე თურქული კომპანიის ხელმძღვანელი შემხვდა და თანხმობის სანაცვლოდ, ტაძრის აშენება შემომთავაზა. რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა მოსახლეობის თხოვნით, რომლის მოდერაციასაც ჩვენ ვახდენდით. სხვა შეხვედრებზე არ ასწრებენ ადგილობრივებს. სადღაც, ფარცხანაყანევიდან მოჰყავთ ხალხი, ვისაც საერთოდ არ ეხებათ, ისინი კი თავს უქნევენ და ეთანხმებიან“.

ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსს ხელისუფლებასთან კითხვები აქვს უკვე აშენებულ და ექსპლუატაციაში შესულ ჰესებზე მომხდარ ავარიებთან დაკავშირებით, რასაც ადამიანებიც შეეწირნენ.

„აჭარაში რამდენიმე წლის წინ აშენდა ჰესი, მალევე ჩამოინგრა გვირაბი. ამასთან კაშხალსაც ხვრელი გაუჩდა და წყალი გასდის. რამდენ ხანს გაუძლებს ასე? ერთი ადამიანიც კი არ არის პასუხისგებაში მიცემული. ზუსტად იგივე კომპანიები მონაწილეობენ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის შედგენასა და მშენებლობაში. ყაზბეგშიც, მთა რომ ჩამოინგრა, დარიალი ჰესი დაანგრია და 13 ადამიანი იმსხვერპლა. პასუხი იქაც არავინ აგო.

ნორმალური ურთიერთობაა საჭირო მოსახლეობასთან, როცა ითხოვენ გარკვევას, რა ელით. მშენებელი კომპანია რომ მივიდა და ყოველგვარი კანონის დარღვევით დაიწყო შენება, ის შეიძლება და გზის გადაკეტვა არა?“.

 

ნამოხვანის ჰესების კასკადის შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე.

2020 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიას უფლება აქვს ჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ აწარმოოს. კომპანიას საექსპერტო დასკვნების წარდგენა დაევალა. მანამდე მხოლოდ მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების ჩატარება შეუძლია. „ენკა რინიუებლზის“ მოთხოვნილი დოკუმენტები ჯერ არ წარუდგენია, თუმცა რიონის ხეობაში რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად გადათხარა, განადგურებულია ნამოხვანის ჩანჩქერი, აშენებულია 500 კაცზე გათვლილი დროებითი ბანაკი, შენდება ბეტონის ქარხანა და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზები და ხიდი.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ.

კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში.

წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 31-ე დღეა რიონის ხეობაში აქციას მართავენ. სოფლების ტვიშის, მექვენას და ნამოხვანის მცხოვრებლებს სადღეღამისო მორიგეობა ჯერ ნამოხვანში ჰქონდათ დაწესებული, იქ, სადაც ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. 29 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართეს ათობით პოლიციელის ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად. სასულიერო პირებმა ჯვარი იმავე დღეს აკურთხეს.

აქციის მონაწილეების უწყვეტი პროტესტის შემდეგ კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა სოფელ ჟონეთში, კომპანიის მეორე ბაზასთან გადაინაცვლეს და ახლაც იქ არიან.

14 ნოემბერს გამართული აქცია იმერეთის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“, რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა სრულად გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვას. მშენებლობის ნებართვების გასაუქმებლად აქციის ორგანიზატორები სასამართლოშიც დავობენ, 7 თვის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

ამ თემაზე:

ნამოხვანის ჰესებზე ხმა წინა ხელისუფლების დროს უნდა ამოეღოთ - ქუთაისის ეპისკოპოსი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში