საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ჯარა“ – დოკუმენტური ფილმი ქართულ ტრადიციულ მეფუტკრეობაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:56 - 11 აპრილი 2017 hits 10908

ოდესღაც, სანამ მოაშინაურებდნენ, ფუტკარი თაფლს ხის ფუღუროში აგროვებდა. ადამიანმაც უკვე მოშინაურებული ფუტკარი ხის დიდი მორებისგან გაკეთებულ ფუღუროში დააბინავა. ამ ფუღუროს კი ჯარა, ანუ გეჯა უწოდა. ფუტკრებიან ჯარას მაღალი ხის ტოტებზე, მოუწვდომელ ადგილას ან კლდეზე ათავსებდნენ. ასეთ დროს ადამიანი ნაკლებად ერეოდა ფუტკრის საქმიანობაში და თაფლიც, დღევანდელი სკისგან განსხვავებით, უფრო ბუნებრივი გამოდიოდა.

მეფუტკრეობის ასეთი უძველესი ტრადიცია დღეს საქართველოში მხოლოდ მთიან აჭარაშია შემორჩენილი, სადაც კარგად გვაქვს შენარჩუნებული ბიომრავალფეროვნება და ჯერ კიდევ ნახავთ მეფუტკრეებსაც, მთიან და ბუნებრივ პირობებში ბუნებრივთან მიახლოებულად რომ აშენებენ ფუტკარს.

„ჯარა“ - ასე ჰქვია ქართულ ტრადიციულ მეფუტკრეობაზე გადაღებულ ფილმსაც, რომლის პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. ფილმი სტუდია EcoFilms-მა გადაიღო.

ფილმის რეჟისორი ნიკა წიკლაურია. ის ჰელენ ბრედბერისთან ერთად არის პროდიუსერიც, დამდგმელი ოპერატორია გია ვაწაძე, ოპერატორი - ნიკა ქერდიყოშვილი, მემონტაჟე - ელენე ასათიანი, კომპოზიტორი - დავით მალაზონია.

„ჩვენ გვინდოდა გადაგვეღო ფილმი ადამიანისა და ბუნების თანაარსებობაზე. მეფუტკრეობაც იშვითი საქმიანობაა, ადამიანი მოიხმარს ბუნებრივ რესურსს, მაგრამ არ ვნებს ბუნებას“, - ამბობს რეჟისორი და ფილმში, მართლაც საინტერესოდაა დანახული ბუნების მრავალფეროვნება და ადამიანის საქმიანობა: ნაჩვენებია კავკასიური მურა დათვისა და მგლების შებრძოლება, როჭოების საქორწინო რიტუალები, ბათუმის ძაბრი და გადამფრენი ფრინველები, წარმოჩენილია ეკოტურიზმი, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები - მათ შორის ჯარას გაკეთება.

კინოსა და თეატრის მიმომხილველი დავით ბუხრიკიძე წერს: „ნიკა წიკლაურმა გადამღებ ჯგუფთან ერთად, მოახერხა, რომ ველური ბუნება ასეთი ცოცხალი, პოეტური და უშუალო ფორმით ყოფილიყო ასახული, თანაც ადამიანებთან ჰარმონიაში. ბოლო დროს თითქმის არ მახსენდება შემთხვევა, როცა საქართველოში ველური ბუნების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს მაყურებლის ასეთი ინტერესი და, შესაბამისად, ასეთი ერთსულოვანი მოწონება გამოეწვია“.

ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით 200 ათასი ლარია. ფილმის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ (Mercy Corps), ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში