საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთის ღვინოები ახალი ღვინის ფესტივალზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:31 - 12 მაისი 2019 hits 16517

მესამე წელია, რაც მირიან ჭიღვარიას რაჭაში, სოფელ ჭრებალოში ხვანჭკარა მოჰყავს. წელიწადში ათ ტონა ყურძენს ამუშავებს. მაღალი ხარისხის ღვინო ექსპორტზე რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში გააქვს. მირიანი ერთ-ერთია მთიანი რეგიონებიდან, 11 მაისს, თბილისში გამართული ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილეთა შორის.

„ღვინის კულტურა ნაწილობრივ უწყობს ხელს ადამიანების დაბრუნებას რაჭაში, მაგრამ ახალგაზრდას რომ მოტივაცია ჰქონდეს, რაღაც საინტერესო უნდა შესთავაზო. ის დაფინანსებები, რაც არის დღესდღეობით, არ არის ძალიან მიმზიდველი და ხელსაყრელი. ცოტა უფრო სერიოზული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს, რომ ამ მხრივ უფრო სწრაფად დაიწყოს წინსვლა. თვითონ ფესტივალი ცნობადობის ამაღლებისთვის ძალიან კარგია“.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ წელს მეათედ ჩატარდა და მასში კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან 153 მცირე მარნის მფლობელი მონაწილეობდა.

„ამ ათი წლის მანძილზე ვცდილობთ ასპარეზზე გზა გავუხსნათ ახალ, მცირე მარნებს. რაც მთავარია, ყოველწლიურად ახალი სახელები გვემატება. ფესტივალში მონაწილეობა უკვე ნიშნავს ძალიან სანდო და მყარი კონტაქტების დამყარებას, ადგილობრივ და უცხოელ ღვინის გამყიდველებთან. აქ წარმოდგენილი ღვინოები გააქვთ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენთვის სტრატეგიულია, არა რუსეთის ბაზარზე, არამედ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში და ბრიტანეთში“, - ამბობს მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის დამფუძნებელი.

ალექსანდრე ქურციკიძემ ბოთლში ღვინის ჩამოსხმა წელს დაიწყო და ფესტივალშიც პირველად მიიღო მონაწილეობა. ვენახი მასაც რაჭაში, სოფელ ჭრებალოში აქვს გაშენებული. წულუკიძის თეთრა მოჰყავს, რომლითაც ნახევრად მშრალ ღვინოს ამზადებს.

„ოჯახური ტექნოლოგიით არის მოყვანილი. დაწურული ღვინოები, რომლებიც ფესტივალზე იგზავნება, დეგუსტაციას გადის და 600 ღვინიდან 153 საუკეთესოში რომ მოხვდა, უკვე ხარისხის მაჩვენებელია და სხვა ღვინოებთან შედარებით პრიორიტეტის მომნიჭებელიც. ფესტივალი ხელს გვიწყობს ცნობადობის ამაღლებაში, რაც საოჯახო მარნებისთვის ძალიან აუცილებელია, ოჯახში წარმოებული ღვინოები უფრო ფართო ასპარეზზე რომ გავიდეს“.

ფესტივალში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ზურაბ ავალიანმაც. ქედაში, სოფელ დანდალოში, წელიწადში 5 ტონა ჩხავერსა და 7 ტონამდე ცოლიკაურს აწარმოებს.

„მთისა და ზღვის ნაზავი კლიმატია ქედაში. საუკეთესო ცოლიკაური და ჩხავერი მოდის და საუკეთესო ღვინოები დგება. საოჯახო მარანი მაქვს. ტრადიციულად, მთელი ოჯახი ყოველთვის მეღვინეობით იყო დაკავებული. პირადად  მე 15 წელია ვარ ჩართული ამ საქმიანობაში.

ფესტივალები ძალიან კარგია. დაინტერესებული პირები მოდიან, სავიზიტო ბარათები მიაქვთ და კონტაქტები იცვლება. მე პირველად ვიღებ მონაწილეობას და კმაყოფილი ვარ“.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2019“ მთაწმინდის პარკში გუშინ გაიმართა. ღონისძიება მრავალჟამიერის თანხლებით,  ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით დაიწყო. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეულ საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო ინახება, რომლის დაგემოვნების საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს. ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში