საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

20 წლის თემურ კახეთელიძე - ერთადერთი სტუდენტი ვეტერინარი ონიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:24 - 08 თებერვალი 2019 hits 14195

20 წლის თემურ კახეთელიძე ერთადერთი სტუდენტია ონიდან, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცხოველეობაზე სწავლობს. თემური ჯერ მესამე კურსის სტუდენტია და უკვე მუშაობს ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ფერმაში ვეტერინარის თანაშემწედ.

ვეტერინარია მისი არჩევანი ბავშვობიდანაა. ცხოველები და მათი მოვლა ბაბუამ შეაყვარა, რომელიც რაიონის მთავარი ვეტექიმი იყო. სკოლის დამთავრებამდე დარწმუნდა, რომ ვეტერინარია მოთხოვნადი პროფესიაა და დასაქმება არ გაუჭირდებოდა:

„რაჭაში ახალგაზრდა ვეტერინარს საერთოდ ვერ ნახავთ. მე ვინც ვიცი, სულ ორი ვეტექიმია. ერთი 60 წელს, მეორე კი 50-ს ზემოთაა.

ჩვენს სოფლებში მესაქონლეობა რომ აღარ ვითარდება და რაჭა იცლება, ერთ-ერთი მიზეზი ვეტერინარების არყოფნაცაა. პირუტყვი ავად რომ გახდება, არ იციან ვის დაურეკონ, ვერ მკურნალობენ. ამიტომაც ეხოცებათ. ერთ წელს რომ მოუკვდება, შემდეგ წელს აღარ უღირს იმას“.

საქართველოში ვეტერინარების დეფიციტია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში ვეტერინარის საშუალო ასაკი 60 წელია, ახალგაზრდებში კი ეს პროფესია პოპულარული არ არის.

სააგენტოს უფროსის მოადგილის დემნა ხელაიას თქმით, აგრარული უნივერსიტეტი წლის განმავლობაში მხოლოდ 10-12 ვეტერინარს უშვებს, არადა ქვეყნის მასშტაბით 600-მდე ვეტერინარი გვჭირდება: „ახალკურსდამთავრებულთაგან უმეტესობა ვეტერინარულ კლინიკებში იწყებს მუშაობას, ძირითადად თბილისში. ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ვეტერინარების კატასტროფულად მცირე რაოდენობის მომზადება ხდება“.

უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, თემურ კახეთელიძე თბილისიდან რაჭაში დაბრუნებას აპირებს: „პრინციპში, თავისუფალი დრო როცა მაქვს, არდადეგებზე, ისედაც ონში ვარ და პრაქტიკას „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეცხოველეობის კომპლექსში გავდივარ. აქ ცხოველის მოვლას, კვებას, ხელოვნურ განაყოფიერებას, ჯიშების გამოყვანას ვსწავლობ. ჩემთვის და რეგიონისთვისაც ეს სამომავლოდ ძალიან კარგია. ჯიშების გაუმჯობესების გარეშე მეცხოველეობა ვერ განვითარდება“.

ზამთარში ონში მისი თანატოლები თითქმის აღარ არიან, მაგრამ მაინც ოპტიმისტური განწყობა აქვს. ფიქრობს, რომ ახალგაზრდები რაჭაში დაბრუნდებიან - „მესაქონლეობა თუ განვითარდა, ახალი საწარმოები თუ გაიხსნა, შეიძლება წელს და მომავალ წელს არა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, რაღაც შეიცვლება და დაბრუნდებიან აუცილებლად“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში