საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ქართული ყველის ტრადიციული და ინოვაციური სახეობები თბილისის ყველის ფესტივალზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:37 - 18 ნოემბერი 2017 hits 13912

ყველის რიგით მე-12 ფესტივალზე, რომელიც დღეს, თბილისში, ვარდების მოედანზე გაიმართა, საკუთარი პროდუქცია ყველის მწარმოებელმა 50 კომპანიამ, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა წარადგინეს.

ფესტივალში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და ყველის ტრადიციულ, თოთხმეტივე დარეგისტრირებულ სახეობასთან ერთად, სტუმრებს ახალი, ინოვაციური პროდუქციაც შესთავაზეს. სახეობების მიხედვით, ყველის ფასი 10-15 ლარიდან - 89 ლარამდე მერყეობდა.

ღონისძიების ფარგლებში, მწარმოებლებმა დამთვალიერებელს ყველის ამოყვანის მეთოდები, ასევე, დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და ყველის სხვა სახეობების დამზადების პროცესი გააცნეს.

ფესტივალის სტუმრებს საქართველოში წარმოებული ყველის არაერთი სახეობის, მათ შორის: დამბალ-ხაჭოს, მუჩლის, გუდას, ჩეჩილის, ჩლეჩილის, ჩოგის, ტენილის, ნარჩვის, სულგუნის, თაფლსა და ღვინოში დავარგებული ყველის, შებოლილი ყველის, ჭაჭამოდებული და თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაციისა და ყიდვის საშუალება ჰქონდათ.

მეყველეთა გილდიის თავმჯდომარის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის განცხადებით, წლევანდელი ყველის ფესტივალი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნელ-ნელა მაღლდება ღონისძიების დონე და მონაწილეები უფრო კრეატიულები ხდებიან.

მისივე თქმით, ყველის ფესტივალის მონაწილე მეწარმეების უმეტესობის პროდუქტი ეტიკეტირებულია და კარგად არის შეფუთული. ყველაფერი ეს კი იმის გარანტიაა, რომ ქართული ყველის როგორც იერსახე, ასევე გემოვნური თვისებები უფრო და უფრო დაიხვეწება და მსოფლიო მეყველეთა დიდ ოჯახში საქართველო სერიოზულ განაცხადს გააკეთებს:

„2018 წელი ყველის წლად უნდა გამოცხადდეს. ეს სიახლე დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად დავაანონსეთ. ამ წლის განმავლობაში, საქართველოში წარმოებულ თითოეულ ყველს, მათ შორის მთის ყველს, საკუთარი ფესტივალი ექნება. მთის ყველის ფესტივალზე მხოლოდ მთიანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია იქნება წარმოდგენილი“.

შეგახსენებთ, რომ ყველის ფესტივალი საქართველოში პირველად 2010 წელს ჩატარდა. მას შემდეგ, ღონისძიება ყოველწლიურად, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმეც კი იმართება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში