თიანეთის რაიონის დაბა სიონში, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 30 ივლისს დამბალხაჭოს რიგით მეექვსე ფესტივალი და გამოფენა-გაიყიდვა გაიმართა. ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ექვსმა მწარმოებელმა წარმოადგინა.
დამბალხაჭო ტრადიციული ფშაური პროდუქტია. საკვებად გამოიყენება როგორც მშრალად, ყველივით, ასევე, მისგან ამზადებენ ხინკალს, ხაჭაპურს და სფეციფიკურ ფშაურ კერძს - ხაჭოერბოს, რომლის მომზადებისას იგი ცხელდება დიდი რაოდენობის ერბოსთან ერთად. როგორც მთაში ამბობენ, „დამბალხაჭო - ეს არის ძმობილი ჟიპიტაურისა და ნივრის კბილისა“. მას ასევე უხდება მშრალი თეთრი ღვინო, ლუდი და ყავა. დამბალხაჭოს მაისიდან-ოქტომბრის ჩათვლით ამზადებენ. წარმოების არეალი ერწო-თიანეთს, ივრის ფშავს და არაგვის ფშავს მოიცავს. მცირე რაოდენობით მზადდება ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობის ფშაურ სოფლებში.
ალექსანდრე ჯიმშიტაშვილი თიანეთიდანაა. დამბალხაჭოს თავიდან მისი მშობლები ამზადებდნენ. ტრადიციული პროდუქტის მომზადება და გაყიდვა ოჯახურ ბიზნესად აქცია და წლებია, რაც მას მეუღლესთან ერთად უძღვება.
დამბალხაჭოს წარმოება და გაყიდვა ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. პროდუქციას სახლიდანაც ყიდის და ბაზარშიც, ზოგჯერ თბილისიდანაც აკითხავენ მყიდველები. ფესტივალზე ერთ კილოგრამ დამბალხაჭოს 25 ლარად ყიდის. ამბობს, რომ მომგებიანი ბიზნესია, თუმცა „შემოსავალი არ დაუბალანსებია“ და არ იცის სუფთა მოგება რამდენი რჩება.
დამბალხაჭოს რიგით მეექვსე ფესტივალის ორგანიზატორი არასამთავრობო კავშირ „ჩვენი ფშავი“-ს გამგეობის თავმჯდომარე, მარიამ ხუცურაულია.
პროდუქტის პოპულარიზებისთვის პირველი ფესტივალი 2011 წელს მოაწყო. მაშინ მხოლოდ 8 ადამიანი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც დამბალხაჭო შედარებით მოჭარბებული რაოდენობით ჰქონდა და გასაყიდად გაიტანა. მისდა გასაოცრად, ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო და აქედან მოყოლებული, თითქმის მივიწყებული დელიკატესი საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. ამის დასტურად იხსენებს, რომ 2000-იან წლებში დამბალხაჭოს ფასი 3-5 ლარამდე მერყეობდა, დღეს კი მისი ღირებულება თითქმის 10-ჯერ გაიზარდა.
ზაფხული მთაში დატვირთული პერიოდია, შესაბამისად, ღონისძიებებს, როგორც წესი, შემოდგომასა და ზამთარში აწყობს. ფესტივალებში, საშუალოდ, დამბალხაჭოს მწარმოებელი 20 ადამიანი მაინც მონაწილეობს.
„დღეს დამბალხაჭოს პოპულარიზება სხვა სიმაღლეებსა და წრეებში სჭირდება. მოსახლეობის მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლები მის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. საწარმოები რომ გვქონდეს, გაცილებით მეტ პროდუქტს მივიღებდით. კარგი იქნება დამბალხაჭოს საზღვარგარეთ გატანასაც თუ მოვახერხებთ, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში“, - აღნიშნავს მარიამ ხუცურაული.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართული რძის ნაწარმის ექსპორტი აკრძალულია, სოფლის მეურნეობის მინისტრი დაპირდათ, რომ იზრუნებს, რათა 2018 წელს დამბალხაჭო ექსკლუზიურად გავიდეს ევროპაში.
ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე, ნუგელი ჯანაშვილი, დაბა სიონში ქალიშვილებთან ერთად, თიანეთის რაიონიდან, ახალსოფლიდან ჩამოვიდა. დამბალხაჭოს სისტემატურად ამზადებს. სახლშიც ყიდის და თიანეთის ბაზარშიც გააქვს, პროდუქციის ნაწილს კი თბილისში, მაღაზიებში აბარებს.
დამბალხაჭოს წარმოების იდეა მის გოგონას მოუვიდა აზრად, თანაც 20 წლის წინ, პირველ კლასში რომ იყო. დაფინანსება პროექტ „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში მოიპოვა და მეორე წელია ოჯახურ ბიზნესს უძღვება.
კილოგრამ დამბალხაჭოს საშუალოდ 20-25 ლარად ყიდის. დახლთან მისი ქალიშვილები დგანან, თავად კი ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების შეკვეთილ კერძს - ხაჭოერბოს ამზადებს.
„აწარმოე საქართველოში“-ს ბენეფიციარია ეკა დოჯურიშვილიც. სულ რაღაც ერთი წელია, რაც დამბალხაჭოს ამზადებს. საკუთარი ბრენდიც შექმნა და ბებიის საპატივცემულოდ - „მართა ბებოს ხაჭო“ დაარქვა. ხაჭოს გაზელვა სწორედ ბებიამ ასწავლა.
დამბალხაჭო თავადაც ძალიან უყვარს. წლებია დედაქალაქში მუშაობს და თიანეთში ჩასულს კარგი პროდუქტის შოვნა უჭირდა. ერთგვარად, ამანაც გადააწყვეტინა ის საქმე ეკეთებინა, რომელიც მოსწონს.
ინდმეწარმედ მხოლოდ გასულ წელს დარეგისტრირდა, ამიტომ ბიზნესის მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს, თუმცა ოჯახი გვერდში უდგას და სურს, რომ წარმოება გააფართოვოს.
ფესტივალის ფარგლებში დამბალხაჭოს საუკეთესო მწარმოებლებიც გამოავლინეს. პირველ ადგილზე ალექსანდრე ჯიმშილაშვილის პროდუქტი გავიდა. ჟიურის წევრის, მეყველეთა გილდიის თავმჯდომარის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, გამარჯვებულ ყველს კონკურენტებისგან: გემო, სურნელი, კანი, რბილი ქარვისებური შემოწერილობა, ზომიერი მარილიანობა და განსაკუთრებული არომატი გამოარჩევდა.
სამომავლოდ, სავარაუდოდ ნოემბერში, ფესტივალის ორგანიზატორები დიდი ღონისძიების გამართვას თბილისში გეგმავენ. ფიქრობენ, რომ დედაქალაქში უკეთ გამოჩნდება, როგორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა მოსახლეობას დამბალხაჭოსადმი.
P.S. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.