საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ქართული ენის უპატივცემულობა და კანონის მასობრივად დარღვევის ფაქტები გუდაურში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:31 - 14 აპრილი 2017 hits 11597

Hotel MARKO POLO, Hotel MONTE, Hotel CARPE DIEM, Hotel Restaurant CLUB-2100, FAST FOOD, Hotel TRUSO, Ресторан Грузинская кухня – კურორტ გუდაურში „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს სასტუმროებისა და კვების ობიექტების უმეტესობა არღვევს, მაგრამ პასუხს მათ არავინ სთხოვს. კანონის მიხედვით, ნებისმიერი სარეკლამო წარწერა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე უნდა გავრცელდეს.

სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურის ერთი ნაწილი (ძველი გუდაური) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია, მეორე ნაწილი (ახალი გუდაური) - დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

„კლუბი 2100“ ძველ გუდაურში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ობიექტს როგორც სახურავზე, ასევე ეზოში ცენტრალური გზის მხრიდან დიდი სარეკლამო წარწერა აქვს – Hotel Restaurant CLUB-2100, მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

„არ ვიცოდით, რომ სავალდებულოა ქართულ ენაზეც გვქონდეს სარეკლამო წარწერა. სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებთან გვიხდება ურთიერთობა, მათ შორის გამგეობასთანაც, მაგრამ ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. როგორც კანონი ითხოვს, აუცილებლად მოვიყვანთ შესაბამისობაში“, – უთხრა „მთის ამბებს“ კლუბის მენეჯერმა სოფო ხომასურიძემ.

ცენტრალური გზის მხრიდან სამი სარეკლამო წარწერა აქვს გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოს“. აქედან სახელწოდება „თრუსო“ ქართულ ენაზე, მხოლოდ პირველ სართულზე, კედელზე მიმაგრებულ სარეკლამო აბრაზეა შესრულებული. სასტუმროს მენეჯერი თეონა ქუთათელაძე ამბობს, რომ რეკლამის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესახებ არ იცოდა. „არც არავის მოუმართავს ამ საკითხზე, არც გაფრთხილება მიგვიღია. მეც ვფიქრობ, ქართულენოვანი წარწერა აუცილებლად უნდა გვქონდეს და უახლოეს პერიოდში გამოვასწორებთ“, – აღნიშნა სასტუმრო „თრუსოს“ მენეჯერმა.

რას ადგენს კანონი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი 1998 წლიდან მოქმედებს. კანონის მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი სარეკლამო წარწერა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს ქართულ ენაზე.

ამასთან, აბრაზე წარწერა, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება უცხოურ ენაზეც შესრულდეს, ოღონდ იმ პირობით, რომ უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას.

ამავე კანონით, ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.

სარეკლამო აბრის განთავსების წესების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.

„ასეთი გადაცდომის პირველად ჩადენის შემთხვევაში როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს გაფრთხილება მიეცემათ, ხოლო თუ გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში დარღვევა არ აღმოიფხვრა, მაშინ ფიზიკური პირები 200 ლარით, იურიდიული პირები კი 300 ლარით დაჯარიმდებიან. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, დამრღვევი ყოველთვიურად, იქამდე შეიძლება დაჯარიმდეს, ვიდრე არ გამოასწორებს“, – აღნიშნავს საინფორმაციო ცენტრების ქსელის იურისტი გელა შაშიაშვილი.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს აქვთ მინიჭებული. როგორც წესი, ეს არის გამგეობის (თვითმმართველ ქალაქებში - მერიის) ზედამხედველობის სამსახური.

რაც შეეხება სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებას, იგი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კომპეტენციაა.

არცერთი გაფრთხილება დარღვევებზე

ჩვენ დავინტერესდით, 2014 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 10 აპრილამდე რამდენი გაფრთხილება აქვთ მიცემული ყაზბეგის და დუშეთის გამგეობებს ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის სარეკლამო აბრის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ან რამდენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აქვთ შედგენილი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი ქირიკაშვილმა წერილობით გვაცნობა, რომ სარეკლამო აბრების განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებით არცერთი გაფრთხილება არ არის გაცემული. ასევე, არ არის შედგენილი არცერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

- სად არის აბრები განთავსებული წესების დარღვევით?

- გუდაურში.

- ხოდა არ გვაქვს არცერთი გაფრთხილება და ოქმი.

- მეც მაგას გეკითხებით, რატომ არ გაქვთ?

- გადავამოწმებ. ვნახავ სად დგას აბრები წესების დარღვევით და მერე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ყაზბეგის გამგებელმა.

რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის არცერთ ფაქტზე არ ჰქონია რეაგირება არც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

- რუსულ ენაზე რომ არის წარწერები, დარღვევაა?

- მნიშვნელობა არ აქვს, რომელ უცხო ენაზეა. თუ ქართულ ენაზე არ არის შესრულებული და არის რუსულად, ინგლისურად ან სხვა ენაზე, დიახ, კანონის დარღვევაა.

- კი, ქართულენოვანიც უნდა იყოს, მაგრამ ამაზე ოქმი არ შეგვიდგენია, – აღნიშნა დუშეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტმა სოსო ღარიბაშვილმა.

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომლის, მარიამ მანჯგალაძის თქმით, ამ მხრივ ძალიან სერიოზული პრობლემები დაგროვდა: „სახელმწიფო ენის კანონი რაღაც პერიოდი არ არსებობდა, მერე მიიღეს, მაგრამ რეალურად არ მოქმედებს. თუმცა სახელმწიფო ენის კანონის მიღებამდე იყო კანონი რეკლამის შესახებ, რომელიც მოქმედია, მაგრამ რეალურად არ მოქმედებს. რაც შეიძლება სწრაფად არის ეს საკითხი მოსაგვარებელი. სახელმწიფოს ერთ–ერთი ატრიბუტი არის სახელმწიფო ენა და აუცილებელია, პირველ რიგში დიდი ზომითაც კი უნდა იყოს გამოკვეთილი ესა თუ ის სახელწოდება ქართულ ენაზე. თუ არ დაჯარიმდა ის, ვინც არღვევს კანონს რეკლამის შესახებ, სხვა არ გაითვალისწინებს. არც ფიქრობენ ამის შესახებ. კარგი იქნება თუ ამაზე ვიმსჯელებთ, აქცენტს გავაკეთებთ რა როგორ უნდა იყოს დარეგულირებული“.

ფოტორეპორტიორ გოგა ჩანადირს, რომელიც სოციალურ ქსელში ეწევა კამპანიას „დაიცავი ქართული ენა ბარბარიზმებისგან“, მიაჩნია, რომ გუდაურში და საქართველოს სხვა რეგიონებში მხოლოდ ინგლისურად ან რუსულად შესრულებული სარეკლამო წარწერები, კანონის დარღვევის გარდა, ქართული დამწერლობის და ენის მიმართ უპატივცემულობაა.

„ერთია, რომ ირღვევა კანონი „რეკლამის შესახებ“, მაგრამ მეორეა, რომ

მე ვხედავ უპატივცემულობას ქართული ენის და დამწერლობის მიმართ. ეს არაჯანსაღი მოვლენაა. ადამიანები გაუცხოებულები არიან ქართულთან. მესმის, რომ წარწერები კეთდება ტურისტებისთვის, მაგრამ იქ მხოლოდ უცხოელი ტურისტები არ დადიან, იქ დადიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილმაც შესაძლოა არ იცის ლათინური დამწერლობა.

ამით ვიუცხოებთ საკუთარს და ეს გამოიწვევს შემდგომში არა მხოლოდ დამწერლობის, არამედ ენის დაკნინებას“, – ამბობს გოგა ჩანადირი და მომავალ კვირაში ახალი კამპანიის დაწყებას აანონსებს სახელწოდებით „ქართული აბრა“. კამპანიის ფარგლებში ფოტოგრაფი იმ კომპანიების ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს, რომლებსაც „ქართული აბრა“ აქვთ.

სტატიაზე მუშაობისას გუდაურში მდებარე სხვა სასტუმროებისა და კვების ობიექტების ხელმძღვანელ პირებსაც დავუკავშირდით. ისინი დაგვპირდნენ, რომ უახლოეს პერიოდში მათ ობიექტებზე კანონის დაცვით ქართულ ენაზე შესრულებული სარეკლამო წარწერები განთავსდება. „მთის ამბები“ ამ საკითხს ერთ თვეში დაუბრუნდება.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში