საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ტურისტული მარშრუტი, რომელმაც გუდამაყარ-ხევსურეთში დაცლილი სოფლები უნდა გააცოცხლოს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:05 - 05 ნოემბერი 2020 hits 12568

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ კიდევ ერთი ტურისტული მარშრუტი მოიკვლია და მისი მარკირებაც დაიწყო. ეს მარშრუტი გუდამაყრის ხეობისა და პირაქეთა ხევსურეთის დაცლილ და დაცლის პირას მყოფ სოფლებს უნდა დაეხმაროს, ეკოტურიზმის განვითარებით მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღონ. პროექტს მხარს საია და გერმანული ფონდი BFDW უჭერენ.

ბაკურხევი გუდამაყრის ხეობის ერთადერთი ხევსურული სოფელია. თბილისიდან მანქანით 2.5 საათის სავალზეა, თუმცა ცუდი გზის გამო, ჯობია მაღალი გამავლობის მანქანით იმგზავროთ. ბაკურხევი ორ უბნად, გორულად და საკერპოდაა გაყოფილი. მთელ სოფელში ორი ფიცხელაურიღაა შემორჩენილი, არადა, მოსახლეობის 2002 წლის აღწერით, აქ 20 ადამიანი ცხოვრობდა.  

ბაკურხევსა და პირაქეთა ხევსურეთის სოფლებს ფხიტურის უღელტეხილი ყოფს. გუდამაყრელი ხევსურების სოფლიდან უღელტეხილამდე 4 კილომეტრია. მდინარე საკერპოს ხევში მიმავალი აღმართი მარტივად ასავლელია. ტელეფონი ალაგ-ალაგ იჭერს. ძველი სამარხილე გზის ბოლოს საფეხმავლო ბილიკი ალპურ ზონაში აგიყვანთ. გზად ბევრგან შეგხვდებათ სასმელად ვარგისი წყაროები.

ბაკურხევიდან გზას ფეხით რომ დაადგებით, ორსაათნახევარში ფხიტურის უღელტეხილზე ხართ, საიდანაც ერთდროულად შეგიძლიათ დატკბეთ თებულოს, ჭაუხების, არხოტის უღელტეხილის, დიდი და პატარა ბორბალოს მწვერვალების ცქერით.

ზღვის დონიდან 2641 მეტრს აჩვენებს ჯიპიესი ფხიტურის ფუძის ანგელოზის ნიშთან.

ფხიტურის უღელტეხილთან მრავალი ისტორიული მოვლენაა დაკავშირებული. 1922 წელს, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმსა და ხევსურეთში აჯანყებულ გლეხებს წითელი არმია შეუსია, შეტაკება სწორედ ფხიტურის მისადგომებთან მოხდა. წითელმა არმიამ გაძარცვა და გადაწვა სოფლები ბუჩუკურთა, უკანახო, უბანი, აკუშო, კიმხი. ბრძოლის კვალი ფხიტურის უღელტეხილის კლდოვან მასივზე მიმოფანტული ცარიელი ვაზნების სახით, დღესაც შეგიძლიათ ნახოთ.

უღელტეხილიდან ბილიკი გუდამაყრის ქედს მარჯვნივ მიუყვება და 15 წუთის შემდეგ უკანახოს ტბას ზემოდან მოგვაქცევს. 2564 მეტრზე მდებარე ზურმუხტისფერ ტბასთან დაბანაკება შესაძლებელია, ფერდობიდან მტკნარი სასმელი წყალი გვიან შემოდგომაზეც მოედინება. კარგ ამინდში ადვილი შესამჩნევია ხევსურეთის სოფლები უკანახო და ბუჩუკურთა.

ტბიდან სოფელ უკანახოს სამანქანო გზამდე 4 კილომეტრია, გზა ჯერ ალპურ მინდორს, შემდეგ კი შერეულ ტყეს მიუყვება. მის გავლასაც საშუალო ტემპით ორი საათი სჭირდება. ბაკურხევიდან უკანახოს სამანქანო გზამდე სულ 9 კილომეტრია, ფეხით გავლა ერთ დღეშია შესაძლებელი, ღამისთევის მოყვარულებს დაბანაკება ტბის მიმდებარედ შეუძლიათ.

უკანახოში მხოლოდ ზაფხულშია ჭინჭარაულების ორი ოჯახი, ბუჩუკურთაც დაცლილია. იქაც მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდეა გოგოჭურების ერთი კომლი. გვიან შემოდგომაზე ამ სოფლებში აღარავინ რჩება, არადა ეს მარშრუტი ყველაზე ლამაზი სწორედ ოქტომბერშია.

ყოველ წელს, მარიამობის (28 აგვისტო) მომდევნო შაბათს უკანახოში სათემო დღესასწაულს ახოობას - ფუძისანგელოზობას აღნიშნავენ. ამ დღისთვის, დეკანოზი ჩოხიდან (გუდამაყრის ხეობის სოფელი), პირიმზის სალოცავიდან მოაბრძანებს დროშას, მორწმუნეები ერთად გადაივლიან ფხიტურს და დღის ბოლოს ხევსურეთში ბანაკდებიან. მეორე დღეს არის დღეობა, იკვლება საკლავი, დღეობის დასასრულს იმართება „ქვაბის წართმევის“ ცერემონიალი, რასაც კოდს უწოდებენ. მასპინძლები ოთხ კაცს არჩევენ, რომლებმაც კოდი უნდა დაიცვან, დანარჩენი მომლოცველები კი ლუდით სავსე ქვაბის წართმევას ცდილობენ. დიდი სახელია მასპინძლებისთვის თუ კოდი მათთან დარჩება და წართმევას ვერ მოახერხებენ. გუდამაყრელები უკან მესამე დღეს ბრუნდებიან.

უკანახოდან ბუჩუკურთამდე მანქანით 10 წუთში მოხვდებით, ბუჩუკურთადან სამანქანო გზა სოფელ ჩირდილისკენ ეშვება. გზა ჩირდილს გვერდს უქცევს, თუმცა სოფელი გადასახვევიდან 2 წუთის სავალზეა. ჩირდილში ღამისთევაც შეგიძლიათ და კვებაც, წინასწარი შეკვეთით. მუშაობს ახალი საოჯახო ტიპის სასტუმრო „მთის სახლი ჩირდილი“. შემოდგომის პირას, სოფელში პერიოდულად ტარდება არტფესტივალი.

ჩირდილიდან სოფელ ბარისახომდე მანქანით 15 წუთის სავალია. თუ მანქანა არ გყავთ, ფეხით უკანახოდან ბარისახომდე ჩასასვლელად დაახლოებით საათნახევარი დაგჭირდებათ. ბარისახო პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია და აქედან თბილისში ჩასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შესაძლებელია. მიკროავტობუსი ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას გადის ბარისახოდან თბილისში დილის 9 საათზე, დიდუბის ავტოსადგურიდან ხევსურეთში კი 4 საათზე ბრუნდება. მგზავრობის დრო დაახლოებით 2 საათია, ღირებულება 6 ლარი. ბარისახოში და მის მეზობლად მდებარე სოფელ კორშაში საოჯახო სასტუმროებიც არის და მაღაზიაც. დაბანაკება შეგიძლიათ კორშიდან ფეხით 5 წუთის სავალზე, ჩირდილის ხეობის შესასვლელში მოწყობილ საკემპინგე ცენტრშიც. სალაშქრო აღჭურვილობაც აქვთ, ხევსურულ ხინკალსა და კეცეულსაც გასინჯავთ.

ამ თემაზე:

ხევსურეთის უცნობი ციხე-სახლების მარშრუტი მარტოკაცების მხარდასაჭერად

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში