საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მკითხაობა ქაღალდის ნავებით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:50 - 09 თებერვალი 2017 hits 7164

ზღვის კაცია. ზღვა ხმელეთზეც არ ასვენებს, სულ ზღვის ამბებზე ყვება: გემზე ტვირთის სწორად გადანაწილების მნიშვნელობასა და ყოველ ექვს თვეში ერთხელ ეკიპაჟის შეცვლის აუცილებლობაზე, რომელ გრძედსა და განედშია ყველაზე სახიფათო წყლები და რომელში პირიქით, რამდენ კილომეტრს უდრის ერთი საზღვაო მილი და როგორ უნდა გაიყვანო გემი ბოსფორიდან უსაფრთხოდ ისე, რომ სხვა უამრავ გემთან შეჯახება აირიდო თავიდან.

დაუსრულებლად ლაპარაკობს, მაგრამ როცა ჩუმდება დიდი სიცარიელე ჩამოდგება ხოლმე მატარებლის ძველი, არსადმიმავალი ვაგონივით და მერე თვითონ თხოვ რამე ისევ გიამბოს, ისიც აგრძელებს:

მთელი იანვარი მივცურავდით ერთხელ ატლანტის ოკეანეში. ერთი გემიც არ შეგვხვედრია. ასეთ დროს, ბინოკლის არეალში თუ ბუზისტოლა გემი მოხვდა, გული გიჩქარდება, ელოდები, კიდევ უფრო როდის მოახლოვდება, დაშვებულ დროშას მაღლა სწევ, საზღვაო სიგნალს გზავნი და როცა მათგანაც საპასუხო სიგნალს იღებ, ხვდები რა დიდი სიხარულია ადამიანისთვის ადამიანი“.

ზღვის კაცს ყველაზე ზღაპრულ ამბად პირველი მოგზაურობა ახსოვს:     

არაფერი მქონდა ნანახი საკუთარი სოფლის და ბათუმის საზღვაო სასწავლებლის გარდა. 1976 წლის ზაფხული იდგა. 19 წლის იუნგა ვიყავი და ერთი სული მქონდა, ქვეყნები მენახა. მშვიდად გადავცურეთ შავი და ხმელთაშუა ზღვა, იტალიის პატარა ქალაქ ბრინდიზში შევჩერდით, მერე გიბრალტარის სრუტის გავლით ოკეანეში გავედით. როცა ხანგრძლივი ცურვის შემდეგ შორიდან ხმელეთი გამოჩნდა, თვალებს არ ვუჯერებდი: უცნაურ, მოძრავ, ფერად ზოლად მოჩანდა მიწა. ნელა მივუახლოვდით ნავსადგურს, რომელიც ფერადი ნავებით იყო მოფენილი, ნაპირზე კი მთელი ბრაზილია ცეკვავდა სამბას! კარნავალებით გვეგებებოდა რიო“.

ზღვის კაცი ერთ უცნაურ ზღვაზე ყვება ხშირად - უნაპირო და ყვავილოვან სარგასზე. ეს ზღვა ატლანტის ოკენის ჩრდილოეთით მდებარეობს და მხოლოდ დინებებითაა შემოსაზღვრული, ამიტომ უცნაურად თბილია მუდამ. მის ზედაპირზე უამრავი წყალმცენარე ტივტივებს, განსაკუთრებული ინტენსივობით გაზაფხულზე იფარება ზედაპირი წყალმცენარეებით და თუ გემს ამ პერიოდში აქვს გადასალახი სარგასი, მაშინ მეზღვაურები აუცილებლად ნახავენ ლურჯ-მწვანედ შეფერილი წყლის ყვავილობას.

ზღვის კაცის ოცნება ღია საზღვრებია. მან ჯერ არ იცის, რომ ოცნება უკვე აუსრულდა. მისი გემი ახლა ღია ზღვაშია, სადაც არ არის ინტერნეტი, არც ტელევიზია და აღარც  ტელეფონი იჭერს, მაგრამ რამდენიმე დღეში ხმელეთს მიუახლოვდება, კავშირი აღდგება და ზუსტად ვიცი, რომ მისი სიხარული სარგასის ზღვასავით უნაპირო იქნება, როცა ვიზალიბერალიზაციის ამბავს გაიგებს.

ერთი ძალიან სახალისო საიტი არსებობს, სადაც გემების მიმოსვლის ცოცხალი რუკაა მოცემული და შეგიძლია ნებისმიერი ხომალდი მოძებნო დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მეც ასე ვაკვირდები ზღვის კაცის გემის მარშრუტს და ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის, როცა მისი გემი ნაპირს შორდება, ქაღალდის ნავებით ვმკითხაობ: თუ სულის შებერვისას ნავი სწორად და სწრაფად გაცურდება, მოგზაურობა მშვიდი იქნება, თუ ადგილზე იტრიალებს, შტორმები გარდაუვალია, მაგრამ ზღვის კაცი გაუძლებს!

P.S. ახლობლებზე წერა უხერხულია, მაგრამ თუ მამა შორეული ნაოსნობის მეზღვაურია და თუ ჯერ კიდევ ძალიან შორს არის მისი გემი ხმელეთიდან, მგონი ეს უხერხულობა სულ ერთი ბეწოთი მაინც მცირდება. ალბათ ზღვის, მთის და უდაბნოს კაცების შვილებს ხანდახან შეგვიძლია თავისუფლად ვწეროთ შორს წასულ მამებზე, რომლებიც შტორმებს, უდაბნოს ქარიშხლებს და მკაცრ ზამთრებს ებრძვიან.

თამუნა ნერგაძე

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. ფილოლოგი ფრანგული ენის განხრით. მუშაობდა ქართული ენის ტრენერად სომხურენოვან სკოლაში.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში