საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჟამი დღეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:00 - 20 ნოემბერი 2013 hits 6494

ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, თუშები ყველაზე ეშმაკი სეპარატისტები არიან, თუშეთი ისე დავკარგეთ, არც გაგვიგია მეთქი. დაკარგულია, აბა, რა არის?! უკრაინაში სამჯერ ვარ ნამყოფი, თუშეთში არცერთხელ. ჩემისთანა კიდევ რამდენია და მეტი რა უნდა ტერიტორიის დაკარგვას.

არ მეგულება უფრო გაუდაბურებული მხარე, ვიდრე საქართველოს მთიანეთია - თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, ხევი... გადაუხვევ ანანურის გადასახვევს, დაიწყება უასფალტო გზა და უკაცრიელი სოფლები. ზოგი ისეთი ადგილია, მანქანის დანახვაზე გეკითხებიან, გზა ხომ არ აგერიათო. სამი მოხუცი აქ ცხოვრობს, ოთხი - იქით, კიდევ იქითა სოფელში მხოლოდ ერთი დედაბერი. საკვებს როგორღაც იმარაგებენ ზამთრისთვის, მაგრამ წამალი? ხევსურები ხუმრობენ კიდეც, ჩვენ ორი წამალი ვიცით, არაყი და დათვის ქონიო. ხუმრობა ხუმრობად და ხალხი კი იხოცება.

გუდამაყარში ქალი გავიცანი, ადგილობრივი გამგებელი, ოცამდე სოფელი ებარა. ოცამდე იმიტომ, რომ თითოეულში ალბათ რამდენიმე კაციღა ცხოვრობს. კრებიდან მოვდივარო, გვითხრა. კრება რაიონში იყო და იქ ჩასასვლელად სამი საათი ფეხით იარა, კიდევ სამი საათი სახლამდე მისვლას დასჭირდა. რა ილაპარაკეს იმ კრებაზე, რა საქმეები დაგეგმეს, არვიცი. საერთოდ რა უნდა დაგეგმო იმ ხალხისთვის, ვისაც ასეთ გზებზე უწევს ცხოვრება.

სამუშაო ადგილები ძალიან ცოტაა, თუ სადმე სკოლა იქნება ან ამბულატორია, ან ასე, ოცი სოფლის გამგებლად დაგნიშნავენ. მოსავალი მწირი მოდის, არც ღვინო, არც ხორბალი. ცხვარი ჰყავდათ ადრე და ახლა აღარც მას იჩერებენ, შენახვა ძვირი ჯდება. ძროხა, ღორი, ქათამი და მთავრობის დანიშნული პენსიაა აქაურების სარჩო. კაცები ხშირად სვამენ, საქმე მაინც არაფერი აქვთ, დრო და ზამთარი როგორმე ხომ უნდა გაიყვანო.

სოფელ ვეძათხევში ორი შეზარხოშებული ვნახეთ. ერთი წიკლაურებზე ხალისობდა, ბევრნი არიან, აგური თუ ჩამოვარდება, წიკლაურს დაეცემაო. კარგ ხასიათზე იყო. იქვე მდგომმა მეზობელმა ისე შეხედა, როგორც იმ წყალწაღებულს შეხედავენ ხოლმე, რომლის წყალწაღებულობასაც კარგა ხანია შეეჩვიე. ცოლად ამათ არავინ მისდევთ. აქ ვინ იცხოვრებს. დალევენ და მიეყუდებიან ერთმანეთსო, თქვა.

ძალიან ლამაზი და უპატრონოა იქაურობა.

ამ სილამაზის მეტი არც არაფერი აქვს გასაყიდი და სხვისთვის შესათავაზებელი. ეს ბათუმი არ არის, ფული ჩადო და ორ წელიწადში მოგებით ამოიღო. ამიტომაც არავის ახსოვს, არც ადგილობრივ მთავრობას და არც ცენტრალურს. მარტო იმდენს აკეთებენ, რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს, ხშირად კი ესეც არ გამოსდით.

მთიანეთი ისე ცარიელდება, როგორც კინოდარბაზი ფილმის დამთავრების შემდეგ. ვერაფრით ვერ გახდა მთავრობისთვის მთა პრიორიტეტი, თავისით და დახმარების გარეშე კი იქ ხალხი თავს ვერ ინახავს.

შატილში ვინც არ უნდა ჩავიდეს, ყველას ანატორის აკლდამებს აჩვენებენ. მე-18 საუკუნეში სოფელში ჟამი გაჩნდა და ყველა ამოწყდა. დაავადება რომ სხვას არ გადადებოდა, ანატორელები ამ აკლდამაში რჩებოდნენ სასიკვდილოდ. აი, იმ მთაზე ცხოვრობდნენო, შატილელებს ახსოვთ. იმ მთაზე ახლა აღარაფერი აღარაა, სანაცვლოდ აკლდამებია შიგ მიმობნეული ადამიანის თავის ქალებით.

მეორე მთაზე მაშინ გადარჩნენ, მაგრამ დღეს ზამთარში აქაც რამდენიმე კაციღა რჩება, დანარჩენები ბარში ჩამოდიან. ხალხთან ერთად საზღვარიც მოდის. შლაგბაუმი ადრე უფრო გაღმა ყოფილა, ახლა უფრო აქეთ გადმოსწიესო, ამბობენ. მუცო ზედ საზღვართანაა, შატილიც, უფრო სწორად მუცოს ციხე, შატილის ციხე, რამდენიმე ჭინჭარაული, რამდენიმე დაიაური და ანატორელების ძვლებით გავსებული აკლდამები.

თეა თოფურია

პოეტი, ჟურნალისტი. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების არაერთი კრებული. არის სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების, „Penმარათონის“, „საბას“, „წეროსა“ და „ გალას“ ნომინანტი და ლაურეატი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში