საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სალომე იდოიძე – ერთადერთი ქალი რეინჯერი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:24 - 10 ივლისი 2015 hits 10662

მეგობრული და გულისხმიერი – ეს ის თვისებებია, რომელიც რეინჯერს უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ყველა ეს თვისება გააჩნია საქართველოში ერთადერთ, თუშეთის დაცული ტერიტორიების ქალ-რეინჯერს, 23 წლის სალომე იდოიძეს.

სალომე თავის ასაკთან შედარებით ბევრად უფრო პატარად გამოიყურება. ამიტომაც, ბევრისთვის ძნელად წარმოსადგენია ქალი-რეინჯერი თუშეთში, სადაც ჯერ კიდევ პატრიარქალური შეხედულებებია შემორჩენილი.

შეხვედრის დროს სალომემ მანახა ლამაზი ხედების ფონზე გადაღებული სურათები, სადაც ის ცხენზეა ამხედრებული.

„ამასწინათ ცხენისთვის ტყავის მათრახი მინდოდა მეყიდა, მაგრამ გამყიდველმა გაიოცა - არ დაიჯერა, რომ მე ცხენით ჯირითი შემეძლო და სადომაზოხისტი მიწოდა. ახლა მე მისთვის მიმაქვს ეს სურათები - დავარწმუნო, რომ ცხენზე ჯდომა ნამდვილად შემიძლია“, - ამბობს სალომე ღიმილით.

„თავდაპირველად ყველა გაოცებული მიყურებდა. ხშირად კითხულობდნენ, როგორ შეეძლო ქალს სხვა მამაკაც რეინჯერებთან ერთად პატრულირებაზე სიარული: „განსაკუთრებით გაოცებას ვერ მალავდნენ მეცხვარეები, რომელთაც ზაფხულში ვხვდებოდით - აქამდე არ ენახათ მსგავსი საქმიანობით დაკავებული ქალი“.

სალომეს ვკითხე - თუ როგორ დაინტერესდა რეინჯერის საქმიანობით. „თავიდან პროექტში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ, სტუდენტობისას ზაფხულის არდადეგეგბზე დროებით ვმუშაობდი ბუნების დაცვის სფეროში, რის შემდეგაც კონკურსის გზით დავინიშნე რეინჯერად“.

სალომე სოფელ დართლოს მკვიდრია და ამიტომაც ყველაზე ახლოს იცნობს თუშეთს. „ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მამაჩემი მასწავლიდა ცხენზე ჯდომას“ - იხსენებს ის. ჩვენ ცხენებთან ერთად ვიზრდებოდით...ზაფხულში, როცა მომინდება ცხენზე ვჯდები და ვჯირითობ... თუშეთში კარგი მხედარი უნდა იყო- წინააღმდეგ შემთხვევაში თავს საფრთხეში ჩაიგდებ“.

სალომეს მისი საქმიანობიდან გამომდინარე, პატრულირების დროს, ხშირად უწევს სხვა რეინჯერებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ყოფნა. „პატრულირებისას საჭმელი თან მიგვაქვს. რაც შეეხება ხილ-ბოსტნეულს და სხვა საკვებს- თუშეთის სოფლებში უხვადაა, ასე რომ, მარაგის ამოწურვის პრობლემა არც დგას“. თუშეთი ცნობილია თავისი გუდის ყველით.

პატრულირებაზე ყოფნისას, სალომეს შესაძლებლობა აქვს დატკბეს ბუნების სილამაზით. „მე მიყვარს მთა, ცხენი და ფოტოგრაფია“- ამბობს სალომე. სურათების გადასაღებად მას მუდამ თან დააქვს ფოტოაპარატი. „პატრულირებაზე ყოფნა მაძლევს მეტ თავისუფლებას და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობას. წელს ვაპირებ, რომ ადამიანთა სახეები გადავიღო - თუშებს თავისებური შესახედაობა აქვთ. შემდეგში, შესაძლოა, ეს სურათები ჩემ გამოფენაზეც მოხვდეს“.

სხვა რეინჯერების მსგავსად, სალომე იდოიძეც იღებს CNF-ისგან (კავკასიის ბუნების ფონდი) სახელფასო დანამატს, რაც სალომეს აზრით, რეინჯერებისა და მათი ოჯახებითვის დიდი შეღავათია. ასევე, CNF-ის დაფინანსებით შეკეთდა ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრი. გარდა ამისა, ადმინისტრაციის ავტომანქანების საწვავით მომარაგებასა და ტექნიკურ აღჭურვასაც CNF უზრუნველყოფს.

დამშვიდობებისას სალომე თუშეთის ქვის კოშკებისა და ხის აივნიანი სახლების ნახვას მპირდება. თან ამასობაში სურათებს ალაგებს ჩანთაში და იმედოვნებს, რომ მალე ცხენისთვის მათრახის ყიდვასაც შეძლებს.
სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ კავკასიის ბუნების ფონდის ვებგვერდზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში