საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ანიჩკა ბექაური - 83 წლის ქალი ხადის ხეობიდან, სოფელს დაცლას რომ არ ანებებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:12 - 28 აგვისტო 2017 hits 30176

გზა ცუდია და ქვიანი, ხეობა მწვანე და კლდიანი. მთებს შორის მდებარე წკერე ხადის ხეობის ბოლო სოფელია. 83 წლის ანიჩკა ბექაური და მისი მეზობელი კი ამ სოფლის უკანასკნელი მუდმივი მცხოვრებლები.

ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარე წკერეში მოსახვედრად „სულ წინ უნდა იარო, წადი და მიხვალ“ - ასე გვარიგებს მჟავე წყლებთან, გზად შეხვედრილი ადგილობრივი. რომ „წახვალ“, გზად ჩანჩქერიც შეგხვდება და კოშკების კასკადიც - თითქმის ყველა მთაზე.

მუღურე, ქოროღო, ბენიან-ბეგონი, იუხო, როსტიანი, შარმანი, ბედონი, წკერე - ხადის ხეობის სოფლები თითქმის დაცარიელდა. მთელ ხეობაში მუდმივად მხოლოდ 6-7 ოჯახი თუ ცხოვრობს.

სხვა სოფლებისგან განსხვავებით, წკერეს ორი ქალი არ ანებებს დაცლას. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, აქ 40 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს - 3, დღეს კი მთის კალთაზე შეფენილ დასახლებას ანიჩკა ბებო და მისი მეზობელი აცოცხლებენ.

ანიჩკა ბექაური (ზაქაიძე) გუდამაყრელია, ოქტომბერშია დაბადებული, თუმცა რიცხვი არ ახსოვს. თითქმის 60 წლის წინ, წკერეში გათხოვდა. მომავალი მეუღლე ბიძაშვილმა გაურიგა, „ასე უთქვამს, ერთი კარგი ბიძაშვილი მყავსო. ეგრეა, თავისიანი ყველას კარგი ჰგონია“. საქმროს არც კი იცნობდა, მერე შეუყვარდა, როცა უკვე გათხოვილი ქალი იყო. ჯერ ნიშნობა ჰქონდათ, შემდეგ ქორწილი. ქორწილში რუხი კაბა ეცვა, თეთრი ფერი „ეჯავრებოდა“. ქალის მაყარი, წესისამებრ, ორ ღამეს დარჩა. ცეკვაც იყო და სიმღერაც - მკვდარსაც რომ გააცოცხლებდა ისეთი!“.

ოთხი ჩემოდანი მზითვი მოიყოლა, თუმცა ჭადრაკისა და „ვეფხისტყაოსნის“ ნაცვლად, საკუთარი ნაქსოვი ხალიჩა გამოატანეს - „ეგეთი წესი იყო მთაში, გასათხოვარ ქალს ერთი სამზითვო ხალიჩა მაინც უნდა ჰქონოდა მოქსოვილი. მე ოთხი მქონდა“.

ქმარს ნიკიფორე ერქვა. ხან ჩხუბობდნენ, ხან კარგად იყვნენ. ორი ბიჭი შეეძინათ. 11 წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა. 3 წლის შემდეგ, უფროსი შვილიც დაკარგა და ახლა 5 ობოლ შვილიშვილზე დარდობს. „არაფერი არ აკლიათ ჩემ შვილიშვილებსა, მაგრამ მაინც მენანებიან ობლები რომ არიან და ვწვალობ იმათ გულისთვინ“.

მეორე შვილი რუსეთში ცხოვრობს. ბოლოს შარშანწინ ნახა. სულ მის ზარს ელოდება, თუმცა ტელეფონი გაუფუჭდა და ბოლო დროა არ უსაუბრიათ.

„ჩვენ დაბლაც გვაქვს სახლი, ბედონში. ჩემი რძალი მეჩხუბება, სირცხვილიაო, იქაო, მარტოკაი რატო ხარო, ჩამოდიო, აქ იყაო. არ მივდივარ. აქ ბევრ საქმეს ვაკეთებ ჩემი შვილიშვილებითვინ.“

საქმე ბევრი აქვს, აგე, ხო ვხედავთ, „მატყლში ზის“. ართავს, ქსოვს, ხუთი წუთი არ ყოფილა, რომ „ცუდად მჯდარიყო“. სიბერეს ემდურება - ადრე ხალიჩებს ორ თვეში ქსოვდა, ახლა კი დაწყებული აქვს და ვერ ამთავრებს - „უზორს დათვლა უნდა, ვთვლი და მავიწყდება, მეხსიერება აღარ მივარგა“.

ადრე ხურჯინებსაც ქსოვდა და პატარა ფარდაგებსაც. ერთ-ერთ ფარდაგზე თეთრი ფურცელია მიმაგრებული - „ჩემ ჯემალას. თუ გინდა გამოიყენო, სარეცხის მაშინაში არ გარეცხო“.

მცირე შემოსავალს ტურისტებისთვის წინდების მიყიდვით შოულობს. ორი წლის წინ 300 ლარისა გაყიდა, „შვილიშვილების გულისთვინა ვწვალობ, თორე აბა მე რა, ერთ ადამიანს სასმელი მინდა ბევრი, თუ საჭმელი?!

წინდებისგან განსხვავებით, რა ფულიც არ უნდა „შეაძლიონ“, ხალიჩებს ვერ შეელევა - „აბა, ბალღებს ხო არ გავუყიდი“. წიგნები უყვარს, განსაკუთრებით „ვეფხისტყაოსანი“, საიდანაც სცენები ხალიჩაზეც დაიტანა.

არადა, 13-14 წლისა რომ იყო, დედამისი შიშობდა, „ეს ჩემი შემრცხვენელი გაიზრდება, თავისთვის წინდას ვერ მოქსოვს, სწორად ვერაფერს გაკერავს. ეს ოღონდ ცხენზე შასვი და არბოლეო“. ჯირითი ბავშვობაში თავისით ისწავლა - „რაც კი შეეძლო ცხენსა რო გაქცეულიყო, ისე ვარბოლებდი“.

ჩონგურიც აინტერესებდა, გარმონიც და სიმღერაც - რაც კი რამ უნდოდა, ყველაფერი დაისწავლა. ცხვრების პარსვაც მოსწონდა, ყანის მომკაც. ახლა რთვა და ქსოვა ურჩევნია ყველაფერს.

შვილიშვილები ხშირად აკითხავენ. ტურისტებიც მრავლად სტუმრობენ და სტუდენტებიც. თუკი მოიწყინა, ტელევიზორს ჩართავს და უყურებს. სერიოზული კინო უყვარს, ბოროტი როლის შემსრულებელი მსახიობები ეჯავრება, ეგეთ ფილმებს არ უყურებს. დღესდღეობით „მფარველ ანგელოზს“ უყურებს, აი, დილით რომ იწყება, თერთმეტის თხუთმეტ წუთზე, იმას.

წლების განმავლობაში, ანიჩკა ბებოსთვის წკერე მშობლიურ სოფლად იქცა. „აქაობა“ უყვარს, თუმცა გული წყდება, რომ ხეობა დაიცალა.

„ამ სოფელში 32 კომლი იყო. ეხლა ორი ქალიღა დავრჩით. დრო რომ აირია, სკოლა აღარ იყო, შემოსავალი აღარ იყო და წავიდა ხალხი. გულსატკენია, სოფელი რო დაიცალა, რო გამოხვალ და ვერავის ვეღარ დაინახავ. დაბრუნებით, წასული აქ არავინ დაბრუნდება. ამხელა ხეობაზე მთელი ზამთარი 7 კომლი ვართ.“

ამბობს, რომ ყველაფერი აკლიათ, რადგან ადგილზე მხოლოდ კარტოფილი მოდის. შემოსავლის ერთადერთი წყარო მესაქონლეობაა, ისიც მათთვის, ვისაც, ანიჩკა ბექაურისგან განსხვავებით, საქონლის მოვლა შეუძლია. მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ ახლა უწინდელზე კარგი დროა - „ვისაც შნო და ჭკვა აქვ, იმისთვინ ძაან კაი ცხოვრება არი. ახალგაზრდებს არ უნახიათ, რაც ჩვენ გაგვივლია. მანქანის კამერებს ვყიდულობდით, იმის ქალამნებს გვიკეთებდნენ, ისენი გვეცვა. კალოშებს თუ ჩავიცმევდით, დიდი რაღაცა გვეგონა.“

ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად გრძნობს. ერთი ეგაა, რომ წნევა აწუხებს ხოლმე. ერთხელ ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება მოუხდა. ბედონში მდებარე სახლში მოუწია ჩასვლა, ექიმს რომ გაესინჯა. წამლებს თბილისში ყიდულობს.

დღესდღეობით ერთი დიდი სადარდებელი აქვს - ერთი კვირის წინ ბუნებრივი აირი გაუთიშეს. „სამასნახევარი“ ლარის დავალიანების გამო. არადა, როგორც ანიჩკა ბებო ამბობს, რასაც მრიცხველი წერს, პატიოსნად იხდის, თანაც, 7 თვე გაზი უფასოდ მიეწოდებათ.

„წყალთან მივდიოდი. შემხვდნენ. ანა ბაბო შენა ხარო? მე ვარ მეთქი. გაზი უნდა გაგითიშოთო მითხრეს, დავალიანება გაქვსო. რანაირად მეთქი და ვერ მიპასუხეს.

როგორ უნდა დავწვა მაგდენი, მარტო პურს ვაცხობ, აგე ბალონები მაქვს ორი, ჩაის, კერძს, მაგ ბალონზე ვაკეთებ. მთელი ხეობა ეგეთ დღეში ვართ. ოღონდ გვიშველეთ რამე და მარტო ჩემზე კი არა, მთელ ხეობაზე დაწერეთ განცხადება“, - გვემშვიდობება ანიჩკა ბექაური.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში