საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მარინე დაიაური – მთაში ქალის ტვირთზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:03 - 03 ივლისი 2017 hits 37872

„თაია სულ მარტოს მეყოლა ბახაოში. ჩემი ქმარიც არ იყო მაშინ სახლში, ხიდს აკეთებდა სხვა სოფელში. მახსოვს, იმ ღამეს მოთოვა და მთა ჩაიკეტა. ექიმთანაც ვერ მივედი. არც მანამდე მიმიღია არანაირი კონსულტაცია“, – 47 წლის მარინე დაიაური მშობიარობის ამბავს იხსენებს. თაია ახლა 16 წლისაა, თუმცა პირიქითა ხევსურეთში, მუცო–არდოტის ხეობაში თითქმის არაფერი შეცვლილა: ისევ არ არის შუქი, არ არის ტელეფონი, არ არის ექიმი, აღარ არის დაწყებითი სკოლა, არდოტს იქით სოფლებამდე სამანქანო გზაც აღარ მიდის.

არდოტი ზღვის დონიდან 1820 მეტრზეა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში მუდმივად 3 ადამიანი ცხოვრობს, სამივე მამაკაცი.

მარინე დაიაური ბოლო ქალია, რომელიც სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად, 2010 წლის სექტემბრამდე მუდმივად არდოტში ცხოვრობდა. მეშვიდე წელია პირიქითა ხევსურეთში ზაფხულობით ბრუნდება, როცა სკოლებში არდადეგებია და ბავშვები არ სწავლობენ. მისი მეუღლე ნიკო არდოტელი კი მუდმივად მთაში ცხოვრობს.

„1998 წელს, მე რომ არდოტში რძლად მოვედი, მარტო ამ სოფელში მუდმივად 14-15 ოჯახი ცხოვრობდა. სულ ახალგაზრდები იყვნენ. ელემენტარული პირობები რომ ყოფილიყო, სოფელი არ დაიცლებოდა.

ბავშვები აქ გავზარდე. 5 კლასი აქ დაამთავრა გიორგიმ, დაწყებითი სკოლა სახლში გვქონდა მოწყობილი. ლევანიკო 6 წლის იყო. სწავლა ან შატილში უნდა გაეგრძელებინათ, ან ბარში უნდა გადავსულიყავით. მაშინ შატილში რამდენიმე საგნის მასწავლებელი არ ჰყავდათ. თან, არდოტიდან შატილამდე სიარული ძალიან ძნელია. რომ წახვიდე და მოხვიდე, თითქმის 40 კილომეტრია. ეს გზა ბავშვებს ფეხით უნდა ევლოთ. არდოტს ზემოთ კიდევ ცხოვრობდა ხალხი, ხახაბოშიც და ანდაქშიც. ისინი კიდევ უფრო შორს იყვნენ შატილიდან. გზა არ იყო ნორმალური, ზოგჯერ არც ხიდები, წყალში უნდა გაევლოთ“, – მარინეს თქმით, ბავშვების განათლება და მათი უსაფრთხოება იყო ძირითადი მიზეზები, რის გამოც მთიდან ბარში გადასვლა გადაწყვიტეს.

ახლა გიორგი 18 წლის არის და ეროვნულ გამოცდებს აბარებს. სწავლის გაგრძელება საქართველოს უნივერსიტეტში სურს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ამიტომ, წელს მთაში ჯერ ვერ ავიდა. მარინე, თაია და ლევანი კი უკვე არდოტში არიან:

„ბავშვებს სწავლა როგორც კი უმთავრდებათ, მაშინვე მოვდივართ. 2010–2013 წლებში, ვიდრე გამგეობის ხელშეწყობით სამოქალაქო ფრენები სრულდებოდა, საახალწლოდაც ამოვდიოდით და ახალ წელს აქ ვხვდებოდით. ახლა სამოქალაქო ფრენა იშვიათად ხან არის, ხან არა. ამიტომ ზაფხულში ვართ აქ.

დილის ხუთის ნახევარზე იწყება ჩემი დღე. ჯერ საქონელს უნდა მივხედო, ძროხებს ვწველი, ყველს ვაკეთებ, 9-ზე შემოვდივარ სახლში. მერე უკვე სახლის საქმეები მაქვს. ოჯახი, სადილი, პური, წყალი, სისუფთავე, სტუმარი. მთელი დღე ისე გადის, ვერც ვგრძნობ.

„ძირითადი პრობლემები ის არის, რომ შუქი არ გვაქვს, ტელეფონიც არ არის. ტელევიზორზე არ მაქვს საუბარი. ზაფხულში გზა გახსნილია, ხალხი მოძრაობს და ინფორმაცია მაინც აღწევს. ზამთარში ვართ ვაკუუმში, ზამთარში გვჭირდება რადიო ან ტელევიზია, რომ მცირე ინფორმაცია მაინც მივიღოთ“.

რეკლამა

პირიქითა ხევსურეთში ტელეფონი მხოლოდ შატილში იჭერს. გასული წლის შემოდგომაზე, არდოტიდან შატილისკენ დასარეკად მიმავალი მარინე ცხენიდან გადმოვარდა და დაიმტვრა.

„მასწავლებლებთან უნდა დამერეკა გამარჯვებაში ბავშვების თაობაზე, რადგან ბარში ჩასვლა გვაგვიანდებოდა. ცხენით მივდიოდი. მუცოში ვიწრო გადასასვლელი იყო და მარშუტკა გაჩერდა ჩემს წინ. ეზოდან ძაღლი გამოვარდა და ცხენი დააფრთხო. ცხენმა სისწრაფე რომ აკრიფა, ვეღარ დავიკავე, მივარდა მარშუტკასთან, ვერ გასცდა მანქანას, ერთი მახსოვს რომ ყალყზე დადგა და მერე გადმოვვარდი თუ გადმოვხტი, აღარ ვიცი. კოჭი ჩამემსხვრა, 9 თვეა ოპერაცია გავიკეთე, პლატინა ჩამიდგეს, 6 თვე ფეხზე ვერ ვდგებოდი. ესეც უტელეფონობამ გამოიწვია“.

მუცო–არდოტის ხეობაში მცხოვრებ ქალებს არც ადრე მიუწვდებოდათ ხელი ჯანდაცვის სერვისებზე და არც ახლა. სასაზღვრო პოლიციის ძალისხმევით, მთელ პირიქითა ხევსურეთში ერთადერთი ექიმი მიხეილ ჭინჭარაული შატილშია.

მთაში ქალის შრომა ბევრად მძიმეა, ვიდრე ბარში.

„უფროს ბიჭზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, 12 ძროხა მყავდა მოსაწველი. საქონელში დავდიოდი, მაღლა, სულ მაღლა, ბახაოდან გადმოვრეკავდი საქონელს, მთის წვერზე ავდიოდი. 23 მაისს მეყოლა უკვე გიორგი და 15 მაისს იმხელა მუცლით საქონელს ვმწყემსავდი. 22  მაისს გამოიძახა ჩემმა მეუღლემ ვერტმფრენი. მანამდე ერთხელაც არ ვყოფილვარ ექიმთან.

უშუქობის გამო ხელით ვრეცხავ. ხანდახან დღეში 10 ხელი თეთრეული გამირეცხავს, როცა სტუმრები გვყავს. ოჯახში 5 ადამიანი ვართ, ტანსაცმელს ხომ უნდა თითქმის ყოველდღე დარეცხვა. მძიმე შრომაა ძალიან. მიჭირს, ძალიან მიჭირს, წლებია ასე გრძელდება, ბავშვობა, ახალგაზრდობა, ქალობა. შუქი რომ იყოს, ეს ტვირთი მაინც შეგვიმსუბუქდებოდა“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში