საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

არც ცოცხალს მინდა სხვაგანა და არც მკვდარსა - მარტოქალი ელო მახაური მათურადან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:48 - 11 აგვისტო 2020 hits 79924

„ცოცხალ ადამიანსა არაფერი უნდა აშინებდეს. ცხოვრება დიდია, ცხოვრებამ არ უნდა შააშინოს ადამიანი, მაგარი უნდა იყოს“ – 72 წლის ელო მახაური უკანაფშავის თემის სოფელ მათურაში, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე მარტო ცხოვრობს. ერთი ძაღლი და 45 სული ძროხა ჰყავს.

მაისის დამდეგს ელო ბებო მათურხევამდე შვილებს მანქანით მოჰყავთ, აქედან სახლამდე რვაკილომეტრიან ვიწრო ბილიკს შეუყვება. თხელი, წელში მოხრილი მარტოქალი მდინარის კალაპოტში, მაღალი ხეებით ჩაბნელებულ საცალფეხო ბილიკზე, ხან სიპ ქვებზე, ხანაც ადამიანისხელა ჭინჭრიანში მხნედ მიაბიჯებს. მდინარეზე ხის ხიდები თოვლისგან დამპალი და გამოხრულია, ყველა ნაბიჯზე ირწევა. ერთი ხიდი წყალს წაუღია. აქ ელო ბებო მდინარეს კვეთს, გაყინულ სწრაფ დინებაში სრიალა ქვებზე თავს ძლივს იმაგრებს. კიდევ ოთხ ხიდს გადაივლის და მტაცებლის კვალით დასერილი ბილიკი ზემოთ, ფერდობებზე აიყვანს. ბოლოს, როცა მთის თავზე მოექცევა და მათურხევის ნაპირებზე გულსაკლავად მოღავებული ნასახლარები თვალს მიეფარება, ალპურ ბორცვებში შეყუჟულ ფიქალით ნაშენ ერთადერთ სახლს მიადგება.

ელო ბებო აქ არ დაბადებულა, მაგრამ ეს ადგილი მთელი გულით უყვარს, არც რთულ ბილიკს უშინდება. ერთი სული აქვს, ზამთარმა გადაიაროს და მათურაში ამოვიდეს - „ადამიანს სადაც უწერია ყოფა-ცხოვრება, იქ წავა. ადამიანი რომ დაიბადება, ღმერთი რასაც დაუწერს, ისე იქნება.“

მაღაროსკარის თემის სოფელ გომეწარში დაიბადა, მოსე მახაურის ოჯახში. 19 წლისა გათხოვდა. მომავალი მეუღლე სიკო თადიაური გომეწარში ნათესავებისგან გაიცნო. ვიდრე მის მეუღლეს ხატი ხევისბერად გამოარჩევდა, სამ შვილს ამ სოფელში ზრდიდნენ. ათი წლის გოგო დაგორებულმა ქვამ მოუკლათ. ამბობს, რომ ეს მათთვის ნიშანი იყო. ხევისბრობის მოწოდებას უნდა დამორჩილებოდნენ. „დალოცვილებს უნდა ჰმსახურებიყო, ის გოგოც იმიტო დაგვეღუპა, მიზეზითა და წამუედით. ჩემი ქმრის ბიძა-ძალუაანი ცხოვრობდნენ აქა, მერე ისინიც რომ ჩაცვივდენ, დავკრძალეთ და ჩვენ დავრჩით,“ - იხსენებს ელო ბებო.

მათი მოსვლისას მათურაში რვა ოჯახს უცხოვრია. უფრო ადრე, 30-იან წლებში, სოფელი 27 კომლისგან შედგებოდა. არასდროს ჰქონიათ სამანქანო გზა, ელექტროენერგია, კავშირგაბმულობა. საბჭოთა დროს, კოლმეურნეობისთვის მათურაში გზის გასაყვანად თანხა გამოუყვიათ. ელო ბებო ყვება, რომ ხეობაში გზის გაჭრის უფლება ხევისბერებს არ მიუციათ. ხილვა ჰქონიათ, წმინდა, ხელშეუხებელი ადგილებისა და სალოცავების სიახლოვეს ტრაქტორებით ფერდობი არ ჩამოეჭრათ. გზა აღარ გაიყვანეს, მაგრამ უკეთესი საცხოვრებელი პირობების მძებნელი ახალგაზრდები ხეობიდან თანდათან გაიკრიფნენ. დარჩენილი მოხუცებიც გარდაიცვალნენ და სოფლები დაცარიელდა.

„ნანგრევებს რომ ვუყურებ, ისე ძნელია, შვილებსა ვფიცავ, რო აიქა, გორზე გადასვლა არ მინდა, რო გავხედო იმ ნასახლარებსა.

იმდონი ცხვარი და ძროხა ჰყავდა იმ ოჯახებსა და იმდონი ფუტკარი, რო გაგევლო ადამიანსა, იტყოდა კაცი, დიდი ვერტალიოტი გრიალებსო, ისეთი ხმა ჰქონდა იმ ფუტკარსა. ერთი მტკაველი არა რჩებოდა დაუმუშავებელ, ან ბოსტნეული უნდა ყოფილიყო, ან თიბავდნენ, ხვეტავდნენ, თივას ამზადებდნენ საქონისთვის. ეხლა უხალხობა, უმეზობლობა ძნელია.“

მეზობელი როცა ჰყავდა, მათურაში მეუღლესთან ერთად ზამთარშიც რჩებოდა. დამლაპარაკებელი რომ ეგულებოდათ, ზამთრის გატანა არ უჭირდათ: „ზამთარი ისეთი კარგი იყო, გამოვუშვებდით ცხვარ-ძროხასა, სუ შრალი იყო პირზითი და იქ იყვნენ, რადიოს ვუსმენდით. რა ხდებოდა ქვეყანაზე, ეგ ვიცოდით“. უკანასკნელი მეზობელი, ხევისბერი პეტრე ხიბლაშვილი ოთხი წლის წინ გარდაიცვალა, სიკო პაპაც ავად გახდა და ბარში წაიყვანეს. მას მერე, გამოსაზამთრებლად შვილებს ელო ბებოც წიწამურში მიჰყავთ. მეოთხე წელია, მათურაში თოვლის დნობისას, მაისში ამოდის და ნოემბრის გათოვებამდე რჩება.

ერთი სული მაქვ, როდის დადგება მაისი, რო წამოიდე, არც ცოცხალს მინდა იქა და არც მკვდარსა. ფეხით ამოვდივარ აქამდე.“

მათურაში ელო ბებო ყველს, კარაქსა და ერბოს იმარაგებს, ცხენებით ჩამოაქვს და ქალაქში ყიდის. იმ ფულით, წიწამურში, ცხვარ-ძროხისთვის ზამთრის სადგომად, დიდ ბინას ქირაობს და მათ გამოსაკვებად თივას ყიდულობს. მათურაში რომ რჩებოდეს, ამხელა ხარჯის გაწევა არ მოუწევდა. სჯერა, მათურამდე სამანქანო გზას თუ მიიყვანენ, ბევრი ახალგაზრდა მობრუნდება. მის შვილსა და შვილიშვილსაც სურთ მათურაში დასახლება. ახლა მწყემსებიც აღარ მოდიან. ადრე თუშეთიდან და ყარაჯალადან მოჰყავდათ ფარები, უკვე უგზოობას ერიდებიან და ხევსურეთში აბალახებენ ცხვარს, სადაც საავტომობილო გზა მიდის.

ხეობიდან ახალგაზრდების წასვლის მიზეზებში უგზოობასთან, უშუქობასთან და უტელეფონობასთან ერთად, მათ სიზარმაცესაც ხედავს. „კაცი თუ ჯანმრთელია და მშრომელი, არც არად გზა უნდა და არცა შუქი, მამაპაპური ლამფის შუქი უფრო კარგია. გაზარმაცდა ახალგაზრდობა, გაზარმაცდა ხალხი. აბა იმი მშობლებს რაცა ჰყავდა, მოეკიდა ხელი და გაემრავლა, უფრო ლამაზი არ იქნებოდა ეს მათურა? წიგნიც უნდა იცოდეს მომავალმა თაობამა და საქმეცა. თუ საქმე არ იცის, ისე ვერ იცხოვრებს. წიგნიც უნდა უყვარდეს, რა იცის, ცხოვრება დიდია, როგორი შახვდება, წიგნით მოუწევს ცხოვრება თუ საქონით.“

შვილები ასე აღზარდა, წიგნიც შეაყვარა და საქმეც. სკოლაში ათი კილომეტრით დაშორებულ შუაფხოში დაჰყავდა. კარგ ამინდში, გაკვეთილების შემდეგ, უკანვე ბრუნდებოდნენ, ავდარში კი ინტერნატში რჩებოდნენ. როცა გაიზარდნენ და დაოჯახდნენ, ცოლ-შვილით ბარში გადასახლდნენ. უმცროსი შვილი - მერაბი, მობრუნებას ისევ აპირებს. ელო ბებოს ყოველი საჭიროებისას აკითხავს და პროდუქტს უზიდავს. 14 წლის შვილიშვილი ვასილი ზაფხულის სასკოლო არდადაგებზე ამოდის მათურაში და ელო ბებოს საქონლის მოვლაში შველის.

მარტოქალის დღე უთენია იწყება. ხუთ საათზე ცეცხლს ანთებს, ყველის კასრებს რეცხავს, ძაღლს აჭმევს და ძროხების მოწველას იწყებს. 25 ძროხა და 20 ხბო ჰყავს. რძისგან ყველი ამოჰყავს, კარაქს დღვებს, ერბოს ამზადებს. დღის სამყოფ შეშას დაიმარაგებს და სახლის წინ, ბოსტანში კარტოფილის, ჭარხლისა და მწვანილის კვლებში მუშაობს. ზოგჯერ მთელი ღამე ფხიზლობს:

„დათვები ხან იმ გორიდან გადმოჩნდებიან ბრაგაბრუგითა, ხან ქვენაით ამოჩნდებიან, მთელი ღამე ფეხზე თუ არ ვიდეგ, ძროხას შამიჭამს. ექ მოდიოდენ ახლოსა და ქვებს დავაყრი ხოლმე, იარაღი ხომ არა მაქვ. ისეთ ქვებს დავუშვებ, რო სულ სირბილით გარბიან. თუ შაგატყო რო დაგაშინა, მაშინ უფრო გაავდება, არ უნდა დაგაშინოს.“

მთის კანონით გათვალისწინებული დახმარებით ელო ბებო ვერ სარგებლობდა, რადგან მათურაში სეზონურად ცხოვრობს. ორი თვის წინ, პარლამენტმა კანონში ცვლილებები მიიღო - შეიცვალა 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9 თვიანი პირობის ნაცვლად, ექვსთვიანი პერიოდი განისაზღვრა. ელო ბებო მათურაში თითქმის 7 თვე ცხოვრობს, მაგრამ მთის კანონი მას მაინც ვერაფერს არგებს - მათურას სოფლის სტატუსი აღარ აქვს.

„არავინ ყოფილა ამოსული, კაციშვილ არ მინახავ, არჩევნების დროსაც არ მოდიან. ქვევით ხიდებიც გასაკეთებელია და აბა, ვინ არი გამკეთებელი“ - მათურას სტუმრები, ბოლო წლამდე მხოლოდ უცხოელი ტურისტები იყვნენ - პანდემიამდე, ხევსურეთიდან უკანაფშავში ფეხით რომ გადმოდიოდნენ.

„ხეობიდან წასულების შთამომავლებმა თვითან უნდა მაინდომონ წინაპართა სახლების გაცოცხლება“, - ელო ბებო სიამაყით იხსენებს იმ მეომარ ხალხს, ვისაც მათურაში უცხოვრია, მათ შორის მიხა ხელაშვილის დედის მხრით პაპას, გვარად თადიაურს, ვისგანაც მიხას სიმამაცე გამოჰყოლია.

„აქ დალოცვილებს ემსახურებოდნენ ჩვენი უფროსები, ჩვენც უნდა ვემსახურნეთ. ჩემი დედამთილისაგან რო გამახსენდება, როგორ წვალობდა ამ მთებში და როგორ დაზარდა ოთხი შვილი, ისე გული დამეწვება, რო აი, იმით უფრო მიყვარს აქაურობა. აემ ადგილ არე - მარეში უნდათ იმათ შენდობის თქმა, აბა ბარიდან რას გაიგებენ. სადაცა წვალობს ადამიანი, სულიც იქა ტრიალებს. შვილებმა უნდა პატივი სცან თავის თავსაცა და აემ წინაპრებსაცა. ღმერთსა ვთხოვ, ისევ მობრუნდეს მომავალი.“  

უკანაფშავის 10–ზე მეტი სოფელი, მათ შორის, ბეტისჩრდილი, ქინო, ჭეშე, ნაკვალესავი, დაქიმათა, ნანიმათა, ბახია, ბოროლა და მუჯა უკვე ნასოფლარებია. ბინდაურთაში, მათურასა და ახადში მუდმივად აღარავინ ცხოვრობს. თხილიანაში 13 ოჯახია, შუაფხოში 9, მუქოში 4, უძილაურთასა და ვაკისოფელში სამ–სამი, ელიაგზაში, ჩალახევში, გოგოლაურთაში, ცაბაურთაში, ხოშარასა და ჭიჩოში თითო–თითო.

ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, ქეთი მაღრაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში