საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლევან ბერძენიშვილი ► ეთერ თათარაიძე - ჩვენი დროის ვაჟა-ფშაველა | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:06 - 12 ოქტომბერი 2017 hits 27416

ბუნებრივია, ეთერ თათარაიძე მთასთან დაკავშირებული ავტორია, ამავე დროს კი თავად ეთერია მთასავით ავტორი - ადამიანი და ლიტერატურა, რომელიც არავის ჰგავს!  

კარგად მახსოვს მისი პირველი გამოჩენა - მეხის გავარდნა იყო ქართული სალიტერატურო ენის ცაზე. ეთერ თათარაიძე, პრინციპში, ჩვენი დროის ვაჟა-ფშაველაა - ზუსტად იმავე ენობრივ პოლიტიკას ატარებს და ისევე არ ღალატობს თავის თავს, როგორც არ ღალატობდა ვაჟა. ამის გამო, ეთერსაც ისევე ჰყავს მტრები, როგორც ვაჟას ჰყავდა. 

ეთერ თათარაიძე იყო, არის და იქნება არქაული, თავანკარა, სულ სხვა ტიპის პოეზია, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. კარგი იქნებოდა აქ გვყოლოდა და თავად  წაეკითხა საკუთარი ლექსები, ან კიდევ უფრო ეშმაკურად გვემოქმედა - ეთერის ტექსტი და ლელას მუსიკა შეგვეხვედრებინა ერთმანეთისთვის; ლელა თათარაიძე ხომ მუსიკალური ეთერია!

ეთერ თათარაიძე იმითაც არის ცნობილი, რომ ამირან არაბულთან ერთად მიადგა ყველაზე რთულ ფიგურას ჩვენს ცხოვრებაში - ვაჟა-ფშაველას ქალიშვილს, ვაჟას ლექსივით მოუხელთებელ გულქანს და ყველაფერი ათქმევინა მამაზე! რომ არ ყოფილიყო გულქანი, რომ არ ყოფილიყო ეთერი, რომ არ ყოფილიყო ამირანი, ჩვენ ვერაფერს გავიგებდით ვაჟაზე. ვფიქრობ, საკუთარ პოეზიასთან ერთად, წიგნი ვაჟა-ფშაველაზე, ეთერ თათარაიძის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია. 

ჩვენს მსმენელს კი ერთი რჩევა შემიძლია მივცე. აიღეთ ეთერ თათარაიძის რომელიმე კრებული და სადაც გადაშლით, ის ლექსი წაიკითხეთ... ეთერი არ არის პოეტი, რომელსაც შედევრები და სხვა ლექსები აქვს დაწერილი, ის ყოველთვის ერთ დონეზე წერს და ეს საოცრებაა!

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში