საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ ჩაიგდეს ხელში ბატეთის ტბა

22:39 - 13 ნოემბერი 2026 hits 317

უკონკურენტო აუქციონი, სპეციალურად აუქციონისთვის დაფუძნებული კომპანია, დაინტერესებული პირისთვის წინასწარ მომზადებული სახელმწიფო მიწის ნაკვეთი - ეს მანკიერი პრაქტიკა წლების განმავლობაში გრძელდება. ბატეთის ტბის ამბავიც ისე დამთავრდა, როგორც გედების ტბა თავდაპირველ ლიბრეტოში. ეს ამბავი მაინც  სხვა ბალეტიდან თუ ოპერიდან არის - კორუმპირებული სისტემიდან, სადაც რიგით მოქალაქეებს არ ითვალისწინებენ და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები იგნორირებულია.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, როგორ გადასცეს კერძო სარგებლობაში ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში მდებარე ბატეთის ტბა და მის გარშემო არსებული სახელმწიფო ტყის მასივი.

საბუთებით ამ ნაკვეთების მესაკუთრედ კვლავ საქართველოს სახელმწიფო რჩება. კომპანია „ბატეთი რეზორტმა“ ამ უნიკალურ ტერიტორიაზე სარგებლობისა და იჯარის უფლება ხანგრძლივი ვადით, 19-20 წლით მიიღო.

კომპანია ხუთ ნაკვეთს აკონტროლებს, - 70 ათას კვადრატულ მეტრს. პირველი არის უშუალოდ ტბა და მისი სანაპირო, რომელიც სახელმწიფომ საკუთრებაში 2024 წლის 26 აპრილს დაირეგისტრირა და კომპანიას 19-წლიანი იჯარით გადასცა. დანარჩენი ოთხი ნაკვეთი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებია, ასეთად დარეგისტრირდა 2024 წლის 9 ივლისს და ინვესტორს  ტყით სპეციალური სარგებლობის 20-წლიანი უფლებით გადაეცა.

ამ უზარმაზარი ქონების, 7 ჰექტარი ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად კომპანია შეიქმნა. შპს „ბატეთი რეზორტი“ 2025 წლის 11 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის 90% -იანი წილი იოსებ კრიჭინაშვილს ეკუთვნის, 10% - რევაზ ჯანელიძეს.

რევაზ ჯანელიძის მამა, სერგო ჯანელიძე, წარსულში სუსის ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი, იმ დროს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ტყით სარგებლობის ხელშეკრულება გაფორმდა 1 კვირაში მას შემდეგ, რაც სერგო ჯანელიძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა.

90%-ის მფლობელი იოსებ კრიჭინაშვილი, სერგოს ბიძაშვილია, 73 წლის პენსიონერი. ბიძაშვილების კომპანიამ ტყის აუქციონი დაფუძნებიდან 52 დღეში მოიგო. ახალი მეწილეები კომპანიაში მოგვიანებით შემოვიდნენ.

2025 წლის 25-26 ივნისს ნამდვილი გარდატეხა მოხდა. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით კომპანიის კაპიტალი მკვეთრად გაიზარდა და 4 100 000 ლარი გახდა. ბიძაშვილების ახალი მეწილეები კი გახდნენ ის ადამიანები, ვინც შპს-ში ეს თანხა შეიტანეს. ასე უეცრად გამდიდრდნენ კომპანიის ფიქციური დამფუძნებლები. ახალი პარტნიორების 4 მილიონიანი შენატანი ზუსტად ემთხვევა ტყის აუქციონით ნაკისრ 4 მილიონიან საინვესტიციო ვალდებულებას.

ახალი მეწილეები ასე გადანაწილდნენ:

  • 45% - წილი - კესანე ფიფია, რომელმაც მოგვიანებით წილი თავის მამას  -  ბიზნესმენსა და ყოფილ დეპუტატს, 2004-2008 წლებში ზუგდიდის მაჟორიტარს, პარტია „ქართული პოლიტიკის“ დამფუძნებელს, გოჩა ფიფიას გადასცა;
  • 30% - წილი - უზბეკეთის მოქალაქე ნაზილია კანაანი;
  • თავდაპირველ დამფუძნებლებს, იოსებ კრიჭინაშვილსა და რევაზ ჯანელიძეს 10-10%-იანი წილები დარჩათ;

ყველაზე დიდი სკანდალი მედიაში უკავშირდება ყოფილ მთავარ პროკურორს,  არჩილ კბილაშვილს. მის სახელზე 205 000 ლარის ღირებულების 5%-იანი წილი დარეგისტრირდა. თავად არჩილ კბილაშვილმა დაადასტურა, რომ მას კომპანიაში ფულადი თანხა არ ჩაუდია. წილი მას იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გადაეცა.

პირველი ეტაპი - შპს „ბატეთი რეზორტმა“, რომელიც აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო, ბატეთის ტბის  მიმდებარე ტყის ნაკვეთი ერთი ბიჯით მოიპოვა. იჯარის სახით ყოველწლიურად 26,780 ლარი ეკისრება.

ინვესტორი ვალდებულია, ტყის ტერიტორიაზე 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. მას ეძლევა ტყეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის უფლება. აქ დგება ყველაზე პრინციპული კითხვა - აქვს თუ არა კომპანიას ამ  ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ტყის გაჩეხის უფლება?

აუქციონის პირობები ხეების მოჭრის ავტომატურ უფლებას არ ანიჭებს. მაგრამ სატყეო სააგენტოსთან ცალკე შეთანხმების შემთხვევაში, არ გამორიცხავს. როგორც იცით, ჩვენ ადგილზე ვიყავით და ვნახეთ, რომ უკვე ასობით ხე დანომრილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხეები მოსაჭრელად არის გამზადებული.

ეს რაც შეეხებოდა ტყის მასივებს, ახლა კი მეორე ეტაპი, - ბატეთის ტბა. უშუალოდ ტბის საწყისი წლიური ქირა 16,700 ლარს შეადგენდა. ამ აუქციონშიც მხოლოდ შპს „ბატეთი რეზორტი“ მონაწილეობდა. მან ასევე 1 ბიჯით მოიგო და წლიურ საიჯარო ქირად 17,200 ლარი დააფიქსირა. მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით,  კომპანია 1 კვადრატულ მეტრში წელიწადში 62 თეთრს იხდის.

რა ევალება სანაცვლოდ? - ტბის გაწმენდითი და მოვლა-პატრონობის სამუშაოებისთვის 24 თვის ვადაში 80 000 ლარი უნდა დახარჯოს.

შეუძლია თუ არა კომპანიას მოქალაქეებს ტბასთან შესვლა, თევზაობა ან პიკნიკი აუკრძალოს? მოკლე პასუხია - არა, პირიქით - პირდაპირ ვალდებულია, უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი, უფასო გადაადგილება ტბასთან. ტყეშიც შესვლის შეზღუდვა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. კანონი ასე ამბობს, მაგრამ რეალურად სხვაგვარად ხდება ხოლმე. ინვესტორები იჯარით მიღებულ სივრცეებს სრულიად ხელმიუწვდომელს ხდიან ადგილობრივებისთვის - იქნება ეს ცხოველების გადარეკვა,  პიკნიკის მოწყობა, სეირნობა თუ საკუთარ ეზომდე მოკლე გზით მისვლა. ასეთი შემთხვევაა გვქონდა, მაგალითად, საირმის ტყეში. თუ ბატეთზე ისე მოხდება, როგორც სხვა ტურისტულ ადგილებში, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს აუქციონის პირობის პირდაპირი დარღვევა იქნება და საკმარისი საფუძველი სახელმწიფოსთან ხელშეკრულების შეწყვეტისთვის. მომავალში მაინც იცოდნენ თავისი უფლებები, მანამდე მათთვის არავის არაფერი უკითხავს.

ბატეთის ტბის მეწილეების ანსამბლში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური და ბიზნესკავშირები იკვეთება.  5%-იანი წილის მფლობელი არჩილ კბილაშვილი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატია. 2012 წელს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გახდა, ხოლო 2012–2013 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. იგი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორია და აცხადებს, რომ 5%-იანი წილი გაწეული იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, ყოველგვარი ფინანსური ინვესტიციის ჩადების ვალდებულების გარეშე მიიღო.

კომპანიის უმსხვილესი მეწილე გოჩა ფიფია 2004–2008 წლებში პარლამენტის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი იყო, მოგვიანებით დააფუძნა პარტია „ქართული პოლიტიკა“, ხოლო ბიზნესში ცნობილია ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ზეარისით“, შპს „უშბის“ ყოფილი დირექტორობითა და „ბიზნესის ეროვნული ლიგის“ ხელმძღვანელობით. 2004 წელს, როცა ფიფია „უშბის“ პრეზიდენტი და მოქმედი დეპუტატი იყო, დიდი ოდენობით გადასახადების დამალვის გამო ფინანსურმა პოლიციამ  ქარხანა დაულუქა.

აღსანიშნავია მისი შვილის, კესანე ფიფიას ოჯახური კავშირი რუსულ ბიზნესთან  -  მედიის ცნობით, მისი ქმარი, გიორგი ღურწკაია რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სააფთიაქო ქსელის, „ერკაფარმის“ ყოფილი მფლობელია, ხოლო მამამთილი, ომარ ღურწკაია ფარმაცევტული გიგანტის, „იმპერია ფარმას“ დამფუძნებელი გახლდათ.

მეწილეებს შორის ასევე გვხვდება უზბეკეთის მოქალაქე ნაზილია კანაანი, რომელიც საქართველოში სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში მუშაობს.

რომ შევაჯამოთ, რა მოხდა ბატეთის ტბაზე - ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანმა, საკუთარი კაპიტალდაბანდებისა და რაიმე  სახის გამოცდილების გარეშე, სამაგიეროდ, თავისი გავლენითა და კავშირებით მთავრობაში, გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო ძალიან პერსპექტიული სივრცე ტურიზმის თვალსაზრისით,  მომავალში ფულის შოვნისთვის საუკეთესო მიწა.

სპეციალურად ამ ოპერაციისთვის დააფუძნა კომპანია შვილისა და ბიძაშვილის სახელით და უკვე რამდენიმე კვირაში მოიპოვა სიმბოლური, მიზერული საიჯარო ფასი:

უნიკალური ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, ბატეთის ტბა გადაეცა თვეში 1,433 ლარად, რაც 1 კვადრატულ მეტრზე წელიწადში დაახლოებით 62 თეთრს შეადგენს.

ტბასთან ერთად ტყეც, სულ 7 ჰექტარი. არც ტყისა და არც ტბის აუქციონში შპს „ბატეთი რეზორტს“ არ ჰყოლია კონკურენტი. ორივეჯერ გამარჯვება 1 ბიჯით მოიპოვა.

ორიოდე სიტყვა ტყის გაჩეხის ბუნდოვან სამართლებრივ რეჟიმზეც - სატენდერო პირობები კომპანიას არ ანიჭებს ტყის მოჭრის ავტომატურ უფლებას - თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტყე არ გაიჩეხება - უბრალოდ, ჭრა ცალკე უნდა შეთანხმდეს.

არსებობს შეუსრულებელი ინვესტიციის რისკიც - 2026 წლის ივლისისთვის 1.2 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული უნდა ყოფილიყო. ამის შემოწმება სატყეო სააგენტოს ვალდებულებაა. ჩვენთვის უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა პირველივე შეუსრულებელ პირობას. ჩვენ იქ ვიყავით. დაწყებული სამუშაოები არ გვინახავს. მხოლოდ მოსაჭრელად გამზადებული დანომრილი მრავაწლიანი ხეები ვნახეთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს „საქართველოს ამბები“.

თავში