საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არჩევნებში აკრძალული ექიმი - მაია კოხტაშვილის განაჩენი

22:28 - 06 ნოემბერი 2026 hits 343

ახმეტელ ექიმს, მაია კოხტაშვილს უკვე მთელი ქვეყანა იცნობს. ყველა ახალშეძენილმა თუ ძველმა გულშემატკივარმა შეიტყო, რომ ორიოდე დღის წინ მისი საქმე 50 ათას ლარიანი ჯარიმით დასრულდა. პროკურატურამ და სასამართლომ მას ასევე არ შეუზღუდეს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, რამაც ისეთი დიდი სიხარული გამოიწვია, ყველას გამორჩა ერთი დეტალი, შესაძლოა, მთავარიც კი.

მე ვესწრებოდი სასამართლოს. სხდომაზე დასასწრებად მაია კოხტაშვილის პაციენტები კახეთის არაერთი სოფლიდან ჩამოვიდნენ. დარბაზში მხოლოდ ოჯახის სამი წევრი და ორი ჟურნალისტი შეგვიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარშემო დამსწრეებისთვის გათვალისწინებული 9 თავისუფალი სკამი დავთვალე. როგორც ჟურნალისტი უამრავ პროცესს დავსწრებივარ, პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში პირველად შემხვდა განაჩენში ასეთი რამ - მაია კოხტაშვილს ჯარიმასთან ერთად 5 წლით აუკრძალეს პასიური საარჩევნო უფლება.

პირველი რაც ვცადე, მინდოდა, იქვე გამერკვია ამის სამართლებრივი მნიშვნელობა, მაგრამ სასამართლო დარბაზში ინტერნეტი რატომღაც არ იჭერს და მხოლოდ გარეთ გამოსულმა მოვახერხე დაზუსტება.

მაია კოხტაშვილს 5 წლის ვადით აუკრძალეს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება.

ეს მოთხოვნა დააყენა პროკურორმა თავის შუამდგომლობაში.

მაია კოხტაშვილის ავტორიტეტი „ქართულ ოცნებას“ უკვე გაზომილი აქვს. ის ახმეტის საკრებულოს დეპუტატი სწორედ „ქართული ოცნების“ სიით გახდა 2017 წელს. შემდეგ არჩევნებში, 2021 წელს სიაში ისევ შეიყვანეს, დაუკითხავად. მაია კოხტაშვილმა „ქართული ოცნების“ სახელით კენჭისყრაზე ამჯერად უარი თქვა. როგორც ჩანს, პარტიამ წყენა დიდი ხანი არ დაივიწყა. შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა მისთვის მოწყობილი პროვოკაცია.

შეგახსენებთ, რომ მაია კოხტაშვილი აგენტი-პროვოკატორის, ბექა მარტყოფლიშვილის მიერ მოწყობილი დანაშაულის პროვოკაციის შემდეგ დააკავეს.

ყველას გემახსოვრებათ ბექას საწყალი ბებია, რომელიც საწოლს იყო მიჯაჭვული და  ტკივილებისგან იტანჯებოდა. ნამდვილი პაციენტები კი თელავის სასამართლოს ეზოში არაერთი ვნახეთ - ვნახეთ, როგორ იზეიმეს მაია ექიმის თავისუფლება.

ამ სურათის შემხედვარე ერთ რამეზე დავფიქრდი. წინა ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი მთავარი და სამართლიანი პრეტენზია სხვა დანარჩენთან ერთად ამ ქვეყნის მოქალაქეებს დაკავშირებული ჰქონდათ საპროცესო შეთანხმებებთან, როგორ მასობრივად უწევდათ ადამიანებს თანხის სანაცვლოდ თავისუფლების ყიდვა. ეს ნამდვილად იყო მანკიერი პრაქტიკა, რომელზეც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაც იდგა. დღეს სადამდე მივედით? ის საპროცესო შეთანხმებაც სანატრელი გაგვიხდა, თანხის სანაცვლოდ ნაყიდი თავისუფლებაც დღესასწაულად იქცა.

„ქართულმა ოცნებამ“ ჯარიმად ის 50 ათასი ლარი დაიტოვა, რომელიც ხალხმა ექიმს 1 საათში შეუგროვა, რომ ის ციხეში არ გაეშვათ. მაია კოხტაშვილის, როგორც ძალიან მიმნდობი ადამიანის შესახებ წარმოდგენა თქვენც შეგექმნებოდათ და ამ პროცესის წინაც ისეთივე გულუბრყვილო დარჩა. 

მას იმედი ჰქონდა, რომ გირაოსთვის გადახდილ თანხას ჯარიმაში სრულად არ წაიღებდნენ. დარჩენილ ფულზეც უკვე გეგმა ჰქონდა მოფიქრებული. იმ ფულით აპირებდა, ახმეტაში ნოტარიუსი ჩაეყვანა და საწოლს მიჯაჭვული პაციენტებისთვის, რომლებიც აფთიაქში თავად მისვლას ვერ ახერხებენ, ოჯახის წევრებზე მინდობილობები გაეფორმებინა. 

ამის საჭიროება კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო დროს. მაია კოხტაშვილის დაკავების შემდეგ ახმეტაში, თელავსა და გურჯაანში ფსიქოტროპული პრეპარატები საერთოდ აღარ იყიდება და ამ მედიკამენტების შესაძენად პაციენტებს თბილისში უწევთ წასვლა. ნოტარიუსის ჩაყვანას კი მაინც აპირებს. ახმეტას ნოტარიუსი საერთოდ არ ჰყავს. ამის საჭიროება კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო დროს. მაია კოხტაშვილის დაკავების შემდეგ ახმეტაში, თელავსა და გურჯაანში ფსიქოტროპული პრეპარატები საერთოდ აღარ იყიდება და ამ მედიკამენტების შესაძენად პაციენტებს თბილისში უწევთ წასვლა. ნოტარიუსის ჩაყვანას კი მაინც აპირებს. ახმეტას ნოტარიუსი საერთოდ არ ჰყავს.

პოდკასტის დასასრულს მინდა მაია კოხტაშვილის შვილის ფეისბუქ პოსტი წავიკითხო. ის ბევრს გვიყვება იმაზე, რა მოხდა და რა გაიარა თავად ექიმმა და მისმა ოჯახმა მთლიანად.

  • „პირველივე დღიდან მოყოლებული ბოლო დღემდე არ შეწყვეტილა ხალხის დინება გინდ სახლში და გინდ დედას კაბინეტში. ხოდა ეს ხალხია ჩვენი ქვეყანა, ნამდვილი საქართველო:
  • პენსიონერების რიგი ბანკომატთან.
  • გირაოს შესაგროვებლად ბანკთან რიგში ხალხის გადაძახილები, ვისაც მეტის ჩარიცხვა შეეძლო, ჯერ ისინი მიეშვათ, რომ თანხა მალე შეგროვილიყო.
  • 90 წლის ქალი, რომელმაც პენსია აიღო და 300 ლარი მოგვიტანა.
  • რამდენიმე ოჯახი, რომლებმაც ოქრო დააგირავეს ლომბარდში.
  • პაციენტი, რომელიც თელავში ჩავიდა და თავის ექიმთან იზოლატორში შესვლას ითხოვდა.
  • ხანდაზმული, ლოგინად მწოლი პაციენტი, რომელსაც წნევა 200-დან მხოლოდ მაშინ ჩამოუვიდა, როცა იზოლატორიდან გამოსული მაია ექიმი ინტერნეტით ჩაერთო და დაენახა.
  • პირველი პროცესის დროს, დედას მოძღვარი და მრევლი რომ შეიკრიბა და მაია ექიმისთვის ლოცულობდნენ.
  • პანკისელმა მუსლიმმა ქისტებმა ერთად რომ ილოცეს.
  • თუშებმა რომ მოგვწერეს, თუშეთის ჯვარ-ხატებს ვევედრებითო.
  • ქისტები რომ ყოველდღე გემრიელობებით გვკვებავდნენ, რადგან ის დღეები სახლში საჭმელს ვერ ვამზადებდით.
  • იზოლატორში დედას ყავა რომ არ დაალევინეს, სისხლით ხარ დაკავებული, არ შეიძლებაო. ხოდა სახლი ყავის ქილებით რომ გვაქვს სავსე.
  • ყველა სახის და ჯიშის ყვავილის სურნელით რომ იყო ჩვენი სახლი გაჟღენთილი.
  • ყოველ დილით ეზოში დატოვებული საჩუქრები. ვისაც რა ჰქონდა სახლში: წიპწის ზეთი, ვარდის მურაბა, ვაშლის ძმარი, გუდის ყველი, წაბლი, ანწლის ნაყენი...
  • საჯარო მოხელეები, რომლებმაც გვითხრეს, რომ რცხვენიათ იმ ჭაობის, სადაც მუშაობენ.
  • საჯარო მოხელე, ასაკიანი ქალი, რომელმაც მაია ექიმის მხარდამჭერი პოსტი დაწერა. უთხრეს, ამის გამო სამსახურს დაკარგავდა. ხოდა ეს ტექსტი ხელნაწერად მოგვიტანა.
  • სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიმავალ ხალხს მძღოლმა ფული რომ არ გამოართვა, ამით მაინც ვცე პატივიო.
  • და კიდევ ბევრი ასეთი სიკეთის ამბავია, ყველა მხრიდან რომ მოედინება“.

ვფიქრობთ, რომ ამ პოსტში აღწერილი ამბები სასამართლოს განაჩენისთვის - მაია კოხტაშვილისთვის არჩევნებში პასიური მონაწილეობის აკრძალვის შესანიშნავი განმარტებაა.

იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, მარტო ინსტიტუციების რეპრესიებით არ შემოიფარგლება. მიზანში იღებს კერძო პირებს ინდივიდუალურადაც. ახალი რეგულაციებით თუ პირს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში უმუშავია, იმ მომენტიდან 8 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრობა ეკრძალება. მთელი ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რეგიონში მაღალი რეპუტაციის ადამიანისთვის ამ ტიპის  სასჯელის დაკისრება, პოლიტიკაში მოსვლის აკრძალვა, კანდიდატად კენჭისყრის აკრძალვა, უკვე  მკაფიო დასტურია იმისა, რამდენად ეშინია „ქართულ ოცნებას“ შემდეგი არჩევნების.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს „საქართველოს ამბები“.

თავში