საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშმა ლაშა თორღვაიძემ ევროპის მცირე ერების ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

16:06 - 10 ივნისი 2018 hits 4094

25 წლის ლაშა თორღვაიძემ ლიხტენშტაინში გამართულ ევროპის მცირე ერების ჩემპიონატზე, სიგრძეზე ხტომაში მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა.

საქართველოს მძლეოსანთა ნაკრები ლიხტენშტაინში გამართულ ჩემპიონატზე 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, აქედან 6-მა მედლები მოიპოვა, მათ შორის ბირთვის კვრაში პირველი ადგილი დაიკავა და შესაბამისად ოქროს მედალი მიიღო გიორგი მუჯარიძემ, 3000 მეტრ რბენაში კი ვალერია ჟანდაროვამ.

ნაკრების წევრები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან.

ლაშა თორღვაიძე სამხტომსა და სიგრძეზე ხტომაში წარმატებით ასპარეზობს. მძლეოსნობაში ვარჯიში 6 წლისამ დაიწყო, მამის, უსუფ ღულელაურის ხელმძღვანელობით, რომელიც ახმეტის რაიონის ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად მუშაობდა.

2011 წელს ტრაბზონში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურ გუნდს მედალი ლაშა ღულელაურმა მოუტანა. იგი 15.49 მეტრზე გადახტა და შვეიცარიელ სპორტსმენთან პირველი ადგილი მხოლოდ ერთი სანტიმეტრით წააგო.

ლაშა თორღვაიძემ საქართველოს სახელით 2012 წელს ბარსელონაში გამართულ მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა. საკვალიფიკაციო ეტაპზე 15,75 მეტრით ფინალში მოხვდა, მეორე ცდაზე კი 16 მეტრზე გადახტა და მე-6 ადგილი დაიკავა.

2016 წელს ქალაქ ალმათში, ყაზახეთის თასის ღია ჩემპიონატზე ქართველმა მძლეოსანმა ლაშა თორღვაიძემ წარმატებით იასპარეზა და რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ლაშა თორღვაიძე 16.87 მეტრზე გადახტა და ტურნირზე ოქროს მედალიც მიიღო. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე სამწუხაროდ, ლაშა თორღვაიძემ საკვალიფიკაციოში შედეგი ვერ დააფიქსირა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლაშა აღნიშნავს, რომ მისი ოცნება ვიქტორ სანეევის უნიკალური რეკორდის მოხსნაა.

ვიქტორ სანეევი ლეგენდარული სპორტსმენია. მან უამრავი შეჯიბრება მოიგო, 1968, 1972 და 1976 წლებში კი ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ოლიმპიურ თამაშებში! არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთ სამხტომელს არ დაუმშვენებია მკერდი ზედიზედ სამი ოლიმპიური ოქროთი, ვიქტორ სანეევმა კი შეძლო.

ვიქტორ სანეევი მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენია: 17.23 მეტრი (17 ოქტომბერი, 1968; მეხიკო, მექსიკა); 17.39მ (17 ოქტომბერი, 1968; მეხიკო, მექსიკა); 17.44მ (17 ოქტომბერი, 1972; სოხუმი, საქართველოს სსრ).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში