პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მოძღვარი და საპატრიარქოს წარმომადგენლები თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, სადაც მიხა პაპა მკურნალობს, დღეს იმყოფებოდნენ. როგორც „მთის ამბებს“ დედა ელპიდი ლათიბაშვილმა უთხრა, მიხა პაპას ნათლია თვითონ პატრიარქია.
„მიხა პაპას შესახებ „მთის ამბების“ გვერდიდან გავიგეთ. პატრიარქს შევატყობინეთ, რომ ხევსურეთიდან მისი გადმოყვანა იყო საჭირო. მერე, ვნახეთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს. გამოვარკვიეთ, რომ მიხა პაპა მონათლული არ ყოფილა. პატრიარქმა თქვა, რომ თვითონ იქნებოდა ნათლია. უწმინდესის ლოცვა კურთხევით მიხა პაპა დღეს მოვნათლეთ. საავადმყოფოდან გაწერენ თუ არა, მას პატრიარქი შეხვდება და დალოცავს“, - აღნიშნა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
მიხა არაბული, 20 წელი, სოფელ ზეისტეჩოში წერაქვით გამოთხრილ უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა: „როგორც ველის ნადირი რაღაცას გამოჰქვაბავს, აეგრე ვცხოვრობ. რო თოვს, ქარი რო უბერავს, ზედ მაყრის ბუქსა და წვიმასა. ქვის გული მაქვ, ქვის ჯიგარ მიდევ და ქვის ლეში მაქვ ასხმული, რო არ მავკვდი, ან ჭლექი არ გამაჩნდა ამდენ ქარსა და სიცივეში“. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მარტოკაცი სოფელს არ ტოვებდა.
„მთის ამბების“ მაყურებლებისა და სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერით, გასული წლის ოქტომბერში მიხა პაპას ხის პატარა სახლი ავუშენეთ: „ნეტაი ადრ მოსულიყავით. აღარც შემცივდების, მიწაჩი აღარ ვიცხოვრებ. ღმერთმა ხელ-მხარ შეგარჩინათ, გულთან ახლოს რომ მიიტანეთ უცხო ხალხმა, მოხვედით და სახლი დადგით. დალოცვილო ღმერთო, ჩემო სალოცავო, ძალიან კარგი სამყოფაი არს, აღარ გავიყინები“.
23 ნოემბერს, გორშეღმის ხეობის სამანქანო გზა ბაცალიგოს შემდეგ უკვე ჩაკეტილი იყო, მაგრამ მიხა პაპას გიორგობა მაინც მივულოცეთ. ერეკლე უგრელიძემ და მისმა მეგობრებმა, რომლებიც მიხა პაპას წლებია ეხმარებიან, მარტოკაცი პროდუქტებით მოამარაგეს.
22 აპრილს, წინხადუელმა გენადი არაბულმა გაგვაგებინა, რომ მიხა პაპა ავად იყო, საწოლს მიჯაჭვული. მთელი ზამთარი არავისთან დაურეკავს და ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო გზა გასული წლის ოქტომბრის ბოლოს ჩაიკეტა და დუშეთის მერიას ამ დრომდე არ გაუწმენდავს. მიხა პაპა დუშეთის საავადმყოფოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოაფრინეს, იქიდან კი კატასტროფის ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
„შენ რომ მემდური, ტელეფონზე რად არ დამირეკეო, როგორ დაგირეკავდ, ტელეფონი არ მუშაობს, ტელევიზორ არ მუშაობს, არც შუქ, არც არაფერ. გორშეღმაი დიდ თოვლ იყო წელს, 2 მეტრ მაღლა“.
მიხა პაპას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. კლინიკიდან გაწერის შემდეგ, მას ზეისტეჩოში დაბრუნება სურს, თუმცა ის ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას საჭიროებს, პირაქეთა ხევსურეთში კი ექიმი (კვირაში ერთხელ) მხოლოდ ბარისახოშია: „30 წელ გათავდა, რაც სულ მარტუაი ვარ. ჩიტი საც იბადების, იმის ბაღდადი იქ არის“.