საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რამ გააერთიანა მთაში მცხოვრები ახალგაზრდები „მთის სათემო ქსელში“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:45 - 09 ოქტომბერი 2018 hits 12856
ფოტოზე: სამუშაო შეხვედრა არდოტში - აგვისტო, 2018
საზოგადოება
ფოტოზე: სამუშაო შეხვედრა არდოტში - აგვისტო, 2018

ჯოყოლა და ლევანი არდოტიდან, გიორგი შატილიდან, გაგა არხოტიდან, ირმა უკანაფშავიდან, ვახო მთიულეთიდან და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მთის განვითარების მიზნით გაერთიანდა. „მთის სათემო ქსელი“ ერთი თვის დაფუძნებულიც არ ჰქონდათ, რომ მათ მიერ დაწყებულმა ადვოკატირების პირველმა კამპანიამ შედეგი გამოიღო. ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციისთვის 25 ათასი დოლარი ამერიკულმა ორგანიზაციამ გამოყო, 10 ათასი ლარი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, 246 ათასი ლარი კი საქართველოს მთავრობამ.

ლევან არდოტელი 20 წლის არის, ხევსურია, არდოტიდან. ილიას უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობაზე სწავლობს. ზაფხულობით მთაშია, მშობლები კი მუდმივად იქ ცხოვრობენ. მამა მესაზღვრეა, დედა დიასახლისი.

არდოტი თუშეთ-ხევსურეთის გზაზეა. ლევანს სახლი ზღვის დონიდან 2150 მეტრზე აქვს, ალპურ ზონაში, თებულოს მთის შესანიშნავი ხედით. ვიზიტორებს კარგ პირობებს სთავაზობს, მომსახურების ღირებულებაც იმაზე დაბალია, ვიდრე შატილში, მაგრამ ტურისტები არდოტში არ რჩებიან:

„შატილს იქით ამ დრომდე არ არის სატელეფონო კავშირი, არც ინტერნეტი. ტელეფონით რომ დავრეკოთ, ან შატილში უნდა ჩავიდეთ, აქედან 20 კილომეტრია, ან მუცოს ზემოთ, მთაზე უნდა ავიდეთ, 7 კილომეტრში. ტურისტები ცდილობენ ღამე შატილში დარჩნენ, სადაც შუქიც არის, მობილური კავშირიც და ტელეფონის ინტერნეტიც. ამიტომაც, შატილს იქით სხვა სოფლები ვერ ვითარდება“.

ინგუშეთის საზღვართან მდებარე არხოტის ხეობაც ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. 24 წლის გაგა ცისკარაული ერთ-ერთი არხოტიონია ახალგაზრდებს შორის, რომელიც სოფელ ახიელში ყველაზე მეტ დროს ატარებს. გაგა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერია. არხოტი წლის განმავლობაში თითქმის 9 თვე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გაგას თქმით, ტელეფონის, გზის, შუქის და ინტერნეტის არქონის გამო სოფელი ახალგაზრდებისგან დაიცალა.

არხოტში რამდენიმე დღის დაგვიანებით გაიგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ, რომ მთავრობა ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციას დააფინანსებდა. ახალი ამბების გაგების ერთადერთი საშუალება ხეობაში ტელევიზორია, მაგრამ ისიც ხშირად გამორთულია - არხოტის ძველი ჰესი დაზიანებულია.

სატელეფონო კავშირი არ არის უკანაფშავისა და გუდამაყრის ხეობის რამდენიმე სოფელშიც. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც სხვადასხვა ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები გააერთიანა, სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაა.

ახალგაზრდებს მხარი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ და ინტერნეტგამოცემა „მთის ამბებმა“ დაუჭირა. უჩა სეთურმა, რომლის თაოსნობითაც 2016-2017 წლებში თუშეთში wi-fi ინტერნეტი შევიდა, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი შეადგინა, ახალგაზრდებს ეკონომიკის სამინისტროსთანაც უშუამდგომლა, „მთის ამბებმა“ კი ადვოკატირების საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ამ კამპანიის ნაწილი იყო ნიკო არდოტელის ცნობილი ვიდეოც - „ქვებთან მოლაპარაკე“.

ტელეფონისა და ინტერნეტის არქონა მთიანი რეგიონების ერთადერთი მწვავე პრობლემა არაა. ადვოკატირების კამპანიის წარმატებით შეგულიანებულმა ახალგაზრდებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“ დააფუძნეს, რომლის თავმჯდომარედაც ირმა ცქიფაშვილი აირჩიეს. ირმა უკანაფშავში, სოფელ თხილიანაში ცხოვრობს, 10 შვილი ჰყავს და შუაფხოს სკოლის დირექტორია. დამფუძნებლების შეთავაზებას, ორგანიზაციისთვის ეხელმძღვანელა, მაინც დასთანხმდა.

მთიან რეგიონებში სამოქალაქო და ციფრული განათლების ხელშეწყობა; სახელმწიფო თუ სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა; მაღალმთიან დასახლებებში თემის მობილიზაციის, მოსახლეობაში სამეწარმეო და ბიზნეს-უნარების, ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ქალთა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა - ეს „მთის სათემო ქსელის“ მიზნების არასრული ჩამონათვალია.

უახლოეს დღეებში, „მთის სათემო ქსელისა“ და „მთის ამბების“ ერთობლივი ძალისხმევით, მთიანი რეგიონების სათემო ორგანიზაციების ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანი მთაში პრობლემების გადასაჭრელად რესურსების მოძიება და გამოცდილების გაზიარებაა.

„მთის სათემო ქსელში“ გაწევრიანება იმ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებსაც მთაში პრობლემების გადაწყვეტა სურთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში