საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დე ფაქტო საზღვართან მარტო დარჩენილი ქართული სოფელი უგზოდ, უშუქოდ, უტელეფონოდ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:32 - 07 აპრილი 2018 hits 12649

ლომისის ქედზე, დე ფაქტოდ ქცეული საზღვრიდან ერთ კილომეტრში მცხოვრები ციხისსოფლელები - უგზოობის, უშუქობის, უტელეფონობის გარდა მუდმივ შიშში ცხოვრობენ: საქონელსაც კი ვერ უშვებენ საძოვარზე. პირუტყვი „საზღვარს“ ვერ ცნობს, იქითა მხრიდან კი ხან აბრუნებენ, ხან არა. რუსი და ოსი „მესაზღვრეებიც“ ხშირად ამოდიან ქედზე, ქართველი მესაზღვრეები აქ არ დგანან. ჩვენს ჩინოვნიკებს აქაურები მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, თუმცა მაშინაც დგნალის ასახვევამდე მიდიან.

42 წლის ბიჭიკო ჭიკაიძე კვირას დილაადრიან წამოიყვანს თავის ორი წლის მოზვერს, ვირსაც გამოიყოლებს და ტრასისკენ დაეშვება. ანანურის მერე, სოფელ დგნალის ასახვევში, ისევე როგორც ბევრგან გზაზე, კვირაობით ბაზრობა იმართება. გამოდიან სოფელს შერჩენილი გლეხები და ყიდიან: თაფლს, ქათამს, კვერცხს, ვაშლს, ტყლაპს, ვისაც რა აქვს. ეს გზა სხვა მთიანი გზებისგან განსხვავებით ხალხმრავალია, კვირაობით გუდაურისკენ ბევრი ხალხი მიდის, ტურისტიც ბევრია, მყიდველი ნაკლებად. თუ ვინმეს მოაწონეს საქონელი, ხომ გაყიდიან, თუ არა, ხელცარიელი ბრუნდებიან შინ.

თუ მოზვერი გაყიდა, ბიჭიკოც იქვე „ავტო-მაღაზიებში“ (სურსათის დამტარებელ მანქანებში) მთელ ტრასაზე რომ დადიან, იყიდის რამდენიმე კილოგრამ ფქვილს, შაქარს, ზეთს, ასანთს, საქონლისთვის - ქატოს, დატვირთავს ვირს და უკან აუყვება ციხისსოფლის აღმართს.

ციხისსოფელი ტრასიდან 5-6 კილომეტრშია. სამანქანო გზა არ არის, არც ყოფილა არასოდეს. ცოტა ხნის წინ, დგნალისხევის მარცხენა მხარეს კი გაჭრეს გზა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ციხისსოფელი და იქ მცხოვრებნი გაახსენდა ვინმეს, უგზოდ არიანო, დავეხმაროთო, არა, ტრაქტორმა იქამდე იმუშავა, სადაც მაღალი ძაბვის ანძა უნდა დაედგათ.

სოფელში მანქანა არავის ჰყავს, რომ მოინდომონ და იყიდონ, რაში გამოიყენებენ? სამაგიეროდ, ვირი ჰყავს ყველა ოჯახს.

„ტრანსპორტის „სახეობა“, ამ სოფლამდე რომ აღწევს, ცხენი და სახედარია. აქაურები ფეხით გადიან ცენტრალური გზიდან 5-6 კილომეტრს, ბარგს ცხენით, ვირით ან სულაც ზურგით ეზიდებიან.

აქ დღემდე არ არის ელექტროენერგია. მზის პატარა ბატარეებით განათებული ნათურა დღისითაც სუსტად ბჟუტავს. მიწას ისევ თავად ბარავენ ან ხარებით ხნავენ, ოჯახის სამყოფი კარტოფილი და ლობიო რომ მოიყვანონ. ცხადია, არ არის სკოლა და საბავშვო ბაღი. აქ არასოდეს არავინ ყოფილა წინასაარჩევნოდ. ხანდახან თემის გამგებელი თუ აკითხავთ, ეს არის და ეს.

ციხისსოფელი ანანურის თემის ყველაზე მაღლა მდებარე სოფელია დგნალისხევის ხეობაში. ის ლომისის ქედზე და, შესაბამისად, დე ფაქტოდ ქცეულ საზღვართან ახლოს მდებარეობს. ზოგიერთ ცნობარში ციხისსოფელი ცალკე სოფლად აღარც არის დატანილი.

„ხანდახან სოფლის რწმუნებული გვაკითხავს, ცოდვას ვერიტყვით. რას აკეებს? რაც შეუძლია თავის ბეჩავობაზედ, იმას კი აკეებს, მაგრამ რა შეუძლია. აქ რამე უფლება?“, - აქეთ გვეკითხებიან ციხისსოფლელები.

სხვა ჩინოვნიკები და დეპუტატები ქვემოთ სოფლებში უნახავთ, მხოლოდ არჩევნების წინ.

„ტრიპოლსკი იყო და დგნალთან ვნახე, ტრასაზე. მერე ქუცნაშვილსაც არჩევნების წინ ცივწყაროსთან შევხვდი, წინასაარჩევნო შეხვედრა რომ ჰქონდა. ეგ იყო და ეგ. მარტო იმას გვეუბნებიან, ხმა მოგვეცითო“, - ამბობს არკადი - „დუშეთის გამგებელი ვინ არის, არც ვიცი“.

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს კი ემადლიერებიან, ერთდერთი ჭიკაიძე ამოდის და ჩვენთან ჯდომასაც კადრულობსო.

„აქაური რომ არ იყოს, ამოვიდოდა?“, - ვეკითხებით და მწარედ ეღიმებათ: „არა, ალბათ არ ამოვიდოდაო“.

ციხისსოფელი ჭიკაიძეების სოფელია. ზამთრობით ვინც რჩება სოფელში, ყველა ჭიკაიძეა. სხვები - ასევე ჭიკაიძეები, ქავთარაძეები, შადურები - ზაფხულში თუ ადიან ცოტა ხნით.

ციხისსოფელში 4-5 სახლია, ყველა კედლებ და სახურავმორყეული, ფაქტობრივად ქოხები, უმეტესად მიწის იატაკით. სხვა სახლები დანგრეულია.

ახლა სოფელში სამი კომლი ცხოვრობს მუდმივად, წელს 7 კაცმა გამოიზამთრა.

„აი, სულ ეს ვართ, ვისაც გვხედავთო“, - გვეუბნებიან. სამნი: ბიჭიკო, არკადი და ლევანი სოფლის დასაწყისში, სასაფლაოსთან გვხვდებიან. უკვირთ, უცხო ადამიანებს რომ გვხედავენ. მერე „ჟურნალისტები ხართ, არა? თქვენ ხომ ადრეც იყავითო აქ?“ - აზუსტებენ.

„როგორ გამოიზამთრეთ?“ - ვეკითხებით დამხვდურებს.

„ჯერ ცოცხლები ვართ. ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე ცუდად გავხვდეთ და რამე დაგვჭირდეს, თორემ ექიმი აქ ვერ ამოვა და სასწრაფო, ეგრე დავიხოცებითო“.

ექიმი ვერ ადის და ვინმე ცუდად თუ გახდა, ტოტებისგან სახელდახელოდ შეკრული საკაცით თავად ჩაჰყავთ ავადმყოფი დგნალში ან ტრასისკენ.

მაიას, ლევანის დას, ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აქვს. იხსენებენ შემთხვევას, როცა ცუდად გახდა, გონება დაკარგა. ექიმს ვინ ჩივის, მაშველებსაც გაუჭირდათო ამოსვლა და ექიმის მიერ გამოწერილი წამალი მეზობელმა ცხენით აუტანა. ერთხელ ერთმა ციხისსოფლელმა მამაკაცმა ფეხი ცულით გაიჭრა და მერე დაინვალიდდა: სანამ საკაცე შეკრეს, დააწვინეს, ტრასაზე ჩაიყვანეს და დუშეთის საავადმყოფოში მივიდნენ, დაშავებულმა ბევრი სისხლი დაღვარა.

„ის წყლები ხომ გამოიარეთ ხევში? ხომ ნახეთ როგორია გზა? ხან ისე გადაირევა ეს თითქოს პატარა მდინარე, კაცი ვერ გავა შიგ. ხიდი იქ არ არის და არაფერი. ერთხელ „ლეჟანკაზე“ დავაწვინეთ ავადმყოფი და ბიჭებმა ჩაიყვანეს ქვემოთ. მაშინაც ადიდებული იყო მდინარე და ლამის წაიღო ავადმყოფიც და კარგად მყოფებიც“, - გვეუბნება ლევანისა და მაიას დედა, ასია ტეგეტაევა-ჭიკაიძე.

ის თავად ქედს გადაღმა, საფერშეთის ხეობაში დაიბადა. სკოლა, ცხრა კლასი, სოფელ გდუში დაამთავრა. მერე ოჯახი მაშინდელ ორჯონიკიძეში გადავიდა. „ალბათ ბედი იყო, 1973 წელს გავყვევი ჩემს ქმარს და მას მერე აქ ვცხოვრობ. როგორ გავძელი? დედამთილმა გამაძლებინა. ღმერთმა აცხონოს, ძალიან კარგი ადამიანი იყო. თან მაშინ ასე არ ჭირდა ცხოვრება. ქათამი გვყავდა, საქონელი: ცხვარი, ძროხა. ვყიდდით ყველს, საქონელს და არ გვიჭირდა. ექვსი შვილი გავზარდე, სამი გოგო და სამი ბიჭი“ - ამბობს 68 წლის ასია. მისი მეუღლე ამ დროს შეშაზეა წასული, შეშაც ხელით მოაქვთ, რამდენიმე დღის სამყოფი.

ჩვენს ძველ ნაცნობ-მასპინძელ მარიამს ვკითხულობთ.

„აბა, თუ იცით ვინმე, ჩვენსავით რომ ცხოვრობდეს საქართველოში“, - ღიმილით გვკითხა მაშინ მარიამ ზაქაიძე-ჭიკაიძემ. გაგვიკვირდა კიდეც მძიმე პირობების მიუხედავად ღიმილსა და ხუმრობას რომ ახერხებდა. „ვცდილობ, ბიჭებს და რძალს რწმენა და იმედი მივცეო“, - ამბობდა დედამთილი. მაშინ დედასთან ერთად ორი ვაჟი ცხოვრობდა: არკადი ვაჟით და ქართლოსი მეუღლესთან ერთად.

„დედა ცუდად არის და ზამთრობით აქ ვეღარ რჩება, ქალაქშია, ჩემს ძმასთან“, - გვითხრა არკადიმ. ახლა სოფელში ის ცხოვრობს ვაჟთან, გიორგისთან ერთად. მისი ძმა წამოვიდა ბარისკენ, მანამდე რძალიც... ვეღარ გაძლეს.

მახსოვს, მაშინ სტუმრობისას გამაფრთხილეს, სახლში ფრთხილად შემოდითო, ისე იყო კედლები დაზიანებული. გამაგრებას ვერც ახლა ახერხებენ, შემოსავალი რომც იყოს, სამშენებლო მასალას ატანა ხომ უნდა.

ერთადერთი, წინა საუკუნეების ყოფისგან რაც განასხვავებთ, მზის ბატარეებია, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაუმონტაჟეს სოფლის დახმარების პროგრამით.

„12 ვატს გვაძლევს, მაგრამ ხომ ხედავთ, დღისითაც როგორ ბჟუტავს ეს ნათურა. საღამოს ან სინათლე უნდა ჩავრთოთ 2-3 საათით ან ტელევიზორს ვუყუროთ. ორივე ერთად არ გამოდის. თუ ტელევიზორს ვრთავთ, სინათლეს ვაქრობთ. ღრუბლიანი დღე თუ არის, საერთოდ არ ინთება ნათურა“. 

მარიამ ჭიკაიძის ოჯახში ბავშვები ისე გაიზარდნენ, მეოცე საუკუნის ბოლოს, ტელევიზორი არ ენახათ. ახლა სადღაც ნაპოვნი შავ-თეთრი ტელევიზორი აქვთ, ძლივს რომ ბჟუტავს. დღეს, გაზეთებსაც, აბა, ვინ აიტანს მთის სოფელში.

„რაც ჩამოვედი ამ ანტენას „ვეჩალიჩები“, რომ რამდენიმე არხი გვქონდეს“, - ამბობს ლევანი. ციხისსოფელში არც ინტერნეტია და, შეიძლება ითქვას, არც ტელეფონი. მხოლოდ ადგილ-ადგილ იჭერს თან ყველა ქსელი არა.

მაია გასათხოვარია, არც არკადის, ბიჭიკოსა და ლევანს ჰყავთ ცოლები. „აქ ვინ გამოგვყვება“, - ამბობს ბიჭიკო.

ახალგაზრდები ბარისკენ მიდიან. ბავშვიანი აქ ახლა არავინ ცხოვრობს, მხოლოდ არდადეგებზე თუ ჩაჰყავთ ბავშვები.

„უფროსი შვილები დუშეთში სკოლა-ინტერნატში სწავლობდნენ, ლევანი ცოტა ხანს აქ, დგნალში დადიოდა სკოლაში“ - ამბობს ასია. 

ლევანიც იგონებს, პირველი კლასიდან მეოთხეს ჩათვლით ყოველდღე როგორ დადიოდა დგნალში სამ კილომეტრს სკოლისკენ და სამს - უკან.

დღეს სამივე ოჯახი მესაქონლეობას მისდევს, თუმცა ბევრ საქონელს ვერ ინახავენ, 2-3 სული თუ ჰყავთ. საქონელს საჭმელი სჭირდება და აქ ამდენი თივა არ არის. ვერც მთიდან მანქანით მოგვაქვს და ვერც ბარიდან ამოგვაქვსო საჭმელი. მგლის თავდასხმა კიდევ ცალკე საშიშროებაა.

ბიჭიკო ბოლო დროს კალმახსაც აშენებს. წყალი დააგუბა და ლიფსიტა გაუშვა, მაგრამ უფულობის გამო ვერ ამრავლებს. „ცხოვრებაში ამ ხეობაში თევზი არ ყოფილა და მე გავაშენე კალმახი. ცოტა გავამრავლე, მაგრამ კვება და წამალი უნდა თევზს. პატარა ბიზნესის აწყობაში მჭირდება დახმარება. რამე პროგრამა არსებობს? არვიცი, არ გამიგია, არავისთვის მიმიმართავს“, - ამბობს ბიჭიკო.

იდეა 27 წლის ლევან ჭიკაიძესაც აქვს. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უცხოეთიდან, ჩეხეთში და თურქეთში იყო, ცოტა უცხო ენებიც იცის.

„აქ რა შეიძლება გავაკეთოო? - გვეკითხება და მერე ამატებს: „წასასვლელი რომ ჰქონდეთ, არავინ დარჩებოდა. ჩემები კი არ მომყვებიან, მაგრამ ალბათ მეც წავალ, თუმცა, აქაურობასა და ჩემებს სულ ვერ მივატოვებ“.

ვინ დარჩება?

არადა, ციხისსოფლიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში დე ფაქტო საზღვრად ქცეული ლომისის ქედის თხემია. იქით ოკუპირებული ახალგორია.

„იმ მთას ხომ ხედავთ, მანდ უკვე „საზღვარია“. იქით ქართული სოფლებიც არის და ოსურიც. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ქორწილებში, ნათლობებში, გასვენებაშიც დავდიოდით. ნათელმირნობა გვქონდა, ვმოყვრდებოდით. მოკლედ, კარგად ვიყავით ერთმანეთთან. ახლა იქით სოფლების უმეტესობა დაცლილია, ოსები წავიდნენ, უმეტესად რუსები დგანან“, - გვეუბნებიან ციხისსოფლელები.

2013 წელს, ციხისსოფელში პირველად რომ ვიყავით, არჩევნები ახალი ჩავლილი იყო. მაშინ გვითხრეს, რომ დგნალის ხეობის მოსახლეობამ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. მახსოვს ციხისსოფელში „ოცნების“ დიდი დროშაც აღმოაჩნდათ. „გვჯერა, რომ უკეთესობისკენ შეიცვლებაო ცხოვრებაო“, - იმედი ჰქონდათ.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში