საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

„ერთი ჭექა-ქუხილი უნდა და ჩამოიშლება კედელი” - სვანური კოშკები და მაჩუბები გადარჩენის მოლოდინში

11:42 - 31 ოქტომბერი 2017 hits 2367

სვანეთში შემორჩენილი 3500-მდე კოშკიდან დაახლოებით 160 დანგრევის პირასაა და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი ძირითადად გადახურვის გაუმართავი კონსტრუქცია, ზოგჯერ კი დაუდევრობაა. არის შემთხვევები, როდესაც ერთ კოშკს მეორე კოშკის საწვიმრიდან ჩამოსული წყალი აზიანებს. ეს ყველაფერი კი, არცთუ იშვიათად, კოშკებისა და მაჩუბების ნგრევის მიზეზი ხდება.

რიყისა და ფიქალის ქვით ნაგები სვანური კოშკის სიმაღლე 10-დან 25 მეტრამდეა. მათი უმეტესობა კვადრატული ფორმისაა, ფუძეში უფრო ფართე, ხოლო სიმაღლეში შევიწროვებული. ძველად, სვანეთში კოშკებს საცხოვრებელი სახლების - მაჩუბების გვერდით აშენებდნენ. დღეისათვის სვანური კოშკები და მაჩუბები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ტურისტების დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი საგანი და ადგილობრივთათვის შემოსავლის წყაროა.  

კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუშაობს.

თითოეული კოშკის აღდგენა, თუკი მისი ნაწილი შენარჩუნებულია, დაახლოებით 60-დან 80 ათას ლარამდე ჯდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ნაგებობა ჩამონგრეულია, ძეგლის რეაბილიტაცია ორჯერ ძვირი ღირს. 

სრულად აღსადგენია ჩარკვიანების XI-XII საუკუნების საგვარეულო კოშკი, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში ჩამოინგრა. კოშკის ერთ-ერთი მფლობელი - გიორგი ჩარკვიანი იხსენებს, რომ ნაგებობის მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო უწყებებს ნგრევამდე თითქმის ერთი წლით ადრე მიმართეს. დადებითი პასუხიც მიიღეს და რეაბილიტაციაც უნდა დაწყებულიყო, თუმცა კლიმატური პირობებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული სოფელ ჩაჟაშის კომპლექსი უფრო მძიმე ვითარებაში იყო, კოშკის გადარჩენა ვეღარ მოესწრო.


ჩარკვიანების საგვარეულო კოშკი

ჩარკვიანების კოშკის აღდგენა, რომლის გადარჩენაც მანამდე ვერ მოხერხდა, 2017 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოს სკრუპულოზურობიდან გამომდინარე, პროექტირების პროცესი გაჭიანურდა და ნაგებობის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

„ერთი ჭექა-ქუხილი უნდა, ჩამოიშლება მაჩუბის კედელი და დაინგრევა სახლი“, -  ამბობს უშგულის თემის სოფელ ჟიბიანში მცხოვრები როლანდ ჭელიძე, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქონგურებიანი მაჩუბის გადარჩენის თხოვნით მიმართა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კედლის ბზარები დღითი-დღე იზრდებოდა, საკუთარი ძალებით ჩატარებული გასამაგრებელი სამუშაობი კი უშედეგო აღმოჩნდა.

Mtisambebi.ge-სთან საუბარში, როლანდ ჭელიძე აღნიშნავს, რომ 30 ივნისს დაწერილ განცხადებაზე პასუხი ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღო, - „პასუხში წერია, რომ ამ დროისთვის ბიუჯეტი ცარიელი გვაქვს. ვერ შეგპირდებით, რომ ახლო მომავალში გამოვნახავთ სახსრებს და გავაკეთებთ სვანურ სახლსო, მაგრამ თუ თქვენ დამფინანსებელს იშოვნით, დაგეგმარებაში ჩვენ დაგეხმარებითო“.

როლანდ ჭელიძის თქმით, გასულ შემოდგომაზე, სპეციალისტები, რომლებიც კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციაზე მუშაობენ, მესტიიდან საგანგებოდ ჩაიყვანა და სიტუაცია  ადგილზე გააცნო. მაჩუბი კლდის პირას დგას და კედლის ჩამონგრევის შემთხვევაში, დაახლოებით 20-25 კუბური მეტრი ფიქალის ქვა მდინარეში ჩაიყრება, იქიდან კი მასალის ამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება - „თუ მთავრობა ჩაერია, იქნებ ის მაინც მოხერხდეს, რომ ფიქალის ქვა შედარებით უსაფრთხო ადგილას გადავაწყოთ და არ დაიკარგოს.“

უშგულის თემში სულ 41 კოშკი, 7 ეკლესია და 87 მაჩუბია. მათ შორისაა ჩარკვიანების საგვარეულო კოშკი და ჭელიძეების მაჩუბი.   

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბექა ბარამიძე Mtisambebi.ge-ს პასუხობს, რომ  ჭელიძეების თხოვნას გაითვალისწინებენ და პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებიან.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მესტიის მუნიციპალიტეტში 40-მდე კოშკსა და მაჩუბს სრული რეაბილიტაცია უტარდება. დაბა მესტიასა და მიმდებარე სოფლებში კოშკებისა და მაჩუბების აღსადგენად წელს დაახლოებით 500 ათასი ლარია გამოყოფილი.  ამ პროცესში ფინანსურად მონაწილეობს  „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდიც“ („ქართუ“ ფონდი). მათი რესურსი, დაახლოებით 800-დან 900-ათას ლარამდე თანხა, ძირითადად, უშგულის თემის სოფლების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას მოხმარდა.

„ცხადია, ამ კუთხით სახელმწიფო თავის როლსა და ვალდებულებას არ ივიწყებს. თუმცა, მცირე დაზიანების დროს, კანონმდებლობა არ უკრძალავს მესაკუთრეს აღდგენითი სამუშაოების წარმოებას. ბუნებრივია, ამ პროცესებში ბევრი პროცედურაა დასაცავი და უშუალოდ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განხორციელდეს“.

ბექა ბარამიძე სვანეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ერთ და ორ წელიწადში ყველა მათგანის რეაბილიტაცია წარმოუდგენლად რთული იქნება.

„ჩვენს სპეციალისტებს ის ობიექტებიც მონიშნული და აღრიცხული აქვთ, რომელთაც სახურავის კონსტრუქციის შეკეთება ესაჭიროებათ, ეს ყველაფერი გეგმაში ზის. მაგრამ, კულტურული მემკვიდრეობის კუთხით სვანეთი ყველაზე დატვირთული რეგიონია და ადგილობრივთა, თუ მესაკუთრეთა დახმარების გარეშე, წარმოუდგენლად რთულია ამხელა მემკვიდრეობის მონიტორინგი და მასზე ზრუნვა“. 

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში