საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ქმარს რომ ჩემთვის ხელი მეეხარა, იქ რა გამაჩერებდა“ - ქეთო არაბული ჯუთადან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:01 - 19 აგვისტო 2017 hits 63674

„ძნელი იყო ხევსური ქალის ცხოვრება. ოჯახში ქალი აკეთებდა ყველაფერს: ძროხა მოსაწველი, ყველი შესაწური, საჭმელი გინდა, სხვა საქმე გინდა. კაცებსაც ქალები უვლიდენ, ტანსაცმელს უკერავდენ, უქსოვდენ. კაცისთვის სირცხვილი იყო, ქალი სახლში ყოფილიყო და საქმე თითონ გეეკეთა. ლხინი იყო, ჭირი იყო, ქალები იყვნენ სუყველგან, ზოგი ჩეჩავდა, ზოგი ართავდა, ზოგი ქსოვდა, ეს იყო ჩვენი გართობა, საქმე ქალებისი“.

ქეთო ბებო 82 წლისაა, როშკიდანაა, „როშკიონთ ქალი ვარ, წიკლაური“. სიყვარულით გათხოვდა, ჯუთელების რძალი გახდა და დღეს ქმრის გვარზე - არაბულზე „სწერია“. „ქმარს „ლაგაზა ერქვივნა“. სერიოზულად იყვნენ ერთმანეთთან, ახლა რომ „ცოლ-ქმარნი ერთმანეთსა სცემამენ, ადრე არ იცოდნენ.“

იხსენებს, რომ წინათ, ხევსურეთში, ცოლ-ქმრებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ტკბილად იყვნენ, ხელს უწყობდნენ ერთმანეთს, ერთიმეორეს ჰყვეობდნენ - საქმეც ერთი ჰქონდათ, წასასვლელიც და მოსასვლელიც. შვილებსაც ასე ზრდიდნენ.

„ეხლა რო ცოლ-ქმრები ხახლში ერთიმეორეს ეხვევიან, ჰკოცნიან, ადრე არ იყო ეგრე. ადრე იყო სერიოზულობა. განწყობა, რავიცი, ხათრი იყო, ნამუსი იყო.“

ზამთრობით, როცა ჯუთაში 5-6 კომლიღა რჩება, ქეთო ბებო შვილებს თბილისში მიჰყავთ. გზა რომ გაიხსნება - უკან ბრუნდება. ასე ცხოვრებას შეეჩვია. ამბობს, რომ ბედნიერი ქალია: 3 შვილი, 5 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი ჰყავს; ისეთი კარგები არიან, სულ ხელისგულზე მიფრენენო.

საუბრის დროს, ხელით შვილიშვილის ნაჩუქარ ყელსაბამს „ეთამაშება“. არასდროს იხსნის. როცა აღარ ვიქნები, თან უნდა წავიყოლოო.

წარსულს იხსენებს, კაი დრო იყო ადრე, ახლა კი აღარაფერია წინაურიო. სოფელში და-ძმებივით ყოფილან, მისვლა-მოსვლაც ჰქონიათ და ერთმანეთის დახმარებაც სხვანაირი ცოდნიათ.

„ეხლა აღარაა კარგი. აღარაა ხევსურული განწყობა. ეხლა ხალხიც ვეღარ არი ერთიმეორესთან კარგად, სოფელიც ვეღარ არი. შური აქვთ, ჯავრი აქვთ, ჯიბრი აქვთ. ადრე ძალიან კარგი განწყობილობა იყო სოფელ-მეზობლობისა. დაცარიელდა სახლები, გადასახლდა ზოგი ხალხი, ტურისტებმა დაიჭირა აქაობა“.

დღევანდელი საქართველო არ მოსწონს: არც საქციელი, არც ცოლ-ქმრობა. არაფერია წინაური, ყველაფერი შეიცვალაო. ფიქრობს, რომ ეს დრო ახალგაზრდებისთვის კარგია, რადგან „წინათ სწავლაც არ იყო ამდენი“.

ახალგაზრდობაში „დიდი ამბავი“ ჰქონდა! კაცის სამოსს ჩაიცვამდა, სახეს გაიმურავდა, წელზე ხანჯალს შემოირტყამდა და ასე შენიღბული თანასოფლელებს ეხუმრებოდა.

გოგოობისას, ცეკვა, მღერა და გარმონი უყვარდა... სოფელში საკუთარი გარმონით დადიოდა, ახლა ქალაქში წაიტანა - ზოგ დროს, რო შაწუხდება, გადმოიღებს და გაწევს ისევ.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში