საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მუგუდაში არსებულ ვითარებას გაეცნო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:44 - 17 მაისი 2017 hits 5742

ხანდოს ხეობის მოსახლეობის მოთხოვნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯომარე გაეცნო. ანა ნაცვლიშვილმა, სოფელ მუგუდაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს.

„მიწის თხრა მიმდინარეობს საფლავებთან ძალიან ახლოს, ელექტროენერგიის ხაზებმა კი მათ სახლებს თავზე უნდა გადაუაროს. ამავდროულად, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მშენებლობა მეწყერსაშიშ ზონაში მიმდინარეობს.

ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ის არის, რომ საზოგადოების პროტესტს ხელისუფლებამ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ძალოვანები დაუპირისპირა. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის წუხილზე ასეთი პასუხი არის სრულიად მიუღებელი, ძალოვანების ამგვარად გამოყენება ახდენს მათ დისკრედიტაციას და გადაულახავ ბარიერს აჩენს მოქალაქესა და სამართალდამცველებს შორის.

საია იცავდა აქციის დროს დაკავებულ პირებს. მოსამართლემ, სრულიად დაუსაბუთებლად, ისინი 400-400 ლარით დააჯარიმა. ამ საქმეს ჩვენ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საქმე ეხება მთის სოფლებს, სადაც ცხოვრება ისედაც ჭირს და სახელმწიფოს პოლიტიკა მთაში მოსახლეობის დამაგრებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა მთის დაცარიელებისკენ.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრი ადგილზე გაეცნობა სიტუაციას, ასეც უნდა იყოს. არ შეიძლება ხელისუფლება თბილისიდან ესაუბროს ადგილობრივ მოსახლეობას, ამუნათოს ისინი და პოლიციის ძალით გააჩეროს. მინისტრთან ერთად, კარგი იქნება სხვა მაღალჩინოსნებიც, მაჟორიტარი დეპუტატი და სხვა პასუხისმგებელი პირებიც თუ ავლენ ადგილზე და გასცემენ პასუხებს მოსახლეობის კითხვებს და წუხილებს. ეს ხელისუფლების კეთილი ნება არაა, ვალდებულებაა“, – აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯომარემ.

რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზი მთიულეთში ათამდე სოფელს კვეთს. გეგმის მიხედვით, ჭართალში ანძები სახლებიდან 30-40 მეტრითაა დაშორებული. სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრშია ოკუპირებული ახალგორის რაიონი. ადგილობრივები შიშობენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისა და მოსალოდნელი დაავადებების რისკის გამო, ჭართალი მოსახლეობისგან დაიცლება, მიტოვებული ადგილები კი შესაძლოა რუსმა სამხედროებმა დაიკავონ.

მუგუდაში ანძის მშენებლობა სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ახალი საფლავებიდან მშენებარე ანძა რამდენიმე მეტრშია, ირგვლივ კი მე-19 საუკუნის საფლავებია. მუგუდაში გამართული აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ანძისთვის ადგილის თხრისას, შესაძლოა ძველი საფლავები ან სრულად განადგურდეს ან დაზიანდეს - მათი პროტესტის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. 13 მაისს გამართულ აქციაში დაახლოებით 150–მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნით სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა ასზე მეტი პოლიციელის და სპეცრაზმის მობილიზების შემდეგ, სამუშაოები განახლდა.

ხაზის მშენებლობის მარშრუტი რომ შეიცვალოს და დასახლებულ პუნქტებს დააშორონ, ამ მოთხოვნით უკვე რამდენჯერმე გაიმართა აქცია სნოს ხეობაში, ფასანაურში, თბილისსა და ხანდოს ხეობაში. ხანდოში პოლიციამ აქციის 6 მონაწილე დააკავა. საკმარისი მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, მცხეთის სასამართლომ დაკავებულები 400–400 ლარით დააჯარიმა.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებდნენ, რომ მთიულეთსა და ხევში აქციების მონაწილეებს დესტრუქციული ჯგუფები, კერძოდ კი არასამთავრობოები მართავენ.

15 მაისს მთიულეთსა და ხევში მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროტესს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც გამოეხმაურა. პატრიარქმა ხელისუფლებას მოუწოდა, მოსახლეობის მიმართ შემხვედრი ნაბიჯები გადადგას და გამოსავალი მოიძებნოს.

16 მაისს ენერგეტიკის მინისტრი მთიულეთის მცხოვრებლებს შეხვდა და დაპირდა, რომ უახლოეს დღეებში კახა კალაძე სპეციალისტებთან ერთად დუშეთის რაიონში პირადად ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.       

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში