საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სპეცრაზმი მოსახლეობის მოთხოვნების პასუხად – რეპორტაჟი მთიულეთიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:36 - 14 მაისი 2017 hits 23659

რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზი მთიულეთში ათამდე სოფელს კვეთს. გეგმის მიხედვით, ჭართალში ანძები სახლებიდან 30-40 მეტრითაა დაშორებული. სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრშია ოკუპირებული ახალგორის რაიონი. ადგილობრივები შიშობენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისა და მოსალოდნელი დაავადებების რისკის გამო, ჭართალი მოსახლეობისგან დაიცლება, მიტოვებული ადგილები კი შესაძლოა რუსმა სამხედროებმა დაიკავონ.

„ერთ კილომეტრშია ახალგორის რაიონი, რუსის ჯარი დგას ქვემოთ. ზაფხულში ამოდიან ქედზე, გადიან, გამოდიან. ჩვენი პატრონი არც მანამდე იყო ვინმე და არც ახლაა. ამ ანძებსაც დგამენ და ხალხი გაიკრიფება, აქ აღარ გაჩერდება არავინ“, – ამბობს კობა გოგიშვილი, სოფელ ჭართალში მცხოვრები.

„რამდენიმე ასეული მეტრია ე.წ. საზღვრამდე დარჩენილი. იმის იქით ოკუპირებულია, რუსები დგანან. აქაურობას მიტოვებულს რომ ნახავენ, აუცილებლად გადმოიწევენ“, –ტარიელ ციხელაშვილი, სოფელ მუგუდაში მცხოვრები.

მუგუდაში ანძის მშენებლობა სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ახალი საფლავებიდან მშენებარე ანძა 10 მეტრშია, ირგვლივ კი მე-19 საუკუნის საფლავებია. მუგუდაში გამართული აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ანძისთვის ადგილის თხრისას, შესაძლოა ძველი საფლავები ან სრულად განადგურდეს ან დაზიანდეს - მათი პროტესტის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. აქციაში დაახლოებით 150–მდე ადამიანი მონაწილეობდა.

„ეს უძველესი, ისტორიული სოფელია. სალოცავებია, აკლდამებია. აქ მუშაობა კი არა, ხალხი რომ ამოდის, მანქანაც კი არ მოძრაობს ამ ტერიტორიაზე. ესენი პირდაპირ იერიშზე გადმოდიან. თან ამბობენ, რომ ვიღაც გვმართავს, რად გვინდა ჩვენ მართვა? აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ, აქ ვცხოვრობთ და არ გვესმის თუ ვერ ვხედავთ რაც ხდება. შემოყარეს ამხელა ტექნიკა და აოხრებენ აქაურობას, საფლავებს“, – ამბობს ცირა კოტორაშვილი.

„შვილო, მოგიკვდა დედა, იმისთვის იბრძოლე აფხაზეთში და იმისთვის დაიღუპე, რომ ძვლები საფლავში არ გაეჩერებინათ, ისედაც სიკვდილით ვარ გატანჯული“, - მოთქმით ტიროდა შაოსანი დედა. ქალბატონის ეს სიტყვები, რომელიც მედიით და სოციალური ქსელებით გავრცელდა, ზოგიერთმა ისე გაიგო, რომ თითქოს ქალბატონის შვილის საფლავს თხრიდნენ. ხანდოს ხეობაში მცხოვრები ნინო წიკლაურის ვაჟი ნუგზარ გვრიტიშვილი აფხაზეთში დაიღუპა, მისი საფლავიც ქვემოთ არის, მაგრამ ამ სასაფლაოზე ოჯახის წინაპართა საძვალეა.

„აქ ამ სიმძლავრის ანძების დადგმა როგორ შეიძლება? თან სულ შლადი ქანებია, ხომ ხედავთ, როგორ არის მეორე ფერდი დამეწყრილი. რაც უნდა გაგვჭირვებოდა, ხეს არავინ მოჭრიდა ამ მხარეს. ისედაც აქ ხატის ტყეა, ასეთი სამუშაოების ჩატარება როგორ შეიძლება, აღარც ღმერთის გვწამს და აღარც ხატის“, - ჩივის ტარიელ ციხელაშვილი, რომლის მშობლების საფლავიც აქვეა, ამ სასაფლაოზე.

მთიულების მოთხოვნით მუგუდას სასაფლაოზე სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე საათით გაჩერდა. აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და პროექტის გაცნობას ითხოვდნენ. მთიულებს ასევე აინტერესებდათ, რატომ არის რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა საქართველოსთვის სტრატეგიული.

სახელმწიფო კომპანია „ენერგოტრანსიდან“ აქციის მონაწილეებს არავინ შეხვედრია. სამაგიეროდ, სასაფლაოზე უფორმო და ფორმიანი პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა. სამართალდამცავები დუშეთის, მცხეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებიდან შეიკრიბნენ.

საღამოს მუგუდაში სპეციალური დანიშნულების რაზმიც გამოჩნდა. სპეცრაზმის მობილიზების შემდეგ, პოლიციის მაღალჩინოსნების მოთხოვნით, სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ადგილობრივებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

სოფლების ჭართლის, მუგუდას, ხანდოს ხეობის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობის შესახებ ორი თვის წინ, მას შემდეგ გაიგეს, რაც კომპანიამ ტყეში გზის გასაყვანად მოსაჭრელი ხეები მონიშნა.

„აბსოლუტურად არავის არაფერი უთქვამს. 2 თვის წინ, სადაც მე ვცხოვრობ, ხანდოში, გზის პირას ბიჭები ვიყავით შეკრებილები. ტყიდან ორი უცხო ადამიანი ჩამოვიდა. დავინტერესდით და ვკითხეთ, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. ისე გავიარეთო. მერე ბიჭები რომ წავიდნენ საქონლის მოსარეკად, ნახეს რომ ხეები იყო დანომრილი, რომლებიც უნდა მოეჭრათ, რომ გზა გაეყვანათ. ქურდულად შემოძვრნენ, ხეები დანომრეს, არავის არაფერი უთხრეს და ეხლა, ტრაქტორები რომ მოგვადგნენ, დავინახეთ რა ხდება. გვითხრეს, ხალხმა ყველაფერი იცოდაო. არავინ არაფერი არ ვიცოდით“, – ამბობს აქციის მონაწილე ომარ მელიქიშვილი.

მთიულებმა ენერგეტიკის სამინისტროს მაღალი ძაბვის ხაზის გასაყვანად ალტერნატიული, მათი თქმით, სოფლებისთვის უსაფრთხო მარშრუტიც შესთავაზეს.

„ვთხოვეთ, რომ ხაზის მშენებლობა არაგვის მარცხენა მხარეს გადაეტანათ, სადაც არც ხალხი ცხოვრობს, უფრო ვაკეა, გზებიც არის და ხეების მოჭრაც არ დასჭირდებოდათ, რადგან ალპური ზონაა. ხაზი მაქსიმუმ 3–4 კილომეტრით დაგრძელდებოდა. არც განიხილეს. დღეს გავჩერდით, არ დავუპირისპირდით პოლიციას, იქნებ ვინმე გამოჩნდეს და მოგვისმინოს, ყურადღება მოგვაქციოს. ჩვენი მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილი კორუმპირებულია, მაგის იმედი არ გვაქვს.

თუ ესენი ამ ბარბაროსულ ქმედებებს გააგრძელებენ, ავიღებთ ბარებს, თოხებს, ხელკეტებს და ამით შევაჩერებთ ამას. მოიყვანენ სპეცრაზმს, აქ ხალხი დაშავდება, შეიძლება რამდენიმე ადამიანი დაიღუპოს კიდეც, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ ხელისუფლებას, მაგრამ მთიულეთს გადავარჩენთ“, – ამბობს ომალ მელიქიშვილი.

დღის ბოლოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა.

„გადამცემი ხაზი არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის და რეგიონისთვის კონკრეტულად. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასაც, საზოგადოებასაც არაერთგზის ავუხსენით ამ ობიექტის უსაფრთხოება და სრული შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან.

პირადად მე არაერთხელ ვიყავი ჩასული ადგილზე, ვესაუბრე ადგილობრივებს, გავაცანი მთავრობის შესაბამისი დადგენილება და არანაირი წინაღობა ხალხის მხრიდან საკითხს არ ჰქონია. ამჟამად ამ ხალხთან ჩადიან რაღაც ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობაში ცდილობენ პანიკის ან დაძაბულობის შეტანას. პროექტის შესახებ აწვდიან მცდარ ინფორმაციას.

რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენი ხელისუფლების არცერთი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ არის მიმართული თუნდაც ერთი ადამიანის საზიანოდ - მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისკენ.

ჩვენ მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმართველობას, გამგებლებს და თემის წარმომადგენლებს მოახდინონ მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება და კიდევ რამე კითხვის ნიშნები თუ არსებობს - ჩვენ არგუმენტებს მივაწვდით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება დესტრუქციულ ჯგუფებს - ეს საზოგადოებამ განსაჯოს ვის და რის ინტერესებს ემსახურებიან. მივმართავ ამ პროცესების უკან მდგომებს - შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, გარწმუნებთ თქვენი მიზნების მიღწევა არ გამოგივათ. არეულობის ინსპირირების მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება კანონის ფარგლებში“ - განაცხადა ელოშვილმა.

რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობის ნებართვა, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გასცა, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ და მოხევეებს სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და მის გაუქმებას ითხოვენ. პროცესი 22 მაისს, 11:00 საათზეა დანიშული.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში