საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ირაკლი არაბული - ხევსურ დასტაქართა ტრადიციების გამგრძელებელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:03 - 11 აპრილი 2017 hits 12744

სამედიცინო ინსტიტუტი რომ დაამთავრა, სტომატოლოგის კვალიფიკაცია მიანიჭეს. განაწილებისას , ბევრი არ უფიქრია, მშობლიური ხევსურეთი აირჩია, ბარისახოში ექიმობა დაიწყო და მერე იქვე დარჩა. იქაურობა აღარ მიუტოვებია, თითქმის 40 წელი იმსახურა: სტომატოლოგიც იყო, თერაპევტიც, ქირურგიც, გინეკოლოგიც, პედიატრიც, ოფთალმოლოგიც, მთავარი ექიმიც.

„ყველაფრის გაკეთება მიხდებოდა: მშობიარობაც მიმიღია და ოპერაციაც გამიკეთებია“, - იგონებს. ახლა 69 წლისაა. ბოლო დროს თვალის ჩინი წაერთვა და იძულებული გახდა, საყვარელი საქმე მიეტოვებინა, ვერ ხედავს, თუმცა დღემდე აკითხავენ პაციენტები, რჩევას  ეკითხებიან. „უსინათლოს რა დახმარების გაწევა შემიძლიაო“, - ამბობს და თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც გულს აყოლებს ამ ნათქვამს.

კარგი მოსაუბრეა, თუმცა ჩვენი სტუმრობისას ავად არის და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გვიამბობს. მეუღლე და შვილი ეხმარებიან:  

„მამა, ის ამბავიც მოუყევი...“, „ირაკლი, მაშინდელი გაიხსენე?“, - მეორე ოთახიდან გამოსძახის თამარი, რომელიც მედდა იყო და წლები მუშაობდა მეუღლესთან ერთად. სამსახურის სირთულეების მერე კი, შინ, ავადმყოფთან წასული ქმრის მოლოდინშიც არაერთი ღამე დასთენებია.

ირაკლი არაბული ხევსურია, სოფელ დათვისში დაიბადა. იმ პერიოდში, ბარისახოში რომ მუშაობდა, მისი სახლი და სოფელი ზვავმა დაფარა. ცოცხლები რომ ნახა მშობლები, თავი უბედნიერეს ადამიანად ჩათვალა. დათვისელები მაშინ ხელისუფლებამ ბარში ჩაასახლა.

სკოლა ბარისახოში დაამთავრა. იმ დროს ხალხმრავალი იყო ხევსურეთი. სკოლასთან ინტერნატი იყო, სადაც ახლო-მახლო სოფლების ბავშვები რჩებოდნენ. სამედიცინო ინსტიტუტი 1974 წელს დაამთავრა და ექიმად დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს.

„მაშინ აქ საავადმყოფოც იყო 10 საწოლზე, მე რომ მოვედი, 25 საწოლიანად გადაკეთდა. იყო თერაპევტის, მთავარი ექიმის შტატები. ექიმები განაწილებით ჩამოდიოდნენ კიდეც, მაგრამ  დიდხანს ვერ ჩერდებოდნენ, „კვალიფიკაციას ვკარგავთო“, - ამბობდნენ და ერთ-ორ წელიწადში უკან, ბარისკენ მიდიოდნენ.

მაშინ ეს სახლი არ მქონდა, მოგვიანებით ავაშენეთ, საავადმყოფოს შენობაში ვცხოვრობდი. იქვე მაკითხავდნენ ავადმყოფის პატრონები. ზოგი პაციენტი მოჰყავდათ, ზოგთან მე მივდიოდი. სასწრაფო დახმარების მანქანა გვყავდა, თუ რამე შემთხვევა იყო, გავდიოდით. სადაც მანქანა არ უდგებოდა, ფეხით მივდიოდი“, - იგონებს იმ დროს.

- რამდენ სოფელს ემსახურებოდით? დაახლოებით რამდენი კომლი ცხოვრობდა იმ წლებში ხევსურეთში?

- ახლა ზუსტად გამიჭირდება თქმა, მაგრამ 30-40 სოფელს მაინც ვემსახურებოდი. რამდენი კომლი იყო? აღარც მახსოვს: ასე 500-600 კაცი მაინც იქნებოდა, ან მეტიც. მაშინ ხალხიც იყო, ბავშვებიც ჰყავდათ: არხოტშიც, როშკაშიც იყო დაწყებითი სკოლები.

მთელ აქეთა ხევსურეთს, ხან პირიქითასაც, არხოტს, უკანაფშავსაც ჩვენ ვემსახურებოდით. ხშირად პაციენტებთან მისასვლელად კილომეტრების გავლა მიწევდა ფეხით, ზოგან დღესაც არ არის სამანქანე გზა და ადრე როგორ იქნებოდა? სადაც მძიმე შემთხვევა იყო, გზა იკეტებოდა ან მანქანით  ვერ მივდიოდით, სამაშველო ვერტმფრენს ვიძახებდით. ჯერ რაიკომის მდივანი, მერე უკვე გამგებელი უარს არ გვეუბნებოდნენ ამ დახმარებაზე.  

- ხევსურეთში ყოველთვის იყვნენ ცნობილი ექიმები. მათ თუ მოსწრებიხართ, ან მათი გამოცდილება თუ გაგიზიარებიათ, მკურნალობის მათი მეთოდები? ხევსური დასტაქრები, მაგალითად, ლიქოკელები თავის ტრეპანაციასაც აკეთებდნენ.

- ხევსურეთში, მართლაც, ცნობილი დასტაქრები იყვნენ: გიგია და მგელიკა ლიქოკელები 1930-40-იან წლებში იღებდნენ ავადმყოფებს და მე არ მოვსწრებივარ. მახსოვს, მგელიკა უკვე მოხუცებული იყო: 120 წლის ასაკში ფეხზე ფლეგმონა ჰქონდა, თავად გაიკეთა ოპერაცია, მერე ტკივილებმა შეაწუხა და თოფი დაიკრა, თავი მოიკლა.

არაბულებს კი მინახავს, რომლებიც აკეთებდნენ ამ ოპერაციებს: ბერდია არაბული კახეთში, მაშინდელ წითელწყაროში, უზუნდარაში მუშაობდა, წარმოშობით ის დათვისიდან იყო. ბეწინა არაბული ყაზბეგის რაიონში, სოფელ ჯუთაში ცხოვრობდა. თავად მინახავს მის მიერ გაკეთებული ტრეპანაცია.

როგორ მუშაობდნენ? პრიმიტიული იარაღებით, ხოწის ეძახდნენ იმ დანას, რითიც ჭრიდნენ და ფხეკდნენ.

თუ ადამიანს თავის ტკივილები ჰქონდა, წნევები, შესაძლებელია ეს ტკივილი თავის ქალის შიდა გარსების შეხორცებით ყოფილიყო გამოწვეული.

დასტაქარი ჯერ თავს გადაპარსავდა ადამიანს, მერე ქუმელის ფაფას ადებდა, სადაც ფაფა გახმებოდა, იქ ჭრიდნენ და ფხეკდნენ. ჭრილობაზე მარილს აყრიდნენ, ინფექცია რომ არ შეჭრილიყო და ტკივილიც შემსუბუქებულიყო.

უნდა ითქვას, რომ პაციენტი, როგორც წესი, ხმას არ იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია, ცხადია, უნარკოზოდ კეთდებოდა, ხევსურეთში კაცის გმინვა-ტირილი სირცხვილად ითვლებოდა.  

გიორგი არაბულიც მახსენდება. დათვისელი იყო. სულ ნესტარი ედო ჯიბეში, წნევა როცა უწევდა ადამიანს, არტყამდა, სისხლს გამოუშვებდა და წნევა ეცემოდა.

მკურნალობის არაერთი მეთოდი და ხალხური რეცეპტი შემოინახა ჩვენმა კუთხემ, მაგრამ როცა მე ვმუშაობდი, იმ ხალხურ ტრადიციებს უკვე ნაკლებად ვიყენებდით, თანამედროვე მედიცინას მივყვებოდით, თანამედროვე მედიკამენტებს ვუნიშნავდით პაციენტებს. საბედნიეროდ, წამლები არასოდეს გვაკლდა, ვითხოვდით და გზავნიდნენ.

- ალბათ არაერთი საინტერესო შემთხვევა გქონიათ.

- ბევრი რამ გადამხდომია, ხან ზვავში მოვყოლილვართ პაციენტისკენ მიმავალი, ხან კილომეტრები გვივლია ფეხით თოვლსა და წვიმაში, რომ ადამიანი გადაგვერჩინა.

შატილ-მუცოშიც მივდივოდით ხოლმე გამოძახებაზე. აქ რა უჭირდა? ზაფხულში მანქანით მივდიოდით. მახსოვს, მიღმახევის ზედა სოფლებიდან ცხენით ან საკაცით ჩაგვიყვანია პაციენტი და მერე მუცოს ჭალიდან მანქანით წამოგვიყვანია.

არხოტში უფრო რთული იყო. არხოტი რომ კავკასიონს გადაღმაა და იქ დღემდე არ არის სანამქანე გზა.  

ერთხელ შემატყობინეს, ერთი არხოტიონი ქალი ყაზბეგისკენ ყოფილიყო ფქვილისთვის წასული და ცხენიანად გზიდან გადავარდნილიყო. დამტვრეულიყო. ნისლიანი დღეები იყო და ვერტმფრენი ვერ გადავიდა. წავედი. იქამდე 35 კილომეტრია, ფეხით გავიარე ეს გზა. ერთი კვირა დავრჩი და ვუმკურნალე ავადმყოფს. ქალს აქეთ გადმოყვანა აღარც დასჭირდა.

მეორე შემთხვევაც იყო, როდესაც ისევ არხოტში ჩხუბის დროს დაეჭრათ ადამიანი. მაშინაც ვერ გაფრინდა ვერტმფრენი. ტელეფონი არხოტში არც ახლა იჭერს და მაშინ აბა, მობილური არც არსებობდა. როშკიდან ფეხით გადავედი, თუმცა ჩემს ჩასვლამდე ქისტეთის მხრიდან შვეულმფრენს წაეყვანა დაზარალებული და ადგილზე არც დამხვდა.

მაშინ როშკაში, ბაცალიგოში, ხახმატშიც იყო საფერშლო პუნქტები. იქ ექთანი მუშაობდა და შეეძლო პაციენტისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინა. ხშირად ექიმის ჩარევა არც გამხდარა საჭირო.

- თქვენ ამბობდით, მშობიარობაც მიმიღიაო. რამდენი ბავშვი იბადებოდა ადრე ხევსურეთში?

- ადრე აქ, საავადმყოფოში, სამშობიარო განყოფილებაც გვქონდა. შობადობა მაღალი იყო, სიკვდილიანობასთან შედარებით გაცილებით მაღალი. მანქანაში მშობიარობის შემთხვევები ყოფილა ან ისეც მომხდარა, სანამ ჩვენ ამ ჩვენს გზებზე მანქანით მივსულვართ, ქალს გაუჩენია და უბეში ბავშვით დაგვხვედრია.  

ერთხელ, ასე 1980 წელი იქნებოდა, სოფელ ბუჩუკურთადან ჩამოიყვანეს ორსული, იმ პერიოდში მშობიარეები დუშეთში ჩაგვყავდა. წყალსაცავი ჯერ არ იყო და სადღაც გუდრუხის ჭალაზე ქალს მშობიარობა დაეწყო. სხვა რა გზა იყო, ვამშობიარე, თუმცა იარაღებიც არ გვქონდა თან. მახსოვს, გლუკოზის ამპულა გადავტეხე და ჭიპლარი იმით გადავჭერი. ბავშვით ჩავიყვანეთ დუშეთში.

ქირურგიული ოპერაციების ჩატარებაც მიხდებოდა. შეხვევა და დამუშავება - ხშირად მომწევია, დაჭრილებიც მოუყვანიათ - გასაყუჩებელი მასალაც მქონდა და ვუკერავდი კიდეც ჭრილობებს. რა მექნა, მეტი სპეციალისტი არავინ იყო.

ერთხელ სახსარი ბრმად ავუწყვე პაციენტს. მერე დუშეთსა და თბილისში გაოცებულან ექიმები, ზუსტად იყო ყველაფერი გაკეთებული, არადა, მე აქ არც სათანადო აპარატურა მქონდა, არც სპეციალისტი ვიყავი.

- თქვენ ხუცესიც იყავით და რიტუალებს ასრულებდით.

- მთაში, ტრადიციულად, აღვნიშნავთ ხატობებს, ათენგენობაზე გავდივართ სალოცავში.  ჩვენც დათვისში მივდიოდით. საკლავი იკვლებოდა. რიტუალები სრულდებოდა.

- ბატონო ირაკლი, იცლება ხევსურეთი. თქვენ როგორც ექიმი, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ამ პრობლემას?

- ეგ ყველაზე რთული საკითხია. აქ დასაქმება ძალიან ჭირს. წავლენ ახალგაზრდები, აბა რა იქნება. ჩემი შვილებიც, მხოლოდ მზექალაა აქ, ორნი თბილისში არიან.

ჯერ კიდევ 80-90–იან წლებში შავიშვილმა და ხაბეიშვილმა კოოპერატივი შექმნეს, სამკურნალო საშუალებათა საამქრო ამუშავდა: დეკას, ცირელს, კუნელს აგროვებდნენ, მაგრამ ბიოლოგმა ალექსი არაბულმა დაწერა, მცენარეები გადაშენდებაო.  

მერე, იმავე პერიოდში მატყლის საჩეჩი ფაბრიკა აშენდა, თუმცა 90-იანი წლები იყო. დღეს  ცხვარიც აღარავის ჰყავს, მხოლოდ საზღვარზე თუ მუშაობს ხალხი.

მოკლედ, ხევსურეთის გადარჩენა თუ გვინდა, მეტი ყურადღებაა საჭირო, ყურადღება და ხალხის დასაქმება. 

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში