როგორც სააგენტოში აცხადებენ, გიორგი მელაშვილი თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელს დაჰპირდა, რომ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ის ობიექტის უპრობლემო ჩაბარებას უზრუნველყოფდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მელაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
„გიორგი მელაშვილი თანხის გადაცემის დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 2000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აცხადებენ სუს-ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი მელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. მელაშვილი 31 მარტს დააკავეს.