საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

აჩხოტის მოსახლეობას წყლის მოხმარებაში ხელი არ შეეშლება - გარემოს ეროვნული სააგენტო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:17 - 09 მარტი 2017 hits 5361

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჩხოტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის საწარმოო მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. აჩხოტის მოსახლეობა შიშობს, რომ ლიცენზიანტი მათ სასმელი წყლით სარგებლობის უფლებას შეუზღუდავს და აუქციონის შეჩერებას ითხოვს. სააგენტოში აცხადებენ, რომ აუქციონის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

„მთის ამბები“ ამ საკითხზე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილეს, მაია ზავრაშვილს ესაუბრა.

- სოფელ აჩხოტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა მტკნარი წყალი გარემოს ეროვნულმა საგენტომ აუქციონზე 2017 წლის პირველ მარტს გაიტანა - ჩამოსხმის მიზნით მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობაა 1 000 მ3/წელიწადში, სხვა სამეწარმეო დანიშნულებით მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა კი წელიწადში არის 2 000 მ3. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოწვეულია არასწორი კომუნიკაციით. ჩვენი ვარაუდით, მოსახლეობას არ აქვს სწორი ინფორმაცია იმაზე, თუ წყლის რა რესურსით სარგებლობა მოხდება ადგილზე. ეს წყარო არის მაღალდებეტიანი: იქ წყლის რესურსი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე სალიცენზიო პირობებით არის მოთხოვნილი. ამჟამად წყარო არის დაუკაპტაჟებელი - იქ არ არის მოწყობილი გამოსავალი. ლიცენზიის გაყიდვის შემთხვევაში მოხდება განმხოლოება და ლიცენზიანტი ისარგებლებს მხოლოდ იმ რესურსით, რაც გასულია აუქციონზე, დანარჩენი წყლის რესურსით სარგებლობის უფლება ადგილობრივ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ისევ ექნება. ეს გათვალისწინებულია სალიცენზიო პირობებში. შესაბამისად, მოსახლეობას ლიცენზიის გაყიდვის შემთხვევაშიც კი წყლით სარგებლობაში ხელი არ შეშლება.

- აჩხოტის მოსახლეობა ითხოვს, რომ აუქციონი შეჩერდეს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ ასეთი თხოვნით სააგენტოში განცხადებაც შემოიტანეს.

- ჩვენ არანიარი ოფიციალური განცხადება არ მიგვიღია. აუქციონის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ამ ობიექტის აუქციონზე გატანა თავის დროზე შეთანხმდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობასთან. გამგეობიდან ჩვენ მივიღეთ თანხმობა აუქციონის გამოცხადებაზე. არანაირი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ აუქციონი შეწყდეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მოსახლეობას წყლის მოხმარებაში ხელი არ შეეშლება. პირიქით, გამოსავალი მოწესრიგდება. ახლა იქ სანიტარული მდგომარეობა აბსოლუტურად დარღვეულია. დღეს თუ ამ წყაროს წყლის რესურსი არის 1 წამში 7 ლიტრი, წყლის მოპოვება ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელდება მხოლოდ 2 ლიტრზე, დარჩენილი 5 ლიტრი წყლით სარგებლობის უფლება მოსახლეობას შეუნარჩუნდება. ასე, რომ იქ არანაირ შეზღუდვას და მოსახლეობის ინტერესების შელახვას არ ექნება ადგილი, პირიქით.

- მოსახლეობა შიშობს, რომ ლიცენზიანტი იქ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ მათ წყლით სარგებლობის უფლებას აღარ მისცემს.

- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოთხოვნებს ადგენს გარემოს ეროვნული სააგენტო. სალიცენზიო პირობებით, სავალდებულო მოთხოვნაა, რომ მოსახლეობას წყლით სარგებლობისას ხელი არ შეეშალოს. ლიცენზიანტს არ აქვს თვითნებობის უფლება. ასეთი ვარაუდისთვისაც კი არანაირი საფუძველი არ არსებობს.

სოფელ აჩხოტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა მტკნარი წყალი გარემოს ეროვნულმა საგენტომ აუქციონზე 2017 წლის პირველ მარტს გაიტანა (ჩამოსხმის მიზნით და სხვა სამეწარმეო დანიშნულებით, კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა - 1 000 მ3/წელიწადში (ჩამოსხმის მიზნით), 2 000 მ3/წელიწადში (სხვა სამეწარმეო დანიშნულებით).

აუქციონი 10 მარტს, 18:00 საათზე უნდა დასრულდეს.

საწყისი ფასი 10 ათას 65 ლარია, ბიჯის ფასი კი 1006 ლარი და 50 თეთრი.

სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელია. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა გამარჯვებულმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში