საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პროტესტი აჩხოტში - „მოვკვდებით და წყალს არ დავთმობთ“

19:32 - 08 მარტი 2017 hits 13862

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჩხოტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა მტკნარი წყალი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. აჩხოტის მოსახლეობა აუქციონის შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური პროტესტით იმუქრება.

„წყაროს წყალი რომ იყიდება, ეს მას შემდეგ გავიგეთ, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. ეს ერთადაერთი წყაროა აქ. ეზოებში და სახლებში კი გვაქვს წყალი, მაგრამ ზამთარში ის იყინება და საერთოდ უწყლოდ ვრჩებით. ესეც რომ არ იყოს, ის ძალიან დაბინძურებულია და მისი სასმელად გამოყენება არ შეიძლება. დასალევად მხოლოდ ამ წყალს ვხმარობთ. ამ წყაროს წყალს იყენებს სასმელად არშის მოსახლეობაც. არ მივცემთ არავის მისი გაყიდვის უფლებას, ქალიან-კაციანად ფეხზე დავდგებით, მოვკვდებით და წყალს არ დავთმობთ,“ - აღნიშნა „მთის ამბებთან“ საუბარში აჩხოტში მცხოვრებმა ზაურ ვარძუკაშვილმა.

„ინტერნეტში შემთხვევით რომ არ გვენახა ეს ინფორმაცია, ეს წყალი ისე გაიყიდებოდა, რომ ვერც გავიგებდით. ერთადერთი წყაროს წყალია ამხელა სოფლისთვის. სხვა წყარო არ გვაქვს. არც კი გაგვაფრთხილეს, ისე გაიტანეს ელექტრონულ აუქციონზე. ვიყავით გარემოს ეროვნულ საგენტოში და აუქციონის შეწყვეტის თხოვნით განცხადებაც შევიტანეთ. სააგენტოში გვითხრეს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, 2016 წლის 23 აპრილს შესულია წერილი, რომ აჩხოტის მოსახლეობა ინფორმირებულია წყლის შესაძლოა გაყიდვის თაობაზე და მათ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ეს ტყუილია. ჩვენ არაფერი ვიცოდით. ამ წყალს არავის დავანებებთ,“ - ამბობს ნუნუკა შიოლაშვილი.

„მთის ამბები“ კომენტარისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გივი ქირიკაშვილს დაუკავშირდა. „3 დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან, ისინი მოვიდნენ გამგეობაში. როგორც მათ ჰგონიათ, რომ წყალი ჩვენი მოთხოვნით გაიტანეს აუქციონზე, ასე არ არის. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს კანონით. მტკნარი წყალი აუქციონზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაიტანა. არც არანაირი წერილი არ გაგვიგზავნია, რომ მოსახლეობას წყლის შესაძლოა გაყიდვის თაობაზე ინფორმაცია მივაწოდეთ და ისინი თანახმანი არიან. ეს სიცრუეა. იმ წყაროზე 1 წამში 7 ლიტრი წყალი მოდის. აუქციონის პირობების თანახმად, წყლის მოპოვებისთვის უნდა მოხდეს მხოლოდ 2 ლიტრი წყლის გამოყენება, დანარჩენი 5 ლიტრი ისევ მოსახლეობას დარჩება და მათ სასმელი წყლის მოხმარებაზე არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ,“ - აცხადებს ქირიკაშვილი.

სოფელ აჩხოტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა მტკნარი წყალი გარემოს ეროვნულმა საგენტომ აუქციონზე 2017 წლის პირველ მარტს გაიტანა (ჩამოსხმის მიზნით და სხვა სამეწარმეო დანიშნულებით, კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა - 1 000 მ3/წელიწადში (ჩამოსხმის მიზნით), 2 000 მ3/წელიწადში (სხვა სამეწარმეო დანიშნულებით).

აუქციონი 10 მარტს, 18:00 საათზე უნდა დასრულდეს.

საწყისი ფასი 10 ათას 65 ლარია, ბიჯის ფასი კი 1006 ლარი და 50 თეთრი.

სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელია. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა გამარჯვებულმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

„მთის ამბები“ კომენტარისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა. სააგენტოში შეგვპირდნენ, რომ ოფიციალურ პასუხს ხვალ მოგვაწვდიან. „მთის ამბები“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პასუხს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში