საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მიცვალებულის დასაკრძალად გზა რომ არ გაეწმინდათ, მთელი უბანი გადაიწვებოდა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:32 - 05 მარტი 2017 hits 9241

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯინჭვისში ხანძრის შედეგად გოგრიჭიანების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ოჯახის წევრებმა ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

„ძველებური სახლი გვქონდა დიდი ბუხრით. ხანძარი ბუხრიდან ასულმა ალმა გამოიწვია. მეორე სართული ხის იყო, მალევე დაიწვა. ბოლოს მახსოვს ვერაფერს ვხედავდი და გავითიშე. მერე, მომენტალურად დედას კივილზე როგორღაც მოვახერხე გონს მოვსულიყავი და გარეთ გამოვიყვანეთ ერთმანეთი. რაც ზედ გვეცვა, მხოლოდ ის შემოგვრჩა. მამა ავადაა, მის სამკურნალოდ ფულს ვაგროვებდით. ის ფულიც დაგვეწვა“, - გვიყვება დაზარალებული თეა გოგრიჭიანი.

თეა მასწავლებელია. უწერას საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. დედა ექთანია ონის სამედიცინო ცენტრში. მამას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. გოგრიჭიანების ოჯახი სოფელ ჯინჭვისში 20 წელზე მეტია ცხოვრობს.

„მუნიციპალიტეტის გამგეობა დახმარებას დაგვპირდა. ვიდრე თავშესაფრის მოწყობას შევძლებთ, მეზობლის სახლში ვართ შეხიზნულები,“ - ამბობს თეა.

ადგილობრივების თქმით, გოგრიჭიანების სახლამდე მისასვლელი გზა თოვლისგან გასაწმენდი იყო, რის გამოც მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ. 

„ამ უბნამდე მოსასვლელი გზა წელს სულ ორჯერ გაიწმინდა. ერთხელ გამგეობის ინიციატივით და მეორედ, სოფელში გარდაცვლილი გვყავდა და მისმა ოჯახმა მოითხოვა გზის გაწმენდა, რომ მიცვალებული დაეკრძალათ. გზა მეორედ რომ არ გაწმენდილიყო, სახანძრო იქამდე ამოსვლასაც ვერ შეძლებდა, სადამდეც მოაღწია. დაახლოებით 200 მეტრში მოვიდნენ. სახანძრო მილი გაჭიმეს და წყალს ისე ასხამდნენ. გოგრიჭიანების საცხოვრებელი სახლი სულ დაიწვა. ცეცხლი უკვე მეზობლის სახლის კედელზე იყო გადასული და იმის ჩაქრობა მოახერხეს, თორემ მთელი უბანი გადაიწვებოდა“, - უთხრეს „მთის ამბებს“ დაზარალებულის მეზობლებმა.

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა დაზარალებული ოჯახის წევრები მოინახულეს და საკვები პროდუქტები გადასცეს.

გამგებლის, გიორგი ლობჟანიძის თქმით, მდგომარეობა მძიმეა და შესაძლებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ეცდება ოჯახს დახმარება გაუწიოს. „რომ არა გაწმენდილი გზები და სახანძრო სამსახურის დროული მისვლა, შესაძლებელი იყო გაცილებით ბევრი სახლი დამწვარიყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაქსიმალურ თანხას - 3000 ლარს გამოვუყოფთ. შემდგომში ვაპირებთ ხე-მასალაც გადავცეთ სოციალური ჭრებიდან, რაც სახლის მშენებლობისთვის იქნება საჭირო,“- აღნიშნავს გამგებელი.

გოგრიჭიანების ოჯახის დასახმარებლად "საქართველოს ბანკში" ანგარიშიც გაიხსნა, რომლის ნომერია: GE03BG0000000157087600. საკონტაქტო ტელ: 551 09 38 22

სალომე ცისკარაული

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევსურეთის და რაჭის ამბებს. პროფესიით ჟურნალისტია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში