საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მუხამედ ბერიძე ჯავახეთიდან – სხვებსაც რომ ჰქონდეთ ვეტერინარის განათლება, დასაქმდებოდნენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:19 - 10 იანვარი 2017 hits 6369

26 წლის მუხამედ ბერიძე ეკომიგრანტია. სტიქიის შედეგად დაზარალებული მისი ოჯახი, აჭარიდან, ხულოს რაიონის სოფელ ტუნაძეებიდან ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში 2008 წელს ჩაასახლეს. მუხამედმა 2013 წელს პროფესიული განათლება კაჭრეთის კოლეჯში მიიღო და სწავლის დასრულების შემდეგ კერძო ფერმერთან ვეტერინარად მუშაობს.

„ხულოში დიდთოვლობაა ხოლმე, გზები იკეტება, აქ, ნინოწმინდაში დიდთოვლობა არ არის, გზები არ იკეტება, გვყავს სასწრაფო დახმარება, შედარებით დიდი სიცივეებია, მაგრამ ამ ყველაფერს შევეგუეთ. სადაც ჩემი საძინებელია, იქ წყალს რომ დავდგამ ჭიქით, შეიძლება მეორე დილით უკვე გაყინული იყოს. ასეთი ყინვები ხშირია.

გორელოვკაში ცხოვრობს სომეხი და რუსი მოსახლეობა. მათთან გვაქვს საკმაოდ კარგი და კეთილმეზობლური ურთიერთობა. არ გვქონია არანაირი პრობლემები.

2013 წელს ჩავაბარე კოლეჯში, კახეთში, სოფელ კაჭრეთში. იქ ვისწავლე 3 წელი და დავამთავრე ვეტერინარის კურსი. ახლა აქ ვმუშაობ კერძო ფერმერთან, რომელსაც ჰყავს შავ–ჭრელი საქონელი უცხოეთიდან შემოყვანილი. ხელფასი არის 500–დან 600 ლარამდე, გამომუშავებაზეა. ოჯახში საკმარისად გვყოფნის.

ახალგაზრდა ვეტერინარი ამ სოფელში მხოლოდ მე ვარ. სხვებსაც რომ ჰქონდეთ ვეტერინარის განათლება, ისინიც დასაქმდებოდნენ.

აქ არის ორი შემოსავალი, ან საქონელი უნდა გყავდეს ან კიდევ მიწა უნდა გქონდეს და კარტოფილი აწარმოო. აქედან გამომდინარე, საქონელი არის ძალიან ბევრი. არიან კერძო ფერმერები, რომლებსაც სჭირდებათ ვეტერინარები.

ჩვენ თავისუფალი დრო ძირითადად ზამთარში გვაქვს. ერთმანეთთან მივდივართ, ვლაპარაკობთ და სულ ეს არის. მე და ჩემ თანატოლებს რაც გვინდა, რომ სოფელში იყოს სპორტული დარბაზი. ძალიან ბევრმა მიანება სიგარეტს თავი, ძალიან ბევრს უნდა ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვროს, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს.

ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ გვაკლია, მაგრამ უფრო მეტიც შეიძლება რომ გაკეთდეს. ეკომიგრანტების 90 ოჯახამდე ვართ ჩამოსახლებული, მაგრამ არ გვაქვს სკოლა. სოფელში არის ორი სკოლა, რუსული და სომხური. რუსულ სკოლაში შუადღემდე სწავლობენ რუსი მოსახლეობის ბავშვები, შუადღის შემდეგ სწავლობენ ჩვენი მოსწავლეები. შუადღეს რომ მიდიან შემდეგ გვიანობამდე რჩებიან მოსწავლეები სკოლაში და სიცივეების გამო ღამე მოძრაობა უჭირთ, ძალიან რთულია. გვინდა, რომ სკოლის გვერდზე მდებარე შენობა მოწესრიგდეს და ქართულ სკოლაშიც სწავლა დილიდან დაიწყოს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში