საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მხოლოდ არჩევნებზე მოდიან ხოლმე, ხმა მოგვეცითო“ – რეპორტაჟი ილტოს ხეობიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:46 - 26 დეკემბერი 2016 hits 8072

ილტოს ხეობა ახმეტის რაიონში, მდინარე ილტოს გასწვრივ არსებულ ხეობას ჰქვია. ხეობის შვიდ სოფელში 200–მდე ადამიანია დარჩენილი. დაახლოებით 30 წლის წინ აქ ხალხიც იყო, მეურნეობაც, სკოლებიც, საბავშვო ბაღიც, კლუბიც, ბიბლიოთეკაც და გზაც.

„ახლა რომ მოვიდეს უცხო სტუმარი და გადახედოს აქაურობას, ვერც დაიჯერებს, რომ აქ სიცოცხლე დუღდა: ილტოს ხეობაში 13-მდე სოფელი იყო, სადაც, დაახლოებით, 700 კაცი ცხოვრობდა.

მარტო ჩემს სოფელში, ჭართალაში, რომელიც, ფაქტობრივად, ხეობის ბოლო ცოცხალი სოფელია, რამდენიმე წლის წინ  39-40 ოჯახი იყო, ადრე უფრო მეტიც. ახლა, ამ ზამთრის მდგომარეობით, 9-10 ოჯახია, უმეტესად, მოხუცები“, - ამბობს მწერალი და ფოლკლორისტი მიხეილ ღანიშაშვილი, რომელსაც ილტოს ხეობის ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ტრადიციები აქვს შესწავლილი.  

შახვეტილას თემი ილტოს ხეობის გარდა კიდევ რამდენიმე სოფელს მოიცავს. თემში სულ 10 სოფელია.

2014 წლის აღწერის შედეგებით, ჯაბურსა და ბუხრებში, რომლებიც ჭართალას ზემოთ მდებარეობს, აღარავინ არის რეგისტრირებული.

ხეობაში ერთადერთი, ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორის, ივანე თურქიაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით: დღეისათვის შახვეტილაში 43 კომლია (153 კაცი), ჭართალაში -  10 (28 კაცი), ნადუქნარში - 8 (16 კაცი), საბუეში - 7 (12 კაცი), ვეძებში - 5 (9 კაცი), ბუხრებში 2 (3 კაცი), ჯაბურში - 2 (4 კაცი), ჩაჩხრიალაში 17 (51 კაცი), ჩოფჩაურში 1 (2 კაცი),  ბუღაანშიც - 5 (8 კაცი).  კვერნაძეულსა და იფნისგორში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

მთის სოფლის სტატუსი მხოლოდ ოთხ სოფელს: ვეძებს, ბუღაანს, ბუხრებსა და ჯაბურს აქვს, სადაც 24 კაცი ცხოვრობს. რთული პირობების გამო ზოგი ზამთარში ვერც რჩება.

„იმ სოფლებში, რომლებმაც მიიღო მთის სოფლის სტატუსი, ადამიანები დაბრუნებას იწყებენ, ასეა ჯაბურში, ბუხრებში, სადაც აღწერის შედეგებით, აღარავინ ცხოვრობდა, ახლა კი თითო-ოროლა ადამიანი ბრუნდება. სხვა სოფლები 720-760 მეტრ სიმაღლეზეა, ამიტომ ბევრი თხოვნის მიუხედავად, მთის კანონი ვერ შეეხო. მოსახლეობა ძალიან გულდაწყვეტილია ამის გამო“, - ამბობს შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ლაშა უძილაური.     

ჩვენ ვცადეთ მთიან სოფლებში ასვლა, მაგრამ თოვლისა და უგზოობის გამო ვერ ავედით.

„მინდა ერთი საკითხი გავაჟღერო ყველა დონეზე: სულ ახლახან ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო „მთის კანონი“, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ილტოს ხეობის სოფლების უმეტესობას ვერ მიიენიჭა მთის სოფლის სტატუსი. არადა, მეც პირადად მაქვს ნანახი კანონის პირველი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ხეობაც შედიოდა მთიან ზონაში. შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა, რა კრიტერიუმებით და ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რატომ აღარ შევიდა ეს სოფლები?“ - კითხულობს მიხეილ ღანიშაშვილი.

ერთი წლის წინ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით,  საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს.

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს“, – ნათქვამია კანონში.

„დიდი მოლოდინი გვქონდა და  ხალხი ძალიან იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ილტოს ხეობას „მთის კანონი“ არ შეეხო. ვეძების, ბუხრების (სადაც სულ 2-3 კომლი ცხოვრობს) და კიდევ ორი სოფლის გარდა მთიანი სოფლის სტატუსი სხვას არ მინიჭებია. ალბათ რაღაც პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ. არც ვიცით, რატომ გვითხრეს უარი. არადა, ზოგიერთი „მთიანი“ სოფელი ილტოს ხეობის სოფლებზე დაბლაც მდებარეობს“, - გულისტკივილით ამბობს ლეილა უძილაურიც, რომელიც 4 წელი თემის რწმუნებული იყო და ახლა სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

ჭართალა, შახვეტილა, საბუე და სხვა სოფლები ვერ მოხვდნენ მთის სოფლების ჩამონათვალში, ამიტომ აქაურები ვერ ისარგებლებენ თუნდაც იმ  მინიმალური შეღავათებითაც, რასაც კანონი ანიჭებს მთიან ზონაში მყოფ მოსახლეობას.

არადა, „ეს პატარა სტიმული მაინც იქნებოდა აქაურებისთვის, სტიმული იმისა, რომ ადამიანები ადგილზე დამკვიდრებულიყვნენ. იქნებ ამ შეღავათებს მაინც მოებრუნებინა ვინმე სოფლისკენ. განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას ახალგაზრდებზე, რომლებიც ქმედუნარიანები არიან. მათთვის რთულია აქ ცხოვრება და იქნებ კანონს მაინც შემოებრუნებინა სოფლისკენ“, - ამბობს მიხეილ ღანიშაშვილი.

არადა, დიდი ხანია ხეობიდან აქტიური მიგრაცია დაიწყო:

„გაჭირდა ცხოვრება, გაფუჭდა გზა, არ იყო ყურადღება და წავიდა ხალხი“, - ამბობს ანა წოწკოლაური-ღანიშაშვილი.  

„ამ ხეობაში, სამწუხაროდ, დიდი ხანია დაიწყო პრობლემები: მიგრაციის საკითხი მწვავედ დგას, გადის ხალხი აქედან, რთულია ცხოვრება და სახელმწიფოც  ჯერჯერობით ვერაფერს გვთავაზობს.  

ჩვენი ძირითადი პრობლემა გზაა: ახმეტამდე სულ 15 კილომეტრია, გზა ნორმალური რომ იყოს, გადაადგილება არ იქნება რთული და ასეთი გაუსაძლისიც არ იქნებოდა ცხოვრება.  გზის საკითხი თუ მოგვარდება, სხვა პრობლემებიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება.

აქ არც მაღაზია, არც - ბიბლიოთეკა, ახლა გართობაზე პრეტენზია არც გვაქვს, სავაჭრო და გასართობი ცენტრები ბევრ ქალაქშიც არ არის და ჩვენც ავიტანთ ამის არარსებობას. წყალი გვაქვს, ტელეფონიც ყველგან იჭერს. ინტერნეტი? ხაზის ინტერნეტი არ არის, მაგრამ საჰაერო ინტერნეტი გვაქვს“, - ამბობს ლეილა უძილაური.

მიხეილ ღანიშაშვილის თქმითაც: „გზა ერთ-ერთი უმთავრესი მაცოცხლებელი რამ არის ნებისმიერი ხეობისთვის, იქ სიცოცხლე რომ იყოს შენარჩულებული, მოსახლეობა რომ დარჩეს. გზა, წყალი, გაზი - არცერთი ამ სიკეთეთაგანი ილტოს ხეობის სოფლებს, უმეტესობას მაინც არ აქვს.

ნადუქნარში არის ამ ხეობაში ერთადერთი სკოლა. სკოლაში მოსწავლეთა მინიმალური  რაოდენობაა. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლება ინარჩუნებს სკოლას“.

რასაკვირველია, კარგია, ხელისუფლება ამას რომ აცნობიერებს და ხეობის მაცოცხლებელ სკოლას რაღაც პირობებს  უქმნის.   

დღეს გზა ძალიან დაზიანებულია, ახმეტამდე 15 კილომეტრის გავლას კარგა ხანი სჭირდება: „აი, იქ, კუბიკებთან (გზაში ერთ ადგილზე გვითითებს, ავტ), ნახეთ, როგორ არის გზა დავიწროებული? ადრე 10 მეტრი მაინც იყო და მოხრეშილიც იყო. 10 წელზე მეტია, ხრეში არავის დაუყრია. მანდ მცოცავი კლდეა, მაღლაც და დაბლაც. რომ ჩაწყვიტოს და წამოვიდეს, აქ ვერც ტრანსპორტი შემოვა, ვერც - ექიმი, მოწყდება სოფელი რაიონულ ცენტრს, საერთოდ უგზოდ და უპატრონოდ დავრჩებით“, - ჩივის ჭართლელი ვანო პაპიაშვილი.

რაში ხედავენ გამოსავალს ილტოს ხეობის მკვიდრნი?  

„ილტოს ხეობის მომავალს მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხედავ, თუ ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება იქნება. თუ ყურადღება არ იქნა, გზა არ იქნება, სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია. ეს ჩვენი სოფელი, ჭართალაც შეიძლება დაიცალოს.  გარდაიცვლებიან ეს მოხუცები, ახალგაზრდებს კი აღარ ექნებათ აქ დარჩენისა და ცხოვრების სურვილი. არადა ულამაზესია აქაურობა, საინტერესოა როგორც ისტორიული, ასევე  ტურისტული თვალსაზრისით“, - მიაჩნია მიხეილ ღანიშაშვილს.

„გამოსავალი რა არის? გზა, შუქი, მომარაგება, მაღაზია. მეტი ყურადღება სჭირდება აქაურობას, თორემ დაბრუნებით აღარავინ დაბრუნდება“, - ამბობსა ანა წოწკოლაური-ღანიშაშვილისაც.  

„მხოლოდ არჩევნებისას მოდიან ხოლმე, ხმა მოგვეცითო. მერე აღარავის ვახსენდებით“, - ჩივიან ილტოს ხეობის მკვიდრნი.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში