საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რუდოლფ ავდალინოვი, რომელსაც ბოდიში მოახდევინეს, ამბობს, რომ მუქარა არ ყოფილა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:43 - 12 დეკემბერი 2016 hits 5361

საქართველოს მოქალაქე 23 წლის რუდოლფ ავდალინოვი, რომელსაც ბოდიში მოახდევინეს სვანური კოშკების ფონზე შიშველ მდგომარეობაში ფოტოს გადაღებისა და გავრცელების გამო, აცხადებს, რომ ბოდიში საკუთარი სურვილით მოიხადა. ავდალინოვის თქმით, მის მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„გავრცელდა ფოტო, სადაც მე ვდგავარ სვანური კოშკების ფონზე ნახევრადშიშველი. ამასთან დაკავშირებით შემხვდა ახალგაზრდა მამაკაცი სვანეთიდან, რომელმაც მითხრა, რომ ეს სურათი ბევრისთვის მიუღებელი იყო. მე ჩემი მხრიდან ავუხსენი, რომ ამ სურათით არ მინდოდა ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, რის შემდეგაც, გადავწყვიტეთ გადაგვეღო ვიდეო, სადაც მე ბოდიში მოვუხადე ყველა ადამიანს, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ჩვენი საუბარი შედგა მეგობრულ გარემოში და არანაირ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი. ნუ დაუჯერებთ სოციალურ მედიას, რომელიც აზვიადებს. არაფერი არ ყოფილა ჩვენს შორის ისეთი, რისგანაც შეიძლება დიდი ამბავი ატყდეს“, – ვიდეოგანმარტება რუდოლფ ავდალინოვმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ის პირები, ვინც მას ბოდიში მოახდევინა, 10 დეკემბერს, პოლიციაში დაიბარეს.

ფოტო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი სვანური კოშკების ფონზე შიშველია გადაღებული, ფეისბუქში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მალევე ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცს ბოდიში მოახდევინეს. მობოდიშების ამსახველი ვიდეომასალა მესტიის რაგბის კლუბის მწვრთნელმა ირაკლი ნარსავიძემ გაავრცელა.

„ამის შემდეგ ყველამ იცოდეს, რომ ესეთი რაღაცეები სვანეთში კი არა, ზოგადად ქართულ მიწაზე და კავკასიის რეგიონში ესეთი რაღაცეები არ ხდება. ეს არის არაკორექტული საქციელი და არანაირი ბრჭყალებში „თანამედროვე“ ჩარჩოები და ესენი ჩვენთვის არაფერი არ არის და ყველა კანონზე და ყველა კონსტიტუციაზე მაღლა დგას ჩვენი ადათ-წესები და ჩვენი ტრადიციები. ასე, რომ ყველამ უნდა იცოდეს, როდესაც ესეთ ადგილას ჩადიან, თუნდაც საქართველოში ჩამოდიან, ყველამ უნდა იცოდეს ქცევის ეტიკეტები, ჩარჩოები და ა.შ. მსგავსი საქციელები აკონტროლეთ, რომ შემდეგში აღარ მოხდეს“, –ამბობს ირაკლი ნარსავიძე.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ფოტოზე აღბეჭდილმა პირმა ბოდიში მუქარის შედეგად მოიხადა, მუქარა კი სისხლის სამართლის კანონით დასჯადი დანაშაულია.

საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მოთხოვნის შემდეგ, 10 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოში მონაწილე პირები პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარა. შსს–ში განაცხადეს, რომ გამოძიება არ დაიწყო, რადგან პირს, რომელმაც ბოდიში მოიხადა, არანაირი პრეტენზია არ აქვს.

„არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. მეორე, არავის არ აქვს უფლება შეურაცხყოფა მოგვაყენოს იმის გამო, რომ ჩვენ ტრადიციებს, ადათ-წესებს, კულტურას და მიწას ვიცავთ ყოველგვარი სიბინძურის და გარყვნისგან. მესამე, ადამიანს დაველაპარაკეთ წყნარად მამამისის თანდასწრებით, ბოდიში მოიხადა, აგვიხსნა, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია და მზად იყო ასევე საჯაროდ ბოდიში მოეხადა, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ ვიდეო ჩაგვეწერა და გაგვევრცელებინა სოციალურ ქსელში ისევე, როგორც მისი შიშველი ფოტო გავრცელდა“, – წერს ირაკლი ნარსავიძე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში