ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს მარცხენა ბურჯი გამოურეცხა და ბეტონის გზის ნაწილი ჩაანგრია.
ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ადიშში მანქანით მისვლა შეუძლებელია. სტიქიამ დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებიც. ადიშთან ერთად უშუქოდაა დარჩენილი იფარის, კალას და უშგულის სოფლების მოსახლეობა.
უშგულში ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ადმინისტრაციულ და საჯარო სკოლის შენობებს.
სოფელ იფარში, მდინარე ლასილურამ სავარგულებისკენ მისასვლელი გზა წაიღო. მოსახლეობა ვერ ახერხებს საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც მერძეული საქონელი ჰყავთ დატოვებული.
მულახის, ბეჩოს, ცხუმარის, ლენჯერის თემებში დაზიანდა შიდა სასოფლო გზები და ხიდები.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქვემო სვანეთშიც. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის, ჟახუნდერის, ჩიხარეშის და ზესხო-ცანას თემებში სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დურაშში, საყდარში, ესიერსა და ტვიბში გზები მდინარემ წაიღო. მდინარე ხელედურამ ლესემისა და ჩხალვარის დამაკავშირებელი გზა დააზიანა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 29 ივლისის დილამდე შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის დონეების შემდგომი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
განახლებული ინფორმაცია: დღის მეორე ნახევრიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია როგორც შატილის, ასევე უშგულის მიმართულებით.