საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ანა ჩართოლანის 8 წლიანი ბრძოლა სვანეთში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:59 - 13 თებერვალი 2021 hits 9689
ანა ჩართოლანი, მესტიის გარეგანათების სამსახურის ყოფილი ბუღალტერი
საზოგადოება
ანა ჩართოლანი, მესტიის გარეგანათების სამსახურის ყოფილი ბუღალტერი

ანა ჩართოლანი ააიპ მესტიის მუნიციპალიტეტის გარეგანათების სამსახურში ბუღალტრად 2012 წლის აგვისტოდან მუშაობდა. ის 2013 წლის 14 ნოემბერს გაათავისუფლეს. მას შემდეგ დავობს. სასამართლომ სამსახურის უფროსს მისი აღდგენა დაავალა. ანა ფიქტიურად აღადგინეს ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, არცერთი დღე არ უმუშავია. მალევე, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის საბაბით, საყვედური გამოუცხადეს და მეორედ გაათავისუფლეს. ანამ სასამართლო კიდევ მოიგო. სამსახურის უფროსი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს. რვაწლიანი დავის პერიოდში, ანას სამსახურიდან ინტერნეტის მოდემის ქურდობა დააბრალეს და მის მიმართ გამოძიება დაიწყეს; შეუთვალეს, რომ „არასრულწლოვან შვილებს გაუფრთხილდეს“; ქუჩაზე, სადაც ანა ცხოვრობს, გარეგანთება გამორთეს და ჩააბნელეს; განაცდურის ასანაზღაურებლად ხელფასი სამსახურის თანამშრომლებს დააკლეს და ზოგიერთი მათგანი ანას გადაკიდეს, სახლში უვარდებოდნენ; ანა მაინც იბრძვის სამართლიანობისთვის.

„ბოლო პერიოდში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, არ ცხადდებოდა სამუშაოზე. არაერთი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, შეუძლებელი გახდა ნორმალური სამსახურებრივი ურთიერთობა. ბუღალტრული საქმიანობა ფაქტობრივად ჩაშლილი იყო, რის გამოც ის გავათავისუფლე სამსახურიდან“, - ასე აღწერს მოხსენებით ბარათში ანა ჩართოლანის პირველი გათავისუფლების მიზეზს მესტიის გარეგანათების სამსახურის უფროსი ბადურ ჯაფარიძე.

„კი, არ ვაწერდი ხელს დოკუმენტებს, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს“, - ამბობს ანა და მესტიის გარეგანათების სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე საუბრობს: „სამსახურის უფროსის მოადგილემ ჩვენს მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ფასი ისე შეამცირა, რომ გაიმარჯვა. ელიავას ბაზრობაზე ნაყიდი იაფასიანი და უხარისხო სანათები შემოიტანეს. პროტესტის ნიშნად დოკუმენტებზე ხელი არ მოვაწერე. მეორე მიზეზი იყო ის, რომ დიდი რაოდენობით საწვავის ხარჯვას აჩვენებდნენ, მაშინ, როცა ორგანიზაციას ბალანსზე არცერთი მანქანა არ ჰქონდა. სამსახურის უფროსს ვუთხარი, ვიდრე ეს საკითხი არ მოწესრიგდებოდა, დოკუმენტებს ხელს არ მოვაწერდი. ზუსტად 2 თვე ვიყავით ამ მდგომარეობაში. პრობლემა არ მოაგვარა. ჩემი გვერდის ავლით თვითონ განახორციელა სხვადასხვა გადარიცხვა და მე გამათავისუფლა“.

სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ანამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. 2014 წლის 18 აგვისტოს, სასამართლომ მესტიის გარეგანათების სამსახურს ანა ჩართოლანის სამსახურში აღდგენა და სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების პერიოდზე განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაავალა.

ანას, საქმეში სააღსრულებო ბიუროს ჩართვა დასჭირდა. რამდენიმე თვის განაცდური ხელფასი ჩაურიცხეს, მაგრამ ბუღალტრის პოზიციაზე არ დააბრუნეს.

„განაცდური რომ აენაზღაურებინათ, ხელფასი თანამშრომლებს დააკლეს. ჩემი ყოველი დილა სახლთან ერთ-ერთი თანამშრომლის მოვარდნით იწყებოდა. ყვიროდა, რატომ წავიღე მათი ფული. უხამსი სიტყვებით მომმართავდა, ზოგჯერ ძალიან აგრესიული იყო. ბავშვებს გარეთ არ ვუშვებდი, მეც ვეღარ გავდიოდი ქუჩაში.

ძლივს მოვაგვარეთ ეს პრობლემა. სანათესაოს ჩართვა დაგვჭირდა“, - ამბობს ანა.

მესტიის მერს, საკრებულოს, გარეგანათების სამსახურის უფროსს, ყოველთვიურად წერილობით მიმართავდა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამსახურში აღდგენას ითხოვდა. რეაგირება არ მომხდარა.

„სამაგიეროდ, მესტიის გარეგანათების სამსახურის უფროსმა ბადურ ჯაფარიძემ ჩემს წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. დამიბარეს გამოკითხვაზე. საჩივარი არ გამაცნეს, მაგრამ გამოკითხვიდან მივხვდი, რომ მიზანი იყო ჩემი დაშინება. მადანაშაულებდნენ, თითქოს სამსახურიდან ინტერნეტის მოდემი მოვიპარე“.

ამის შემდეგ ანას ახლობლები მიუგზავნეს და შეუთვალეს, „შვილებს გაუფრთხილდეს“. ანას ორი არასრულწლოვანი ბავშვი ჰყავს.

ბრძოლა არ შეწყვიტა. დაგროვილი განაცდური ხელფასის ასანაზღაურებლად ისევ სააღსრულებო ბიუროს მიმართა.

2016 წლის 17 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მესტიის გარეგანათების სამსახურიდან გამოითხოვა ბრძანება ანა ჩართოლანის სამსახურში აღდგენის თაობაზე და ასევე, კვლავ დაარიცხა განაცდური ხელფასის გადახდა, რადგან აღნიშნული თანხის დარიცხვა სასამართლოს გადაწყვეტილებით გრძელდებოდა მანამ, ვიდრე ანა ჩართოლანს სამსახურში არ აღადგენდნენ.

მესტიის გარეგანათების სამსახურმა სააღსრულებო ბიუროს აცნობა, რომ ანა ჩართოლანი აღდგენილი იყო ბუღალტრის თანამდებობაზე 2015 წლის 13 თებერვალს.

სააღსრულებო ბიურომ წარმოება შეწყვიტა.

სინამდვილეში, ანამ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ერთი წლის წინ აღუდგენიათ სამსახურში. მას არცერთი დღე არ უმუშავია. მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, ფიქციური (მოჩვენებითი) აღდგენის შემდეგ, 2015 წლის 26 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, ანასთვის საყვედურიც გამოუცხადებიათ და სამსახურიდანაც გაუთავისუფლებიათ. გათავისუფლების ბრძანება ანას მოთხოვნიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში მისცეს.

ანამ მეორედ მიმართა სასამართლოს. 2020 წლის 27 მაისს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გააუქმა გარეგანათების სამსახურის უფროსის მეორე ბრძანება ანა ჩართოლანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, კვლავ დაავალა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. გარეგანათების სამსახურმა ანას არც განაცდური ხელფასი ჩაურიცხა და არც სამსახურში აღადგინა. ანამ ისევ სააღსრულებო ბიუროს მიმართა.

გზავნილი „შვილებს გაუფრთხილდეს“ ანას მიმართ მუქარის შემცველი, მასზე ზეწოლის მიზნით განხორციელებული ერთადერთი აქტივობა არ ყოფილა. დავის პერიოდში, 8 წლის განმავლობაში, მესტიაში, აკაკი გელოვანის ქუჩაზე, სადაც ანა ცხოვრობს, განათება უმეტესად გამორთული იყო.

„გაჩახჩახებული იყო მესტია და ჩემი ქუჩა მთლიანად ჩაბნელებული. რომელიმე მცხოვრები თუ იჩივლებს, ერთი დღით ჩართავენ, მერე ისევ გამორთავენ“. (მთის ამბების“ რეპორტიორებმა ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს ინფორმაცია ადგილზე რამდენჯერმე გადავამოწმეთ და დადასტურდა).

ანა ამბობს, რომ მისი დევნის უკან მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დგანან. „ამ კლანს არ აწყობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების არსებობა მათ მუნიციპალიტეტში. ამისათვის აკეთებენ ყველაფერს, რომ დაგსაჯონ, გაგაჩუმონ. შეიძლება ამ დევნაში წნეხით გული გაგიხეთქონ. უსამართლობა ძალიან ბევრს სპობს და კლავს“.

მესტიის გარეგანათების სამსახურის უფროსს ბადურ ჯაფარიძეს ვკითხეთ, რატომ არ ასრულებს ის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებას და რატომ არის გარეგანათება გამორთული გელოვანის ქუჩაზე. „ეგ თქვენი გასარჩევი არაა. ვისთვისაც პასუხია გადასაცემი, მაგას გავცემ პასუხს“.

ააიპ მესტიის გარეგანათების სამსახური მესტიის მუნიციპალიტეტმა 2012 წლის 21 ივნისს დააფუძნა. წესდების მიხედვით, სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს მესტიის მერია ახორციელებს. დირექტორსაც მესტიის მერი ნიშნავს.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2012 წლის ნოემბრიდან კაპიტონ ჟორჟოლიანია. მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

4 მოწვევის პარლამენტის წევრია ვიქტორ ჯაფარიძე, რომელსაც ანა ჩართოლანი მერის და რეგიონის ფაქტობრივ მმართველად ასახელებს.

ჯაფარიძე 2004-2008 და 2012-2016 წლებში მესტიის მაჟორიტარი იყო, 2016 წლიდან კი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით ორჯერ გახდა პარლამენტის წევრი.

„რა ჩემი საქმეა ბუღალტერი ვინ არის, ვინ დაინიშნა, ვინ გათავისუფლდა. ჩემს შვილებს ვფიცავარ, პირველად თქვენგან მესმის ამ საქმის შესახებ.

- პარლამენტის მოქმედი წევრი ხართ. ორჯერ იყავით მესტიის მაჟორიტარი, მათ შორის იმ პერიოდშიც, 2012-2016 წლებში, როცა სასამართლომ პირველი გადაწყვეტილება მიიღო გარეგანათების სამსახურში ანა ჩართოლანის აღდგენის თაობაზე. მერე კიდევ ერთხელ დაადგინა სასამართლომ, რომ ანა ჩართოლანი, ფიქციურად იყო აღდგენილი და გათავისუფლებული, ისევ გააუქმა სამსახურის უფროსის ბრძანება და აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, ადგილობრივი ჩინოვნიკები არ ასრულებენ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ თავისი ნებით ბედავენ ამდენს?

- სასამართლოს გადაწყვეტილება ყველამ უნდა აღასრულოს.

- რომ არ ასრულებენ, თვითონ ბედავენ ამდენს?

- მე როგორ უნდა დავეხმარო?

- პარლამენტის წევრი ხართ, ტრიბუნა შეგიძლიათ გამოიყენოთ, სადეპუტატო კითხვით მიმართოთ მერიას ან სამსახურს. დადასტურებულად ვიცით, რომ თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური ურთიერთობა გაქვთ და თქვენი გავლენის ქვეშ არიან.

- რადგან პარლამენტის წევრი ვარ, უფლება მაქვს ჩავერიო იქ რაღაც საკითხებში? მე არ ვერევი ამ საკითხებში. პირველად მესმის თქვენგან ეს საქმე.  

ანა ჩართოლანისთვის კი არა, არავისთვის არ ვარ მიუწვდომელი. თუ თვლიდა, რომ შემეძლო გამოვდგომოდი ან რაღაც ფორმით ზემოქმედება გამეკეთებინა, ძალიან კარგად მიცნობს, მესტიაშიც ძალიან ხშირად ვარ და შეეძლო, ეთქვა შუამავლების გარეშე.

- მე არავის შუამავალი არ ვარ, ჟურნალისტი კითხვებით მოგმართავთ.

- არ მოუმართავს მას ჩემთვის, არასდროს უთქვამს. პირიქით, ტყუილებს ლაპარაკობს ხოლმე. აი, მაგალითად, ტყუილი უთქვამს, რომ მე ვიყავი რამით დაინტერესებული მის მიმართ. ძაან არ მაინტერესებს ახლა, გარეგანათების სამსახურში ბუღალტერი ვინ არის. ვის დანიშნავენ ბუღალტრად თუ მოადგილედ, არ არის ეს ჩემი საქმე. რომ მომმართავს, მე რას გავაკეთებ, ეს მე ვიცი მერე.

ვფიცავარ, არ გამიგონია რატომ გაუშვეს, ან ყოფილიყო რა. ადამიანს ვერ ნახავთ, ვინმეს ცუდი გავუკეთო, გამორიცხულია. რას ჰქვია ადამიანის სამსახურიდან გაგდება და მე მივიღო მონაწილეობა? ის დღე არ გამითენოს ღმერთმა, რომ მე ვინმეს გაგდებაზე ვუთხრა, სამსახურიდან გააგდეო. რას მელაპარაკებით. ღმერთმა დამიფაროს. მე ქრისტიანი კაცი ვარ, მორწმუნე ადამიანი. მე რომ ადამიანს ცუდი გავუკეთო, გამორიცხულია. არ არსებობს, არა.

- დავუშვათ, არ იცოდით, ახლა გაიგეთ, რომ მე-8 წელია ადამიანი დავობს, ორჯერ დაავალდებულა სასამართლომ სამსახურში აღდგენა და არ ასრულებენ გადაწყვეტილებებს. რით შეგიძლიათ დახმარება?

- არ ეკადრება თვითონ მომართვა?

- სასამართლოს გადაწყვეტილებას რომ არ ასრულებს სამსახურის უფროსი და არც მერი ერევა, მაშინ, როცა წესდებით აქვს იმის უფლება, რომ სამსახურის უფროსს განმარტება მოსთხოვოს, წარმოება დაიწყოს, მის მიმართ დისციპლინური ზომები მიიღოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იგნორირებისთვის? ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ანა პირადად მოგმართავთ თუ არა?

- თუ ვინმე კანონს არღვევს, ეს ჩემთვის მიუღებელია. ჩვენს ქვეყანაში კანონი არის ძალიან ცუდად დარეგულირებული. მე არ ვთვლი, რომ ჟურნალისტიკა არის ის, რაც გინდა ის თქვი, რაც გინდა ის გაუშვი ეთერში. მე ვთვლი, რომ ჟურნალისტიკა არის ის, სიმართლეს როცა იტყვი. არც ანამ უნდა თქვას ტყუილი, არც მე და არც თქვენ.

სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თუ თქვენი უფლებებიც დაარღვიეს და იბრძვით სამართლიანობისთვის, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში