საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სვანეთში კვანჭიანებისთვის სახლის მშენებლობა ახალ წლამდე დასრულდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:21 - 10 დეკემბერი 2020 hits 21272

„კი გვითხრეს, მაგრამ ნანახი არ გვქონდა თქვენი ჭირიმე. არ მჯეროდა. ღმერთმა სიცოცხლეში სინათლე და კარგი არ მოგიშალოთ. მძიმე პირობები იყო იქ, ძალიან მძიმე. ახლა ცოცხალი ერთი ბიჭი მყავს, იმას შემოევლოს ჩემი თავი, სხვა ბიჭები მომიკვდნენ. ამას, თქვენ გამოჩნდით და ღმერთმა კიდევ აჩუქა სიცოცხლე. დღეიდან მაინც კარგად იქნება ყველაფერი“, - ზემო სვანეთში, საქონლის სადგომში მცხოვრები დედისა და შშმ შვილისთვის, „მთის ამბების“ მაყურებლების შემოწირულებებით სახლის მშენებლობა ახალ წლამდე დასრულდება, იქამდე კი კვანჭიანები დროებით, უსაფრთხოდ სხვის სახლში იცხოვრებენ.

ხაიშის თემის სოფელ ვედში მცხოვრები ელენე კვანჭიანისა და მისი შშმ შვილის მძიმე ისტორია „მთის ამბებმა“ მაისში გააშუქა. ძველი სახლი 10 წლის წინ დაენგრათ და მას შემდეგ, თავს საქონლის სადგომს აფარებდნენ. დედა-შვილი უმძიმეს პირობებში იყო - გომურში წყალი ჩადიოდა, დიდთოვლობის ან ძლიერი ქარის დროს, შესაძლოა, დანგრეულიყო.

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციამ კვანჭიანების ოჯახის დასახმარებლად კამპანია დაიწყო. „მთის ამბების“ მაყურებლების შემოწირულებით სათემო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე 45 469 ლარი შეგროვდა. შემოწირულება 2006-მა ადამიანმა განახორციელა.

სათემო ორგანიზაციის წევრები კვანჭიანებს დოკუმენტების მოძიებაში დაეხმარნენ და სახლის მშენებლობა ვედის ნაცვლად, სოფელ ხაიშში გადაწყდა, კვანჭიანების მამაპაპისეულ ადგილას. ვედი ხაიშის ცენტრიდან მაღალი გამავლობის მანქანით 40 წუთის სავალზეა, გზა დაზიანებულია და ცუდი ამინდის დროს, ხშირად წყდება გარესამყაროს.

აგვისტოში კვანჭიანების სახლის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა. მშენებლობისთვის 35 ათასი ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოები ნოემბერში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებს ინდმეწარმე ჯეირან ცინდელიანი ასრულებს.

სახლის მთლიანი ფართი 50 კვადრატული მეტრია და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შედგება ორი საძინებელი ოთახისგან, მისაღებისგან, (მოიცავს ღია სამზარეულოსაც) მცირე აივნისა და სველი წერტილისგან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ცივი და ცხელი წყლით. იატაკი და სახურავი თბოიზოლაციის ქვაბამბით შეიფუთება. სახლში თბური და კვამლის დეტექტორები დამონტაჟდება.

„გაუსაძლისი იყო იქ ცხოვრება. ამ თემაზე რამდენჯერმე მქონდა საუბარი სხვადასხვა სამსახურთან, ვისაც ეხებოდა ეს საკითხი, მაგრამ ყველამ გადადო. დაუჯერებელი იყო, რასაც ვამბობდი, რომ ამ ოჯახს ძალიან უჭირდა. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შეხვედრებზე რომ დავდიოდით, დათო ნავერიანს ვუთხარი, გთხოვ, ვედში ამ ოჯახს ძალიან უჭირს და დახმარება სჭირდება მეთქი. მომისმინა. ერთ დღესაც დამირეკა, მოვდივართო ამ ოჯახის სანახავად. ავიდნენ, ნახეს და ამ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი. გამოქვეყნდა რეპორტაჟი, დაიდო ანგარიშის ნომერი.

ვერ გეტყვით, დიდი იმედი მქონდა, რომ აქამდე მოვიდოდით, მაგრამ რეპორტაჟის შემდეგ რომ შევხედე ხალხის აქტიურობას, მართლა გამიჩნდა იმედი, რომ ეს გამოვიდოდა. მიუხედავად იმისა, დღეს რა გაჭირვებაც არის, ყველას გვიჭირს, ამათი გაჭირვება გულთან ახლოს მიიტანეს და ძალიან ცოტა დროში თანხა შეგროვდა.

ახლაც არ სჯერა ბევრს, კითხვები აქვთ, სად წავიდა ის ფული, მაგრამ აგერ არის ფაქტი, სახლი შენდება“, - ამბობს ხაიშის მკვიდრი მიმოზა ჭკადუა.

დარჩენილი 10 469 ლარით, ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია კვანჭიანების ოჯახისთვის ავეჯს, ტექნიკას, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და პერიოდულად, პროდუქტს შეიძენს. ამასთან, სათემო ორგანიზაცია ცდილობს დედა და შშმ შვილი შინმოვლის სერვისით უზრუნველყოს.

„მთის ამბების“ მაყურებლების შემოწირულებით ახალი წლისთვის თბილი და უსაფრთხო საცხოვრებელი სახლი ექნება კიდევ ერთ ხანდაზმულს, საბედა წიკლაურს ხორხის ხეობაში.

„მთის ამბები“ და ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია მადლობას გიხდით თითოეულ შემომწირველს. მაყურებლებს, რომლებმაც ვიდეომასალები გააზიარეთ და ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდეთ. განსაკუთრებული მადლობა ნდობისთვის, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში